
ნიადაგის შერჩევა. ხახვისათვის იდეალურია ნიადაგი, რომელიც გაზაფხულზე ადრე და კარგად თბება, კარგად ატარებს ჰაერსა და წყალს, აქვს ფხვიერი სტრუქტურა და მდიდარია საკვები ელემენტებით.
ნიადაგიდან მავნებელ-დაავადებათა გავრცელების რისკების პრევენციიისათვის ხახვის წარმოება აუცილებელია შროშანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი კულტურებისგან შორს.
ნიადაგის ძირითადი დამუშავება. ხახვის წარმოებისათვის განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ადგილებში ნიადაგი ძირითადად გაზაფხულზე იხვნება.
ნიადაგის თესვის/დარგვისწინა და შემდგომი დამუშავება. გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე აღსანიშნავია, რომ ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.
ხახვის შემოდგომის პერიოდში დათესვისათვის საჭიროა ნიადაგი 2-3 თვით ადრე მომზადდეს.
თესვა/რგვა. თავიანი ხახვის წარმოების რამდენიმე გავრცელებული წესი არსებობს.
ესენია:
- წარმოება მუდმივ ადგილზე თესვით.
- ხახვის მოყვანა ჩითილით.
- ხახვის დარგვა კვიჭიჭის დარგვით.
თავიანი ხახვის მოყვანა მუდმივ ადგილზე თესვით. ამ წესით პირველ წელს თესლიდან მიიღება მსხვილი სასაქონლო ბილქვები, ხილი მეორე წელს, მსხვილი ბოლქვებიდან თესლი. ხახვი შეიძლება დაითესოს შემოდგომაზე. ზამთარში და გაზაფხულზე. თესვის ვადის შერჩევა დამოკიდებულია ადგილის კლიმატურ პირობებსა და მიღებული პროდუქციის დანიშნულებაზე.
თესვა და თესვის ნორმა. დიდ ფართობებზე ხახვს ზოლებში თესავენ, ზოლში მწკრივებს შორის მანძილი 20-25 სმ – ია, ხოლო ზოლებს შორის 50 სმ. 1 ჰა – ზე თესვის ნორმაა: 6-10 კგ.
ხახვი ზუსტი სათესი მანქანით ითესება ზოლებრივად. ერთ ჰა-ზე ითესება 650-1200 ათასი თესლი. ჩათესვის სიღრმე 2-2,5 სმ-ია. მცირე ფართობებზე ხახვი მწკრივებად ითესება ხელით. ამ დროს მწკრივთა შორის დაშორება უნდა იყოს 30-45 სმ. გამოხშირვის შემდეგ მცენარეთა შორის 3-4 სმ დარჩება. ხახვი მოიყვანება კვნიწის დარგვით, ან ჩითილის გამოყვანის მეთოდით.
ხახვის აღმოცენების შემდეგ ნიადაგის ქერქისა და აღმოცენებული სარეველის მოსპობის მიზნით ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს. ეს ღონისძიება ტარდება 3-7 ჯერ ვეგეტაციის განმავლობაში.
ბოლქვების დამსხვილების პერიოდში ძირებთან ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს. ხოლო კარგი ხარისხის ბოლქვების მისაღებად კი ნათესი უნდა გამეჩხერდეს. პირველი გამეჩხერება ტარდება მცენარეების კარგად აღმოცენებისთანავე მათ შორის 5-6 სმ დატოვებით. მეორე გამეჩხერება პირველი გამეჩხერებიდან 25-30 დღის შემდეგ ტარდება და ამ დროს მცენარეებს ერთმანეთისაგან 8-10 სმის დაშორებით ტოვებენ.
ხახვის მოყვანა ჩითილით. ხახვი შესაძლებელია ჩითილის გადარგვითაც იქნას მოყვანილი. ამ შემთხვევაში საჩითილე კასეტის უჯრებში ითესება 5-6 ცალი თესლი. აღმოცენებული ჩითილების გადარგვა საჭიროა მაშინ, როცა მცენარეებს განუვითარდებათ 3-4 ფოთოლი.
ხახვის მოყვანა კვიჭიჭის დარგვით. ამ წესით ხახვის მოსაყვანად პირველ წელს ხახვის თესლი ითესება სქლად და მიიღება წვრილი ბოლქუნები (კვიჭიჭები), რომლებიც მეორე წლის გაზაფხულზე ირგვება და მათგან იღებენ მსხვილ, სასაქონლო ბოლქვებს. ამ ბოლქვების მესამე წელს დარგვით კი მიიღება თესლი.
ხახვი საკვიჭიჭედ უნდა დაითესოს გაზაფხულზე ხახვის თესვისათვის დაწესებულ ჩვეულებრივ ვადებში. თესვა ტარდება მობნევით, მწკრივებად, მრავალმწკრივიან ზოლებად. მრავალმწკრივიან ზოლებად თესვისას მწკრივებს შორის ერთმანეთს 10-12 სმ. დაშორებაა საჭირო, ხოლო ზოლის სიგანე უნდა იყოს 1 მეტრი.
თესვის დროს კვების არესა და ზოლში მწკრივების რაოდენობაზე დამოკიდებულია თესვის ნორმა, რომელიც საშუალოდ შეადგენს 50-80 კილოგრამამდე 1 ჰა-ზე. ამ ფორმით არსებულ ნათესში მცენარეები ერთმანეთს ავიწროებენ, ადრე ამთავრებენ ზრდას და მომწიფებას, ხოლო ბოლქვები კი წვრილი მიიღება. როდესაც კვიჭიჭს გარეთა მფარავი ქერქლი შეუხმება და შეუთეთრდება, ის გადადის მოსვენების ფაზაში. ამ პერიოდში საჭიროა მისი აღება.
კვიჭიჭებს იღებენ ხელით, რის შემდეგ თხელ ფენად (3-6 სმ) ყრიან დახურულ, კარგად ვენტილირებად შენობაში და აშრობენ 10-15 დღის განმავლობაში. გაშრობის შემდეგ ასუფთავებენ ფოჩისა და ფესვებისაგან და ახმობენ.
კვიჭიჭი ზამთრის განმავლობაში ინახება თბილსა და მშრალ შენობაში 15-18°C ტემპერატურაზე. ამ ფორმით შენახული კვიჭიჭი გადის იაროვიზაციის სტადიას და გადარგვის შემდეგ ჩოყდება. გაზაფხულზე კვიჭიჭები ირგვება ხაზვის კონკრეტული ჯიშის/ჰიბრიდისატვის საჭირო მანძილის დაცვით.
ჰექტარზე ბოლქუნების სიმსხოს მიხედვით, საჭიროა 400-900 კგ. სარგავი მასალა.
ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება. ხახვის ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით, საჭიროა: აზოტი 4,72კგ, ფოსფორი 2,7კგ. და კალიუმი 5,6 კგ. (სუფთა ნივთიერებები). ამგვარად, 1 ჰაზე 50 ტ. მოსავლის მისაღებად საჭირო იქნება 236,0 კგ. აზოტის, 135,0 კგ. ფოსფორის და 280,0 კგ. კალიუმის შეტანა (სუფთა ნივთიერებები). აზოტის შეტანა ხდება დამატებითი გამოკვების სახით, ვეგეტაციის მიმდინარეობის პერიოდში, ხოლო ფოსფორი და კალიუმი კი სასურველია შეტანილი იქნას შემდეგი წესით: ერთიანი რაოდენობის 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი კი დამატებითი გამოკვების სახით.
იმ შემთხვევაში თუ მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 30-მდე ტონა გადამწვარი ნაკელი იქნა შეტანილი, მაშინ მინერალური სასუქებიდან საჭიროა: აზოტი 86კგ, ფოსფორი 60კგ, კალიუმი 100 კგ. (სუფთა ნივთიერებები).
კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.
მორწყვა. ხახვს ტენით უზრუნველყოფა განსაკუთრებით სჭირდება თესლის გაღივების, აღმოცენების და ბოლქვების ფორმირების პერიოდში. მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში ხახვი საშუალოდ 10-15-ჯერ უნდა მოირწყას. თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 30-35მ3. მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე მორწყვის წვეთოვანი სისტემის გამოყენებით.
გასათვალისწინებელია, რომ ხახვის მორწყვა უნდა შეწყდეს მოსავლის აღებამდე 2-3 კვირით ადრე, როდესაც ნათესების 20-30%-ის ღეროს წვეროები მოიხრება.
მოსავლის აღება. ხახვის მოსავლის აღება იწყება მაშინ, როცა ფართობზე მთლიანად გახმება ფოთლების 30-40%. აღება ხდება მანქანებით, ან ხელით. მოსავლის აღება წარმოებს მშრალ და მზიან ამინდში. გაშრობის, ხმელი ფოჩის მოცილების და დახარისხების შემდეგ ხახვი ბადურებში იყრება და დანიშნულების ადგილზე გაიგზავნება. შესანახად განკუთვნილ ხახვის ბოლქვებს ფოჩს აჭრიან ბოლქვიდან 6-8 სმ-ის დაშორებით. ხახვი ინახება 0°С-დან 3°С-მდე ტემპერატურის და 70% ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის პირობებში.
-
დანდური – დახასიათება, მოვლა-მოყვანის აგროწესები 15.11.2018 7722 ნახვა
-
#გააგრძელეტრადიცია 08.05.2019 2120 ნახვა
-
კულმუხო - სამკურნალო მცენარე - დანიშნულება, მოვლის წესები 09.03.2020 6088 ნახვა