
ნიადაგის დამუშავება. სრულმსხმოიარე ბაღებში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე. ძირითადი სამუშაოებია: მსუბუქი შებარვა, ან აჩეჩვა, რის პარალელურადაც შეაქვთ ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები. ასევე მნიშვნელოვანია ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ - ნიადაგი სარეველებისაგან სუფთა და ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იქნას შენარჩუნებული.
ნიადაგის განოყიერება თხილის ბაღში. თხილის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით. პირველი ოთხი წლის განმავლობაში სასურველია ორგანული სასუქების შეტანა 10-15 კგ-ის ოდენობით ერთ ძირზე. ორგანული სასუქების შეტანა საჭიროა გაგრძელდეს მომდევნო წლებშიც, იცვლება მხოლოდ შესატანი ორგანული სასუქების დოზები: 4-დან 6 წლამდე ასაკის ბაღებში საჭიროა შეტანილი იქნას 15-20 კგ. ორგანული სასუქი ერთ ძირზე, ხოლო 6-დან 8წლამდე ასაკის ბაღებში კი საჭიროა 20-30 კგ. ორგანული სასუქების შეტანა ერთ ძირზე.
მინერალური სასუქებიდან კი საორიენტაციოდ, 2-3 წელიწადში ერთხელ საჭიროა თხილი ბაღში შეტანილი იქნას 120 კგ/ჰა. აზოტი, 90 კგ/ჰა. ფოსფორი და 60 კგ/ჰა. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები).
მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდებია:
- აზოტი N — აპრილი-ივნისი.
- ფოსფორი P — ნოემბერი-მარტი
- კალიუმი K — დეკემბერი-თებერვალი.
ზემოთ მოცემული დოზების დაანგარიშებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი:
I – სასუქების დოზები დაანგარიშებულია მხოლოდ მცენარის მიერ საკვები ნივთიერებების კოეფიციენტის გათვალისწინებით და შესაბამისად მოცემული ციფრები არ ასახავს და არ მოიცავს უშუალოდ კონკრეტულ ნიადაგში არსებულ საკვებ ნივთიერებათა რაოდენობებს. აქედან გამომდინარე სასუქების ზუსტი დოზების დასაანგარიშებლად აუცილებელია ნაკვეთის აგროქიმიური ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება.
II - დოზებში მოცემულია სუფთა ნივთიერებების რაოდენობები, ანუ წონები. შესაბამისად, საჭიროა სხვადასხვა სავაჭრო დასახელების აგროქიმიკატების იმ რაოდენობებით დაანგარიშება, რომ მათ შემცველობაში არსებული სუფთა ნივთიერებები რაოდენობრივი თვალსაზრისით გაუტოლდეს ზემოთ მოცემულ რიცხვებს. ანუ 60 კგ. სუფთა ნივთიერება აზოტის შესატანად საჭიროა კონკრეტული სავაჭრო დასახელების აგროქიმიკატის იმ რაოდენობით შეტანა, რაც უზრუნველყოფს ნიადაგში 60 კგ. აზოტის მოხვედრას. ეს დამოკიდებულია აგროქიმიკატში სუფთა ნივთიერება - აზოტის პროცენტულ შემცველობაზე.
სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური-ლაბორატორიული ანალიზით
სხვლა-ფორმირება. თხილის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ინტენსიური განათება და სინათლის რეჟიმის რეგულირება. იგი პირველ ყოვლისა საჭიროა პროდუქტიული ფოტოსინთეზისათვის, (რაზეც გავლენას ახდენს გეოგრაფიული რელიეფი, მცენარეთა დგომის სიხშირე-გაადგილება, ჯიშების ბიოლოგიური თავისებურება) ოპტიმალური განათება ხელს უწყობს გამონასკვას, ნასკვების შენარჩუნებას, ნორმალური და ჯანსაღი ფოთლების განვითარებას. დაკვირვებული ფერმერი ყოველთვის შენიშნავს, რომ პლანტაციის განაპირა განათებული და პლანტაციის შიგნითა ლიდერი ტოტები ყოველთვის რეგულარულად უხვმოსავლიანობითა და მსხვილი ნაყოფებით ხასიათდებიან. ყოველივე ამის გათვალისწინება აუცილებელია მცენარის ვარჯის მოვლისა და გასხვლისას, რათა არ მოხდეს ტოტების ჩახშირება, რაც ხელს უშლის თხილის ბუჩქის ნორმალურ აერაციას და განათებას.
მაღალხარისხოვანი, რეგულარული მოსავლის მისაღებად თხილის სამრეწველო ბაღში სხვლა-ფორმირების სამუშაოების ჩატარება მოიცავს სუსტი, დაკნინებული, დაავადებული და მექანიკურად დაზიანებული დედატოტების მოცილებას და ვარჯის გამოხშირვას ამასთან ერთად მათ დამუშავებას ბაღის მალამოთი, რომელიც იცავს მათ გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან (გამოშრობა, ტენი, მწერები, მიკროორგანიზმები).
თხილის ბაღებში ნარგავების ფორმირებას უკვე მესამე წლიდან იწყებენ იმ მიზნით, რომ სრულმსხმოიარობაში შესვლისას ბუჩქში შტამბების რაოდენობა, ლიდერი ტოტების სახით 8-10-ს არ აღემატებოდეს. მცენარის ვარჯის სიდიდეზე, მის პროდუქტიულობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დედატოტების რაოდენობა სერიოზულ გავლენას ახდენს.
მორწყვა. თხილი ტენისმოყვარული მცენარეა. ნაკლებად გვალვიანი სეზონის შემთხვევაში იგი მინიმუმ 5-6 ჯერ უნდა მოირწყას. ხოლო გვალვიან პერიოდში თხილი საჭიროებს მორწყვას ყოველ 15-20 დღეში. თხილის მოსარწყავად, იყენებენ როგორც ხელოვნური დაწვიმების სიტემას, ასევე ზედაპირული თვითდინების და წვეთოვანი მორწყვის სისტემებს. მორწყვის სისტემის შერჩევა უნდა მოხერხდეს, არსებულ რელიეფის და წყლის მოწოდების მიხედვით.
ტენიანობის შენარჩუნების მიზნით, მორწყვის შემდეგ საჭიროა ნიადაგის ზედაპირის გაფხვიერება და დამულჩვა. მულჩისათვის გამოიყენება როგორც ორგანული, ასევე არაორგანული მასალა. (ტორფი, ნამჯა, დაქუცმაცებული მწვანე მასა, პოლიეთილენი და სხვ.)
მოსავლის აღება და პირველადი დამუშავება. თხილს კრეფენ საბურველიდან თესლის გამოსვლამდე. აღებული მოსავალი თავსდება მშრალ შენობაში, სადაც მიმდინარეობს თხილის ფერმენტაცია. მომწიფებული თხილი ადვილად შორდება საბურველს, რის შემდეგადაც მას 2-3 დღით ტოვებენ მზეზე, ინახავენ მშრალ შენობაში ან საცავებში. თხილის ნაყოფი კარგად იტანს შორეულ ტრანსპორტირებას. თხილი არ არის მგრძნობიარე გაცივების ტემპერატურის მიმართ და ჩვეულებრივ კარგად ინახება გაყინვის ან მასზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი.
მოსავლის აღების შემდეგ მალევე საჭიროა თხილის გამოშრობა ტენიანობის 10-12%-მდე დასაყვანად, თხილის გულის ტენიანობა უნდა იყოს 6-7%, რათა თავიდან ავიცილოთ ობის წარმოქმნა. ნაჭუჭიანი და მოუხალავი თხილის გულების შენახვა შესაძლებელია 24 თვის განმავლობაში 10°C ტემპერატურამდე ხარისხის მინიმალური დანაკარგით. მოხალული თხილის გულების შენახვა შესაძლებელია მხოლოდ 6 თვით 0°C, 5°C ან 10 °C ტემპერატურაზე სანამ სიმძაღე იქნება შესამჩნევი. თუმცა, დაბალ ტემპერატურაზე შენახვა შესაძლოა ეფექტური გამოდგეს სხვა დამცავ ზომებთან ერთად, როგორიცაა ვაკუუმ-შეფუთვა, რაც მოხალული თხილის გულის ვადას 1 წლამდე ან მეტი ხნით გაზრდის.
-
ალუბლის წარმოების აგრო-ტექნოლოგიური რუქა 14.09.2019 2757 ნახვა
-
ძაღლის გაშეშება - სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები 17.01.2019 2824 ნახვა
-
ტკბილი წიწაკის წარმოების აგრო-ტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 1908 ნახვა