მწვანე ლობიო - საპარკე ლობიოს მოვლა-მოყვანის წესები
02 / 03 / 2019

ადგილი თესლბრუნვაშილობიო ვერ ეგუება ერთსა და იმავე ადგილზე განმეორებით დათესვას. ამ შემთხვევაში იგი მეტად ზიანდება მავნებლებით და დაავადებებით. 
მაღალი შედეგები მიიღება, როცა ლობიო დაითესება საშემოდგომო თავთავიანი კულტურების შემდეგ. 
საქართველოს პირობებში ლობიო შესაძლებელია წარმატებით იქნას მოყვანილი სინიდის, კარტოფილის, ჭარხლის, ბაღჩეული კულტურების შემდეგ.

ლობიო საუკეთესო წინამორბედია თავთავიანი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კუტურებისათვის.
ლობიოს შემდეგ დათესილი საშემოდგომო ხორბლის მოსავალი არ ჩამოუვარდება სუფთა ანეულებს.

ლობიოსათვის განსაზღვრული ნაკვეთის შერჩევალობიოს დათესვამდე საჭიროა ჩატარდეს ნიადაგის აგროქიმიური და ენტომოლოგიური შესწავლა. იგი საშუალებას მოგვცემს ზუსტად განვსაზღვროთ შესატანი სასუქების რაოდენობა დაგეგმილი მოსავლის მიხედვით, ხოლო ენტომოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე შესაძლებლობა გვექნება ნიადაგის მავნებლების წინააღმდეგ განხორციელდეს ზუსტი აგროტექნიკური და ბრძოლის ქიმიური ან სხვ. ღონისძიებები.

მექანიკური შედგენილობის მიხედვით ლობიოსათვის საუკეთესოა მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ყველა ტიპის და ექსპოზიციის ნიადაგი. ვერ ეგუება მძიმე პირშეკრულ, აგრეთვე ბიცობ და ძალიან მჟავე ნიადაგებს. ასევე იგი საკმაო მოსავალს იძლევა დასავლეთ საქართველოს წითელმიწა ნიადაგებზეც.

ლობიოს წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 6,5-დან 7,0-მდეა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ლობიოს წარმოებისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის ლობიოს წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის დარგვამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი pH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.

მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფომის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის მომზადება ლობიოს დასათესად. ლობიო, როგორც სათოხნი კულტურა ვერ ეგუება ნიადაგის დასარევლიანებას. ლობიოსათვის ნიადაგის მომზადება წინამორბედი კულტურების მოსავლის Aაღებისთანავე იწყება. ანარჩენებისაგან განთავისულების შემდეგ საჭიროა მოხდეს ნაწვერალის აჩეჩვა. სარეველა ბალახების აღმოცენების შემთხვევაში კი – გამოყენებული იქნას ტოტალური მოქმედების ჰერბიციდი.
ლობიოს დასათესად განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში მოიხვნება მზრალად შემოდგომაზე 25-30 სმ. სიღრმეზე წინმხვნელიანი გუთნით. დასავლეთ საქართველოში მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე.

მოხვნის წინ შეიტანება საჭირო ფოსფორ-კალიუმიანი და ორგანული სასუქები ნიადაგის ანალიზის შესაბამისად.

თესვანიადაგის თესვისწინა დამუშავება. გაზაფხულზე მოხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ჩატარდება 2 კულტივაცია ჩვეულებრივი თათებიანი ან დისკოებიანი კულტივატორებით 10-12 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. დათესვამდე სარეველა ბალახების აღმოცენების შემთხვევაში საჭიროა ტოტალური ჰერბიციდის გამოყენება.
დასათესი ნიადაგი სუფთა უნდა იყოს სარეველა ბალახებისაგან.

თესვის ვადები. თესვის ვადების დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ლობიოს სწრაფი და თანაბარზომიერი აღმონაცენის მისაღებად. იმ მოტივით, რომ ეფექტურად იქნას გამოყენებული ატმოსფერული ნალექები და ლობიო ადრეულ ვადებში დაითესოს არ მოგვცემს დადებით შედეგებს. ამ შემთხვევაში მიიღება არათანაბარზომიერი აღმონაცენი, ზოგჯერ კი – თესლი არ აღმოცენდება და ნიადაგში დალპება. აღმოცენების შემთხვევაში სიცივეების გამო აღმონაცენი ავადობს. არასაკმარისი სითბოს გამო მცენარე სტრესში ვარდება და ვერ ვითარდება, შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება მოსავალი.
ლობიო სხვა კულტურებთან შედარებით გვიან ვადებში უნდა დაითესოს, როცა ნიადაგში ჩათესვის სიღრმეზე მყარად დამყარდება 12-15 გრადუსი ტემპერატურა.

თესვის წესები, ჩათესვის სიღრმე. ლობიო ითესება მწკრივებად. მანძილი მწკრივებს შორის 60, ხოლო მცენარეებს შორის 12-15 სმ-ია. ასევე მიმართავენ ზოლებრივ თესვასაც. ზოლებს შორის 60-70 სმ, ხოლო ზოლში მწკრივებს შორის 15 სმ. კარგ შედეგებს იძლევა მწკრივებს შორის 45 სმ მანძილით დაშორება და 1 ჰა-ზე 250 ათასი (1 მ² – ზე 25 მცენარე) მცენარის განთავსება. სუფთად დათესვისას, თესლის ზომის და კვების არეს მიხედვით, საჭიროა 70-80 ან 100-120 კგ თესლი, ჩათესვის სიღრმე მძიმე ნიადაგებზე 3-4 სმ, ხოლო მსუბუქი შედგენილობის ნიადაგზე 5-6 სმ-ია. თესვა უმჯობესია პუნქტირებული სათესების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს თანაბარ აღმონაცენს. გავრცელებული წესია ლობიოს შეთესვა სიმინდთან. ამ დროს 1 ჰა-ზე საკმარისია 7-8 კგ თესლი.

თესლის ხარისხი. დასათესად განკუთვნილი სათესლე მასალა უნდა იყოს მაღალი სამურნეო ვარგისიანობის, მსხვილი, თანაბარზომიერი, შეწამლული და სერთიფიცირებული. ამ შემთხვევაში მოსავალი 15-20% იზრდება.

თესლის ხარისხის სტანდარტი

თესლის კატეგორია

სიწმინდე %

აღმოცენება %

სამეურნეო ვარგისიანობა %

პირველი

99,0

97,0

96,0

მეორე

98,0

96,0

95,0

 

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვებალობიოს ნაკვეთში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით.
საორიენტაციოდ, 1 ჰა-ზე 2 ტონა მოსავლის მისაღებად საჭიროა ნაკვეთში შეტანილი იქნას:

  • აზოტი N – 15 კგ. (სუფთა ნივთიერება).
  • ფოსფორი P – 18 კგ.(სუფთა ნივთიერება).
  • კალიუმი K – 32 კგ. (სუფთა ნივთიერება).

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

  • აზოტი N — ვეგეტაციის პერიოდში რამდენიმეჯერ შეტანა, გამოკვების სახით.
  • ფოსფორი P — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.
  • კალიუმი K — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.

მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 10 ტონა გადამწვარი ნაკელის შეტანის შემთხვევაში სხვა სასუქების შეტანა აღარ იქნება საჭირო.

ნიადაგის მოვლა ვეგეტაციის პერიოდშილობიო ვერ ეგუება ნიადაგის გამკვრივებას. თუ ნიადაგი თავსხმა წვიმების შედეგად გამკვრივდა და ქერქი წარმოიქმნა აუცილებებლია ჩატარდეს რიგთაშორისების ზედაპირული კულტივაცია ქერქის დაშლის მიზნით, რათა თესლს და ფესვთა სისტემას დაუბრკოლებლად მიეწოდოს საკმარისი ჰაერი.
ვეგეტაციის პერიოდში ნათესის შეკვრამდე საჭირო იქნება 2-3 კულტივაციის ჩატარება. პირველად კულტივაცია ჩატარდება 3-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, შემდეგ კი – 12-14 დღის ინტერვალით.

მორწყვა. ლობიო წყლისადმი ყველაზე მომთხოვნია თესლის გაღივების, აღმოცენების, ყვავილობის და მარცვლის ფორმირების ფაზებში. მისი მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში ლობიო 4-5-ჯერ უნდა მოირწყას. მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 2000-3000 კუბ.მ.
მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე დაწვიმებით, ან წვეთოვანი სისტემის გამოყენებით.

მოსავლის აღება/შენახვა. საპარკედ ლობიოს იღებენ ტექნიკურ სიმწიფეში, როცა პარკის ზრდა შეჩერდება და მარცვალი სიდიდით ხორბლისოდენა გახდება. საპარკე ლობიოს იღებენ უმთავრესად ხელით, კალათში ან ვედროში შეგროვებით.

მწვანე ლობიო ვეგეტაციის განმავლობაში იკრიფება შემოსვლის მიხედვით 10-20-ჯერ. მოკრეფის შემდეგ პარკებს ახარისხებენ ადგილობრივი მოხმარებისთვის და გადასამუშავებლად ქარხნებში. დაკრეფილი პარკები მაშინვე (დაკრეფიდან არაუგვიანეს 5-6 საათისა) დანიშნულებისამებრ, შესაბამის ტარაში ჩაწყობილი.

მსგავსი სიახლეები