
შამპინიონს, ანუ ქამა სოკოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ბოსტნეულ მცენარეთა კულტურაში. სოკოს აქვს მაღალი კვებითი ღირებულება, რადგან ბევრ ცილოვან აზოტს შეიცავს. ასევე აღსანიშნავია რომ ცილები სოკოში დაახლოებით ამდენივეა, რამდენიც ხორცში. ცილოვანი აზოტი შამპინიონის მშრალ ნივთიერებაში 20%-მდე აღწევს. ახალგაზრდა სოკოებში აზოტიანი ნივთიერებები მეტია, ვიდრე ხნიერში, თანაც ქუდში უფრო მეტია, ვიდრე ფეხში.
სოკოს იყენებენ შემწვარი ან მოხარშული სახით, მისგან ამზადებენ კონსერვებს, ინახავენ მარინადის სახით.
გავრცელებული სახეობები. ცნობილია შამპინიონის ველურად მოზარდი რამდენიმე სახეობა:
- Agaricus Silvestris – ტყის შამპინიონი.
- Agaricus Arvensis – ნარბილის შამპინიონი.
- Agaricus Pratensis – მდელოს შამპინიონი.
- Agaricus Campestris – მინდვრის შამპინიონი.
განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული მინდვრის შამპინიონი (Agaricus Campestris), რომელიც გარეული სახით დიდი რაოდენობით გვხვდება ნაკელის დასაგროველებელ ადგილებსა, ნაკელით განოყიერებულ მინდვრებზე, მდელოებსა და საძოვრებზე. სასოფლო-სამეურნეო წარმოებაშიც სწორედ ეს მინდვრის შამპინიონია გავრცელებული. მისი რამდენიმე ჯიშია ცნობილი, რომლებსაც ერთმანეთისაგან განასხვავებს ქუდის სიდიდე და შეფერილობა. მათგან ცნობილია:
თეთრი შამპინიონი – ამ ჯიშის წარმომადგენელთა ქუდის დიამეტრი 2-დან 6 სმ-მდეა. არის თეთრი ფერის, გლუვი ან ქერქლიანი. შამპინიონის ეს ჯიში ძირითადად გამოიყენება საკონსერვო წარმოებაში.
ყავისფერი შამპინიონი – ქუდი ყავისფერია, გლუვი ან ქერქლიანი. ქუდის დიამეტრი 12 სმ-მდე აღწევს. სიგრძივ გადანაჭერში სოკოს სხეული ღია-ვარდისფერია. ყავიაფერი შამპინიონი უფრო მოსავლიანია, ვიდრე თეთრი.
კრემისფერი შამპინიონი – ამ ჯიშის შამპინიონს უვითარდება კრემისფერი, ან ღია-ყვითელი დიდი ზომის ქუდები, რომელთა დიამეტრიც დახურული სახით 16 სმ-ს, ხოლო გაშლილი სახით კი 35 სმ-ს აღწევს. კრემისფერი შამპინიონის ნაყოფიანი სხეული ხანდახან გიგანტურ ზომამდე გადაიზრდება და ერთი ნაყოფის წონამ შესაძლოა 5 კგ-ს გადააჭარბოს.
კულტურის აღწერილობა-ბიოლოგიური დახასიათება. მრავლდება ვეგეტატიურად, მიცელიუმის უჯრედების დაყოფით და სპორებით. შამპინიონს ისევე, როგორც სხვა სოკოებს ქლოროფილი არა აქვს და ამიტომ სინათლეს არ საჭიროებს, ის იზრდება ლპობადი მკვდარი ორგანული ნივთიერების ხარჯზე.
შამპინიონის ძირითადი ვეგეტატიური მასა, ანუ მიცელიუმი შედგება მრავალრიცხოვანი თეთრი ძაფებისაგან, რომლების გამჯდარია ორგანულ საკვებ სუბსტრატში. ხელსაყრელ პირობებში შამპინიონი სუბტრატის ზედაპირზე წარმოქმნის სოკოს ნაყოფიერ სხეულებს – სპოროვანი გამრავლების ორგანოებს. სწრაფად ვითარდება, რა სუბტრატის ზედაპირზე ნაყოფიერი სხეული, შემდგომში ორ ნაწილად:
- ფეხი, რომელიც შეერთებულია მიცელიუმთან.
- ქუდი, ანუ ნაყოფიერი სხეულის ზედა ნაწილი, რომელიც სპორებს იძლევა.
ქუდი და ფეხი შედგება მიცელიუმის ცალკეული ძაფებისაგან. ქუდის ქვედა მხარეზე რადიალურად განწყობილი ფიტფიტებია, სადაც ვითარდებიან ცალკეული ვეგეტატიური ნაწილები – სპორები. ერთი ქუდი იძლევა რამდენიმე მილიარდ სპორას. საჭმელად გამოიყენება შამპინიონის ნაყოფიერი ახალგაზრდა სხეული სპორების მომწიფებამდე.
ნაყოფიერი სხეულის ჩასახვიდან სპორების წარმოქმნამდე, ზრდა-განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებში 7-10 დღეა საჭირო.
დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. ნაყოფიერების პერიოდში ჰაერის ოპტიმალურ ტემპერატურად შამპინიონისათვის ითვლება 13±2°C. განვითარების იგივე პერიოდში (ნაყოფიერების) გრუნტის ოპტიმალური ტემპერატურა არის 16±2°C. მიცელიუმი არ იღუპება თუ მოკლე დროის განმავლობაში ტემპერატურა 21°C-მდე გაიზრდება. ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის ოპტიმალური მაჩვენებელი შამპინიონის განვითარებისათვის არის 80-85%. უფრო მაღალ ტენიანობაზე სოკო იწყებს ლპობას. ამ მხრივ აღსანიშნავია რომ ოპტიმალური ტენიანობის არსებობის პირობებში იზრდება სოკოს ყინვებისადმი გამძლეობა.
დახშულ ჰაერზე შამპინიონი ცუდად იზრდება. ამიტომ საჭიროა შამპინიონისათვის განსაზღვრული სათბურების სისტემატური განიავება. სინათლეს არ საჭიროებს, თუმცა არსანიშნავია რომ სინათლე არ ახდენს მავნე გავლენას სოკოს ზრდა-განვითარებაზე.
მოვლა-მოყვანა და გამრავლება. შამპინიონი საპროფიტია, იგი იზრდება მკვდარ და ლპობად ორგანულ სუბსტრატებზე, აერობულ (ჟანგბადის არსებობის) პირობებში. საკვებ სუბსტრატად სოკოს გაზრდისათვის იყენებენ ნახევრად გადამწვარ ნაკელს. იგი მოჰყავთ როგორც ღია გრუნტში, ასევე სპეციალურ სათბურებში, შენობის სარდაფებში, კვალსათბურებსა და ყუთებში.
შამპინიონის წარმოებისათვის განსაზღვრულ სათბურებს სპეციალურად სინათლე-გაუმტარი სახურავით ხურავენ, რადგან ნათელ შენობებში ადგილი აქვს ტემპერატურის დიდ მერყეობას. გარდა ამისა ბნელ და კარგად დაცულ შენობებში სითბოს ხარჯი 5-10 ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ნათელ შენობებში. საჭირო ტემპერატურული რეჟიმი შამპინიონის სათბურში იქმნება შემთბარი ნაკელით, რომელიც ამავე დროს საკვების წყაროს წარმოადგენს სოკოსათვის.
ნაკელის მომზადების და სოკოსთვის განკუთვნილი სათბურის დატენვის წესი. ნაკელს და ნაგავს წინასწარ აგროვებენ და ასაწყობებენ შტაბელებად, დატკეპნილ მდგომარეობაში. ნაკელის სათბურში შეტანამდე საჭიროა მისი შეხურება. ნაკელის შესახურებლად მას ჩეჩავენ და აწყობენ შესაბამის გროვებად რათა დაიწყოს დუღილის პროცესი. საბოლოოდ, დუღილის პროცესს თან სდევს თვითსტერილიზაცია, რადგან როგორც ცნობილია 45°C-ზე მთელი სოკოვანი ფლორა იღუპება. სოკოვანი ფლორისაგან სტერილური სუბსტრატი კი საუკეთესო საკვები გარემოა სოკო შამპინიონისათვის.
შამპინიონის მოსაყვანად საუკეთესო საკვები სუბსტრატია ცხენის ახალი ნაკელი, შერეული მცირე რაოდენობის ნამჯასთან.
სათბურის დატენვისათვის იყენებენ ნაკელს, რომელიც ბოლომდე გადამწვარი არ არის და შესაბამისად აქვს სიმხურვალის გამოყოფის რესურსი. არ შეიძლება ისეთი ნაკელის გამოყენება, რომელიც სრულად გადამწვარია და ნეშომპალად არის ქცეული.
საშამპინიონე სათბურების დატენვის ვადად აგვისტოს თვე ითვლება. დატენვამდე საჭიროა სათბურის დეზინცექცია და აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების განხორციელება. გრუნტის მოწყობამდე ნაკელს სამჯერ გადანიჩბავენ, ამასთანავე ყველა ფენას ერთმანეთში კარგად გადაურევენ და თუ საჭიროა წუნწუხით მორწყავენ თანაბრად, ისე, რომ ტენიანობა 60-65%-ს არ აღემატებოდეს. გრუნტის გაწყობისას რეკომენდებულია რომ ნაკელს დაემატოს სულფატამონიუმი 2 კილოგრამის ოდენობით ყოველ 1 ტონაზე.
სათბურის დატენვა შემდეგი წესით ხორციელდება: ნაკელი მიაქვთ გამზადებულ სათბურში, 40-50 სმ-ის სისქეზე ყრიან თაროებზე და ტკეპნიან, მანამ, სანამ ფენა 25-30 სმ-მდე არ შემცირდება.
გრუნტის გაწყობიდან 3-5 დღის შემდეგ, როდესაც გრუნტის ტემპერატურა 45-60°C-მდე მოიმატებს, აწარმოებენ მეორედ დატკეპნას, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ მესამედ ტკეპნიან.
სოკოს დარგვა-გამრავლება. გრუნტში მიცელიუმების დარგვას გრუნტის მომზადებიდან 20-30 დღის შემდეგ აწარმოებენ, როდესაც ნაკელის ტემპერატურა 20-25°C-მდე, ხოლო ტენიანობა კი 50%-მდე დაიწევს. ყველაზე უფრო მოსავლიანი სპორის სტერილური მიცელიუმია, რომელიც მინის ქილებში, ან ბრიკეტების სახით შეიძლება იყოს. ეს მიცელიუმი შესაძლებელია წინასწარვე გამრავლდეს საშამპინიონე გრუნტში მიწის საფარის გარეშე. სპორის მიცელიუმის უქონლობის შემთხვევაში შესაძლებელია გარეულად მოზარდი ხარისხიანი მიცელიუმის გამოყენება, რომელთაც ძველ სანეხვეზე ან კვალსათბურების ნაკვეთებზე პოულობენ.
თუ გასამრავლებელი მიცელიუმი ცოტაა, და დასარგავად არ არის საკმარისი, ამ შემთხვევაში საჭიროა მისი გამრავლება. ამისათვის საშამპინიონე სათბურში მიცელიუმის დარგვამდე 75-80 დღით ადრე ახალ ნაკელს აკომპოსტებენ და როდესაც ნაკელი გახრწნის მეორე სტადიას მიაღწევს, აფენენ მას მიწაზე საგების სახით, 40 სმ სიმაღლით და ტკეპნიან ისე, რომ ფენის სისქე 20-25 სმ-მდე შემცირდეს. თანაბარი ტენიანობისა და ტემპერატურის შენარჩუნების მიზნით ნაკელის ზედაპირზე აკეთებენ პატარა ფარდულებს. ასეთ ფარდულებში რგავენ მიცელიუმს ჭადრაკულად: 40-50 გრამი მასის მქონე ნაჭრებს ერთმანეთისაგან 30-35 სმ-ის დაცილებით. დარგვიდან 50-60 დღის შემდეგ მიცელიუმი კარგად ვითარდება – მისი ძაფები ვრცელდებიან ნაკელის გრუნტის ფენაში. იმისათვის რომ მიცელიუმმა ნაყოფი არ განივითაროს, მას მიწას აყრიან. მზა მიცელიუმს იღებენ ხელით, აწყობენ კალათებში და აშრობენ გრილ, დაჩრდილულ და კარგად ვენტილირებად შენობაში. გამშრალ მიცელიუმს “ჭაღარა” ნაკელის შეხედულება აქვს, რომელიც დაქსელილია წვრილი ძაფებით.
ერთი კგ. მიცელიუმი 2 კვადრატულ მეტრზე დარგვის შემთხვევაში დაახლოებით 200 კგ სარგავ მასალას იძლევა.
სოკოს მისაღებად ზემოთ აღნიშნული სახით მომზადებული მიცელიუმი ჭადრაკულად ირგვება გრუნტში გამზადებულ ორმოებში ნაჭრებად, 4-7 სმ-ის სიღრმეზე, ერთმანეთისაგან 30-40 სნ-ის დაცილებით, სტერილური მიცელიუმის ნაჭრები 3-4 სმ. სიდიდის უნდა იყოს, ხოლო გარეულად მოზარდისა კი 6-7 სმ. ორმოში ჩადებულ მიცელიუმის ნაჭრებს ზემოდან აყრიან იმავე ტენიან ნეხვს, რომელიც ორმოს გაკეთების დროს ამოიღეს.
მიცელიუმის დარგვის შემდეგ შენობას ანიავებენ. ამ დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა, რათა გრუნტი ზედმეტად არ გაცივდეს. დარგვიდან 20-25 დღის შემდეგ როცა მიცელიუმი დარგული ნაჭრების გარშემო გადაიზრდება, ნაკელზე ნეშომპალით მდიდარ 3-5 სმ. სისქის მიწას აყრიან, რომელიც მუდან ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ არა სველი. შემდგომ პერიოდში საჭიროა ტემპერატურის რეგულაცია ისე, რომ 12-13°C-ის ფარგლებში იყოს, ხოლო ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა კი 85-90%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
სოკოს ნაყოფიერება მიწის დაყრიდან 20-40 დღის შემდეგ იწყება. მიცელიუმი გამოიზრდება დაყრილი მიწის ფენაში და ივითარებს ნაყოფიან სხეულებს. სოკოს აღება ყოველდღიურად წარმოებს და 3-დან 7 თვემდე გრძელდება. აღებისას იღებენ უფრო დიდ, მაგრამ გაუშლელ სოკოებს, ამასთანავე სოკოს კი არ თხრიან, არამედ ამტვრევენ და იმ ადგილს სადაც სოკო იქნა აღებული, აუცილებლად ახალ სველ მიწას აყრიან.
მოსავლიანობა. ერთ კვადრატულ მეტრზე შესაძლებელია 3-დან 5 კგ-მდე მოსავლის აღება.
შენახვა. შამპინიონის სოკო კარგად 1-312-13°C-ის პირობებში ინახება 5-7 დღის განმავლობაში.
-
მარწყვი - ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება 17.01.2019 2947 ნახვა
-
მარწყვის წარმოების აგროტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 3612 ნახვა
-
წიწაკის ალტერნარიოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები 18.01.2019 2394 ნახვა