პომიდორის ხე - დახასიათება, გამოზრდის და მოვლის წესები
01 / 04 / 2019

ზოგადი ინფორმაცია. პომიდორის ხეს ხშირად უწოდებენ ჩვეულებრივი პომიდორის ინდეტერმინანტულ (ზრდაშეუზღუდავ) ჯიშებს ან ჰიბრიდებს, რაც არასწორია, რადგან ნამდვილი პომიდორის ხე, ანუ ციფომანდრა სრულიად სხვა სახეობის მცენარეა. თუმცა იგი ისევე როგორც ჩვეულებრივი პომიდორი, მიეკუთვნება ძაღლყურძენასებრთა ბოტანიკურ ოჯახს.  

პომიდორის ხის სამშობლოდ ითვლება ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები. ველურად მზარდი პომიდორის ხეები გავრცელებულია პერუში, ჩილეში, ბრაზილიასა და ეკვადორში. იგი იწარმოება როგორც სასოფლო-სამეურნეო ან დეკორატიული კულტურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელით იცნობენ ყველაზე მეტად გავრცელებული დასახელებებია პომიდორის ხე, ტამარილო და ციფომანდრა.

საქართველოში პომიდორის ხის გამოზრდა შესაძლებელია დეკორატიული ან სამეურნეო მიზნებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მცენარის გამოზამთრება მოხდება დახურულ გრუნტში - სათბურებში ან საცხოვრებელ სახლებში.

პომიდორის ხის ნაყოფს აქვს ოდნავ მომჟავო სასიამოვნო გემო რომელიც ჰგავს ჩვეულებრივი პომიდორის გემოს. მისი მოხმარება შესაძლებელია როგორც ნედლი სახით (სალათების და სხვადასხვა კერძების დასამზადებლად), ასევე გადამუშავებისათვის. მისგან მზადდება სხვადასხვა სახის კერძები. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ არატკბილი კერძებისათვის გამოიყენება იისფერი ან წითელი ნაყოფები, ხოლო ტკბილი (სადესერტო) კერძებისთვის კი იისფერი ან ნარინჯისფერი ნაყოფები.

საკვებად გამოყენების წინ პომიდორის ხის ნაყოფებს ცოტა ხნით ათავსებენ ადუღებულ წყალში და შემდეგ აცლიან კანს, შემდეგ ჭრიან შუაზე და აცლიან თესლებს. რის შემდეგაც რბილობის გამოყენება შესაძლებელია ნედლი სახით საკვებად ან გადამუშავებისათვის. მაგალითად, რბილობისათვის მცირე რაოდენობის შაქრის დამატების და ოდნავ გაციების შემდეგ მიიღება ნაყინის მსგავსი კონცენტრატი. ასევე შესაძლებელია ნაყოფების რბილობის შერევა მდნარ ყველთან.

ბოტანიკური აღწერილობა. პომიდორის ხე მრავალწლიანი და მარადმწვანე მცენარეა. იგი მცირე ზომის ხე ან ბუჩქია. ცოცხლობს საშუალოდ 15 წელიწადს. მცენარის სიმაღლე 1-დან 3 მეტრამდეა.

ფოთოლი დიდი ზომისაა. აქვს ოვალური ფორმა და პრიალა ზედაპირი.

ყვავილედი შედგება 5 ყვავილისაგან. მის ყვავილს ახასიათებს ვარდისფერი შეფერილობა და მოყვითალო ფერის ცენტრი.

ნაყოფი ოვალური ფორმის კენკრაა. იგი შეკრებილია მტევნებად და თითოეული მტევანი შეიცავს 5-7 ცალ ნაყოფს. ძირითადად ნაყოფის სიგრძე 2-დან 8 სმ-მდეა.  მწიფე ნაყოფის კანი ჯიშების მიხედვით შესაძლებელია იყოს ყვითელი, მოყვითალო-ნარინჯისფერი ან წითელი. ასევე გვხვდება იისფერი შეფერილობის ნაყოფებიც.

პომიდორის ხის ნაყოფის კანი სქელია და ახასიათებს მომწარო გემო. ნაყოფის რბილობი კი შეიძლება იყოს ვარდისფერი, ოქროსფერი ან კრემისფერი.

ნაყოფმსხმოიარობს დეკემბრიდან აპრილამდე.

გავრცელებული სახეობები. არსებობს პომიდორის ხის სხვადასხვა ჯიში და ჰიბრიდი. ძირითადად გავრცელებულია შემდეგი ჯიშები:

  • როტამერი - იდეალურის სახლის პირობებში გამოსაზრდელად, იზრდება ძლიერი ხე, ლამაზი კრონით. ღია-წითელი ნაყოფები.
  • რუბი რედი - გამოირჩევა ნაყოფის კარგი გემური თვისებებით.
  • ინკა გოლდი - მწიფე ნაყოფს ახასიათებს გარგარის არომატი, მისი რბილობის შაქართან შერევის შემთხვევაში მზადდება გემრიელი ნაყინი.
  • სოლიდ გოლდი - აქვს მომჟავო გემოს მქონე ლამაზი ფორმის ოქროსფერი ნაყოფები.

გამრავლების აგროწესები. პომიდორის ხის გამრავლება შესაძლებელია როგორც თესლით, ასევე ვეგეტატიურად - ყლორტების დაფესვიანებით.

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოში შესაძლებელია პომიდორის ხის გამოზრდა სახლის პირობებში, დიდი ზომის ქოთნებში, ან სათბურებში. იგი საჭიროებს თითქმის ისეთივე მოვლას, როგორსაც ძაღლყურძენასებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი სხვა კულტურები (ბადრიჯანი, წიწაკა, პომიდორი).

პომიდორის ხის ქოთანში გამოზრდის შემთხვევაში გრუნტი შესაძლებელია დამზადდეს სხვადასხვა წესით. მაგალითად, ბაღიდან აღებული მიწის, ზედაპირული ტორფის და მდინარის ქვიშის ნაზავით.

ქოთნის ძირზე დრენაჟისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას კერამზიტი (კერამზიტი არის ხელოვნური გზით შექმნილი დრენაჟი რომელიც მიიღება ორგანული დანამატების და თიხის ნარევის გამოწვით).

პომიდორის ხის თესლის თესვამდე საჭიროა სათესლე მასალის დალბობა. ეს პროცესი შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი სახით: თესლს ათავსებენ წმინდა წყალში, უჟანგავ (ემალირებულ) ჭურჭელში ან რბილ ტარაში. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 16-25 ⁰C. დალბობის პროცესი გრძელდება 25-დან 40 საათამდე. ამ ფორმით გაღივებული თესლი ითესება მცირე ზომის (დაახლოებით 0,4-0,5 ლ. ტევადობის) ქოთნებში. თესვის წინ საჭიროა ქოთანში არსებული სუბსტრატის კარგად მორწყვა.  ითესება 1,0-1,5 სმ სიღრმეზე.  დათესვის შემდეგ ქოთნები უნდა მოთავსდეს  განათებულ ადგილას, 24-25°C ტემპერატურაზე.

აღმოცენება დაიწყება 5-6 დღეში. აღმოცენებიდან შემდეგ პირველი 7-8 კვირის განმავლობაში მცენარეები იზრდებიან ნელა. ამ დროს მათ სჭირდებათ ზომიერი რწყვა, კარგი განათება და ტემპერატურის შენარჩუნება 24-25°C-ის ფარგლებში.

ჩითილების გამოკვება კომპლექსური მინერალური სასუქების ნაზავით შესაძლებელია დაწყებული იქნას აღმოცენებიდან ერთი თვის შემდეგ. ხოლო სამი თვის ასაკში უკვე შესაძლებელია ჩითილების გადარგვა მუდმივ ადგილზე, დიდი ზომის ქოთნებში. ამ დროს გასათვალისწინებელია, რომ მცენარის გამოსაზრდელი ქოთნის სიგანე მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს მისივე სიმაღლეს (სიღრმეს), რადგან პომიდორის ხის ფესვები ვითარდება ჰორიზონტალურად და არა ვერტიკალურად.  

გადარგვამდე სასურველია თუ ჩატარდება ჩითილების წამლობა პრევიკურ-ენერჯის ან პროპაკურ ნ-ის სამუშაო ხსნარებით. ასევე მავნებელი მწერების წინააღმდეგ შესაძლებელია კონფიდორ-მაქსის, დეცის-პროფის, აქტელიკის და სხვა ინსექტიციდების გამოყენება.  

გადარგვის შემდგომ პერიოდში პომიდორის ხე საჭიროებს განათებულ ადგილს, ამავე დროს სასურველია თუ იგი დაცული იქნება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან.

საქართველოს პირობებში ზამთრის განმავლობაში შესაძლებელია დასჭირდეს დამატებითი განათება.

პირველი ერთი წლის განმავლობაში მცენარე სიმაღლეში აღწევს 0,8-1,0 მეტრამდე.

გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე პერიოდში შესაძლებელია ქოთნების გარეთ, განათებულ ადგილებზე გატანა. ამ დროს აუცილებელია ქოთნების უქარო ადგილებში მოთავსება, ან შედარებით ქარიან ადგილზე გატანის შემთხვევაში საჭიროა მცენარეს გაუკეთდეს საყრდენი, რათა დაცული იქნას მცენარის ყლორტები დამტვრევისაგან.

შემოდგომის ბოლოს აუცილებელია ქოთნების შენობაში დაბრუნება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მცენარეს შეუძლია გაუძლოს -2°C-მდე წაყინვებს, სიცივეში მისი ფოთლები მაინც იყინება და ფუჭდება.

მორწყვა. პომიდორის ხის მორწყვა უნდა წარმოებდეს რეგულარულად და ნორმირებულად - დაუშვებელია ქოთნის ზედაპირის დატბორვა.

განოყიერება. მცენარის გამოკვება მინერალური სასუქების ნაზავით უნდა ჩატარდეს ყოველ ორ კვირაში ერთხელ.

ფორმირება და მოსავლის აღება. იმ შემთხვევაში, თუ მცენარე პირველივე წელს აყვავილდება, საჭიროა ყვავილების მოცილება რათა არ შეიზღუდოს ზრდის პროცესი.  

პომიდორის ხის ნაყოფები ერთდროულად არ მწიფდება, ამიტომ კრეფა წარმოებს ნაყოფების სიმწიფის მიხედვით.

ნაყოფმსხმოიარობის დასრულების შემდეგ აუცილებელია ყველა იმ საყვავილე ყლორტის მოცილება (გასხვლა), რომელთაც ესხათ ნაყოფი  - ამით მოხდება შემდგომი ნაყოფმსხმოიარობის სტიმულირება.

მას შემდეგ, რაც ყველა ნაყოფი მოიკრიფება, საჭიროა 2-3 თვიანი მოსვენების პერიოდის უზრუნველყოფა მცენარისათვის. ამ მიზნით მინიმუმამდე უნდა შემცირდეს მცენარის მორწყვა და საერთოდ შეწყდეს მისი გამოკვება. ხოლო ტემპერატურა კი მოსვენების პერიოდში უნდა შენარჩუნებული იქნას 16-18°C-ის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები