გრავიოლა (შაქრის ვაშლი, ანონა) - სახლის პირობებში მოვლის წესები
04 / 04 / 2019

ბოტანიკური აღწერილობა და გავრცელებული სახეობები. გრავიოლა ანონისებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი ფოთოლმცვენი ხე-მცენარეა.

შაქრის ვაშლის გარდა გრავიოლას უწოდებენ „ხარისგულას“, „არაჟნის ვაშლს“, „თხევად პურს“ და „ბუდას თავს“.

ბუნებრივ პირობებში მზარდი მცენარის სიმაღლე საშუალოდ 3-6 მეტრია, ხოლო სახლში გამოზრდის შემთხვევაში კი იზრდება დაახლოებით 2 მეტრამდე.

ყვავილი ყვითელი ფერისაა და ახასიათებს სასიამოვნო არომატი. ყვავილები შეკრებილია ყვავილედებად, თითოეულ ყვავილებში 2-4 ყვავილია.

ფოთოლი წაგრძელებული ფორმისაა: 5-დან 15 სმ-მდე სიგრძის და 2-5 სმ სიგანის. ყვავილის მსგავსად, მასაც ახასიათებს მძაფრი არომატი.

ნაყოფი ეკლიანი ან დახუჭუჭებულია, ასიმეტრიული ფორმის. მისი სიგრძე 10-დან 30 სმ-მდეა და იწონის 1-3 კგ-ს. მის შიგთავს შეადგენს თეთრი ფერის კრემისებრი კონსისტენციის რბილობი და შავი ფერის თესლი, რომელიც ძალიან წააგავს ლობიოს მარცლებს.

თითოეული ნაყოფი შეიცავს 20-38 ცალ თესლს. ანონას თესლი სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 3-4 წლის განმავლობაში. ასევე, არსებობს ანონას უთესლო ჯიშებიც.

რბილობი ტკბილია და მისი გემო ერთდროულად ანანასის და მარწყვის გემოს მსგავსია.

ნაყოფმსხმოიარობას იწყებს 3-4 წლის ასაკში, დამწიფების პერიოდი დამოკიდებულია კონკრეტულ სახეობაზე.

გავრცელებული სახეობები. მცენარის სხვადასხვა სახეობები ფართოდ არის გავრცელებული აფრიკაში, ვიეტნამში, ტაილანდში, ფილიპინებსა და ამერიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში.

გრავიოლას გვარი მთლიანობაში აერთიანებს 160 სახეობას, მაგრამ მისი ძირითადი წარმომადგენლებია:

  • ანონა ჩერიმორია (Annona cherimola Mill) - მცირე ზომის ხე-მცენარე. მისი სამშობლოა ეკვადორი. აქვს სქელი კანით დაფარული ყავისფერი ნაყოფები და თითოეული ნაყოფის წონა 3 კგ-მდეა. თესლი შავი ფერისაა. რბილობი  - ტკბილი და არომატული.
  • ეკლიანი ანონა (Annona muricata L.). - ჩერიმორიასთან შედარებით აქვს მცირე ზომის ღერო და უფრო დიდი ნაყოფები - მათი წონა საშუალოდ 7 კგ-მდეა. რბილობი ბოჭკოვანი შემადგენლობისაა.
  • ბადისებრი ანონა (Annona reticulata L.). - მაღალმზარდი მცენარეა - იზრდება საშუალოდ 10 მეტრამდე. აქვს მცირე ზომის ნაყოფები, რომელტა დიამეტრი საშუალოდ 15 სმ-მდეა. მათი გამოყენება მიზანშეწონილია სადესერტო კერძების მოსამზადებლად.
  • ქერცლიანი ანონა (Annona squamosa L) - უმთავრესად სახლის პირობებში ანონას ამ სახეობას ამრავლებენ. იგი 3-6 მეტრამდე სიმაღლის მცირე ზომის ხეა. ნაყოფი მცირე ზომისაა მომწვანო-ნაცრისფერი შეფერილობის და ახასიათებს დარიჩინის მსგავსი არომატი.
  • მეწამული ანონა (Annona purpurea). - მისი სამშობლოა მექსიკა. აქვს ნარინჯისფერი შიგთავსის მქონე საშუალო ზომის ნაყოფები. შიგთავსი ტექსტურით ხურმის მსგავსია ხოლო გემოთი კი წააგავს მანგოს გემოს.

აღსანიშნავია, რომ ანონას ყველა სახეობა არ იწარმოება ხილის მიღების მიზნით - მისი ზოგიერთი სახეობის ნაყოფებს იყენებენ ტრადიციულ-ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა სახის დაავადებების საწინააღმდეგო წამლების დასამზადებლად.

აღსანიშნავია, რომ ანონას ნაყოფს აქტიურად იყენებენ ფარმაკოლოგიაში სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების დასამზადებლად.

ქიმიური შემადგენლობა, კვებითი ღირებულება და სასარგებლო თვისებები. ნაყოფი ნაკლებკალორიულია, იგი შეიცავს მხოლოდ 75 კილოკალორიას და ახასიათებს ძალიან კარგი კვებითი ღირებულება, რადგან ნაყოფი არ შეიცავს ქოლესტერინს და მის შემადგენლობაში შედის ადამიანის ორგანიზმისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი სასარგებლო და ნივთიერებები - ვიტამინები და მინერალები:

  • ცხიმები;
  • ნახშირწყლები;
  • უჯრედანა;
  • ფოლიუმის მჟავა;
  • ნიკოტინის მჟავა;
  • ვიტამინი B5;
  • პირიდოქსინი;
  • B2 (რიბოფლავინი);
  • B1 ვიტამინი თიამინი;
  • C ვიტამინი;
  • E ვიტამინი;
  • ნატრიუმი;
  • კალიუმი;
  • კალციუმი;
  • სპილენძი;
  • რკინა;
  • მაგნიუმი;
  • მანგანუმი;
  • ფოსფორი;
  • თუთია;
  • ბეტა-კაროტინი.

ასეთი მდიდარი ქიმიური შემადგენლობის წყალობით ანონა გამოიყენება როგორც იმუნიტეტის ასამაღლებელი, ანტიოქსიდანტი. ასევე იგი იცავს და აძლიერებს გულსისხლძარღვთა სისტემას, აუმჯობესებს არტერიულ წნევას, გამოიყენება ინსულტის და ინფარქტის პროფილაქტიკისათვის, აქვს კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება - ხილის შემადგენლობაში არსებული ანტიოქსიდანტები ანეიტრალებს კიბოს უჯრედების ჩამოყალიბების და განვითარების სტიმულატორ რადიკალებს.

ნაყოფში კალციუმის მაღალი შემცველობა უზრუნველყოფს ძვლოვან-კუნთოვანი სისტემის გაძლიერებას.

ანონას ერთი ნაყოფი შეიცავს უჯრედანას 24 საათის ნორმას, რაც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდას ტოქსინებისაგან. ნაყოფის საკვებად გამოყენება ასევე დადებითად აისახება კანის მდგომარეობაზე და აფერხებს გაჭაღარავების პროცესს.

სახლის პირობებში გამოზრდის წესები. ანონას გამოზრდა სახლის პირობებში მარტივად შესაძლებელია, რადგან მცენარე არ საჭიროებს დიდი ზომის ქოთანს შედარებით სწრაფად იძლევა ნაყოფებს.

გამრავლება უმთავრესად წარმოებს თესლით, თუმცა ზოგიერ შემთხვევაში შესაძლებელია კალმების დაფესვიანებითაც. თუმცა ეს მეთოდი იშვიათად გამოიყენება და ანონას ძირითადად ამრავლებენ თესლის თესვის საშუალებით.

თესვა წარმოებს ადრე გაზაფხულზე. სათესლე მასალას იღებენ მხოლოდ მწიფე ნაყოფებიდან და თესავენ ქოთნებში საშუალოდ 5 სმ-ის სიღრმეზე. დათესვის შემდეგ საჭიროა ნიადაგის ტენიან მდგომარეობაში შენარჩუნება, რისთვისაც ქოთნის ზედაპირზე აფენენ სველ ნამჯას და ზემოდან ქოთნის ზედაპირს ფუთავენ გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკით.

3-4 კვირის შემდეგ, როცა დაიწყება აღმოცენების პროცესი, საჭიროა პოლიეთილენის პარკის მოცილება.

აღსანიშნავია, რომ აღმოცენების პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს თესლის დალბობა 3 დღე-ღამის განმავლობაში.

აღმონაცენების გადარგვას აწარმოებენ მას შემდეგ, რაც მათი სიგრძე მიაღწევს 20-25 სმ-ს. ამ დროს მცენარეები უნდა გადაირგოს ქოთნებში, რომელთა მოცულობა მინიმუმ 5 ლიტრია. ამ ფორმით გამრავლებული მცენარე, კარგი მოვლის პირობებში ნაყოფმსხმოიარობას იწყებს 3 წლის შემდეგ.

სუბსტრატის შერჩევა და განოყიერება. სუბსტრატის ოპტიმალური შემადგენლობა არის: ტორფი, თიხა და ქვიშა 2:2:1 შეფარდებით.

ვეგეტაციის განმავლობაში კარგ შედეგს იძლევა მცენარის ორგანული სასუქებით გამოკვება ყოველ ორ კვირაში ერთხელ.

ოპტიმალური კლიმატი. ანონას ზრდა განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 25-30°C. მოზრდილი მცენარეები სასურველია  მოთავსებული იქნას განათებულ, მზიან ადგილებში. ზაფხულის განმავლობაში კი შესაძლებელია მცენარეების გარეთ გატანა.

მორწყვა. ქოთანში ნიადაგი მუდმივად ტენიან მდგომარეობაში უნდა იქნას შენარჩუნებული. თუმცა ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ მცენარეს არ უყვარს ზედმეტი რწყვა. ამიტომ განსაკუთრებით მოსვენების პერიოდში მორწყვა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. წყლის ნაკლებობის მანიშნებელი სიმპტომია ფოთლების ძირს დაშვება. ამ დროს აუცილებელია მორწყვა.  

ნაყოფის ფორმირება. ანონას ყვავილები ბოლომდე არასოდეს არ იშლება. ამიტომ სახლის პირობებში ნაყოფის მისაღებად საჭიროა მცენარის ხელოვნური დამტვერვა. ეს პროცესი ხორციელდება შემდეგი სახით: დილის საათებში პაკეტებში აგროვებენ ყვავილების მტვერს მცენარეებიდან, საღამომდე ინახავენ მას ინახავენ მაცივარში, ხოლო საღამოს კი მტვერავენ მცენარის ბუტკოებს.  

დამატებითი ინფორმაცია:

მწიფე ნაყოფის შერჩევის წესი - ანონას მწიფე ნაყოფს ახასიათებს შემდეგი ნიშნები: დიამეტრი არანაკლებ 10 სმ-ისა, მომწვანო-ნაცრისფერი ან ოდნავ ყავისფერი შეფერილობა და სუნი, რომელიც საკმაოდ დიდ მანძილზე იგრძნობა. მწიფე ნაყოფის თესლები გლუვია, მბრწყინავი, ხოლო შიგთავსი კი კრემისებრი კონსისტენციის. ასევე მწიფე ნაყოფის კანი რბილია, რაც ხელის დაჭერით ადვილად იგრძნობა.

ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას ანონას ნაყოფი 1-2 დღე-ღამეში ფუჭდება. მაცივარში დაახლოებით 6 დღე-ღამე ძლებს.

მალფუჭებადობის და ნაკლები შენახვისუნარიანობის გამო იგი ნაკლებადაა გავრცელებული მსოფლიოს ისეთი ქვეყნების ბაზრებზე, სადაც უშუალოდ ადგილზე არ ხდება მისი წარმოება.

გასათვალისწინებელი ფაქტორი: ანონას თესლი შხამიანია, ამიტომ მისი საკვებში მოხვედრა დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია ანონას წვენის მოხვედრა თვალის ლორწოვან გარსში - ამან შესაძლებელია გამოიწვიოს სიბრმავე.

გამოყენების სფერო - კვების ინდუსტრიაში ანონას რბილობის საკვებად გამოყენება შესაძლებელია როგორც ნედლი სახით, მისგან ამზადებენ ნაყინს ასევე მას იყენებენ ინგრედიენტად სხვადასხვა სახის სადესერტო კერძების მოსამზადებლად.

უკუჩვენებები - არ შეიძლება ანონას საკვებად გამოყენება ფეხმძიმობის პერიოდში - ისტორიულად ამ მცენარისაგან მზადდებოდა აბორტის გამომწვევი წამლები. ასევე არ არის სასურველი მისი საკვებად მოხმარება იმ ადამიანებისათვის, ვისაც აწუხებს ეროზიული გასტრიტი, კუჭის წყლული. ანონა ძალიან შეზღუდული რაოდენობით და მცირე დოზებით შეიძლება საკვებად გამოიყენონ მათ, ვისაც აქვს პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) ან შაქრიანი დიაბეტი.

მსგავსი სიახლეები