
ბოტანიკური აღწერილობა. ბამბუკი მარადმწვანე, ხისმაგვარი ბუჩქი ან ზოგჯერ ბალახისებრი მხვიარა მცენარეა. იგი ეკუთვნის მარცვლოვანთა ოჯახს.
თავის სამშობლოში, ტროპიკულ ქვეყნებში ბამბუკი იზრდება 35 მეტრამდე, ხოლო მისი დიამეტრი კი 30 სმ-მდე აღწევს.
სუბტროპიკული კლიმატის პირობებში კი შედარებით მცირე ზომის ბამბუკებია გავრცელებული. მათი სიმაღლე 25 მეტრამდეა, ხოლო დიამეტრი კი საშუალოდ 18-20 სმ.
ბამბუკის ღერო კონუსისებრი ფორმისაა, იშვიათად - წახნაგოვანი. იგი შედგება მუხლებისა და მუხლთშორისებისაგან, მათი რიცხვი და სიდიდე ბამბუკის სახეობათა მიხედვით, ცვალებადია. მუხლთშორისების სიგრძე ღეროს შუა ნაწილიდან ორივე მიმართულებით კლებულობს.
ბამბუკის ახალგაზრდა, ნაზი ღეროს აღმოცენებისას ნიადაგის მექანიკური დაზიანებისაგან და შემდეგ კლიმატური ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან იცავს ცრუფოთოლი. მისი შეფერვა და სიცოცხლის ხანგრძლივობა იცვლება ბამბუკის სახეობების მიხედვით - ზოგიერთი სახეობა ცრუფოთოლს ინარჩუნებს მზოლოდ ზრდის პერიოდში და შემდეგ სცვივა, ხოლო ზოგიერთი სახეობა კი ინარჩუნებს სიკვდილამდე.
მეორე და მესამე რიგის ტოტები იმოსებიან ჩვეულებრივად ვიწრო, ან ფართო ლანცეტისებრი ფოთლებით. ზოგიერთ სახეობას ახასიათებს ხაზისებრი ფოთლები.
ბამბუკი ტოტების ბოლოებზე ივითარებს წვრილ ყვავილებს, მისი ნაყოფი შვრიისებრი მარცვალია, დაფქვის შემთხვევაში იძლევა მდარე ხარისხის ფქვილს.
მცენარის ნიადაგქვეშა ნაწილი შედგება ფესვისა და ფესვურებისაგან. ბამბუკის ფესვურა ღეროს სახეცვლილებაა და აქვს მუხლები, მუხლთშორისები და კვირტები. ფესვურაზე წარმოქმნილი კვირტი თუ ნიადაგის ზედაპირზე მოხვდა, ღეროდ გადაიქცევა.
გავრცელებული სახეობები. შავი ზღვის სანაპიროზე კარგად ხარობს ბამბუკის შემდეგი ჯიშები:
მოსო ბამბუკი - ღეროს დიამეტრი ფუძესთან 10-15 სმ-ია, ხოლო სიმაღლე კი 20 მეტრამდე აღწევს. ამ ჯიშისათვის დამახასიათებელია ფუძესთან ძლიერ მოკლე მუხლთშორისები და სიმრუდე. ბამბუკის ეს სახეობა საქართველოში გავრცელებულ ყველა სხვა ჯიშზე უფრო ადრე იწყებს ვეგეტაციას (მარტ-აპრილში) და უფრო წვრილი ფოთლებით ხასიათდება.
მსხვილი, მაგარი და სქელკედლიანი ღეროს გამო მოსოს გააჩნია დიდი სამრეწველო პოტენციალი
იაპონური მადაკე - ღერო სწორმდგომია, ფუძესთან დიამეტრი 6-8 სმ და სიმაღლე 18-20 მეტრამდე აღწევს. ახალგაზრდა ამონაყარი მოგრძო-კონუსისებრია და ცრუფოთლებით მჭიდროდაა დაფარული.
ღეროს ვეგეტაციის ბოლოს ცრუფოთლები ჩამოცვენილია, მუხლთშორისები მრგვალი და გრძელია, ოდნავ გამობერილი.
ახალგაზრდა ღერო პრიალა მწვანე ფერისაა, მუხლის გარშემო მორუხო ფიფქით, მომწიფებული ღერო კი მოყვითალოა. იგი ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში.
ჩინური მადაკე - განსხვავდება იაპონური მადაკესაგან შედარებით დაბალი ტანით (10-12 მეტრი). ახალგაზრდა ღერო დაფარულია მოშავო-მოიისფრო ფიფქით, რომელიც შემდეგში შორდება და პრიალა მოყვითალო ფერს იღებს, ღეროს კედლები სქელი და მაგარია.
შავი ბამბუკი - წარმოშობით ჩინეთიდან და იაპონიიდანა, მცირე სიდიდის მცენარეა, სიმაღლით 5-7 მ. აქვს კარგად გამოსახული და მოკლე ქვედა მუხლთშორისები. ღეროს ბუნებრივი შავი ფერის გამო დეკორატიულ მებაღეობაში და ავეჯის დასამზადებლად ფართო გამოყენება აქვს.
ახალგაზრდა ღერო მუქი მოიისფრო მწვანე ფერისაა, თანდათან მომწვანო-ნარინჯისფერს იღებს, ხოლო სავეგეტაციო წლის ბოლოს ყოველი მუხლის ქვემოთ რგოლის სახით მურა ფერის ხდება. მეორე წლის გაზაფხულზე ღერო მთლიანად შავია.
ჰაჩიკუ - მისი სამშობლო ცენტრალური ჩინეთია, სადაც სიმაღლით 25 მეტრამდე იზრდება, საქართველოში კი იგი 13-16 მეტრს არ აღემატება. აქვს სუსტი მერქანი და მრეწველობაში ნაკლებად გამოიყენება.
რბილი ბამბუკი - მისი სამშობლო ჩინეთია, იზრდება სიმაღლით 10-12 მეტრი, ღერო მრუდეა და მუხლთშორისების ფუძე გამსხვილებულია. მერქნის სისუსტის გამო ადვილად იხლიჩება და გამოიყენება კალათების დასამზადებლად.
ოქროსფერი ბამბუკები - პატარა ტანის მცენარეა, სიმაღლით 5-7 მეტრამდე. მისი ღეროსთვის დამახასიათებელია, ფუძიდან რამდენიმე ათეული სმ-ის სიმაღლეზე 3-4 მეტად მოკლე მუხლთშორისი და მუხლების ურთიერთირიბი განწყობა.
ახალგაზრდა ღერო მწვანეა, მომწიფებისას ოქროსფერს იღება. ყინვების და გვალვების მიმართ საკმაოდ გამძლეა. იყენებენ ანკესის ტარების, ქოლგის და სხვა ნივთების დასამზადებლად.
მომწვანო-მტრედისფერი ბამბუკი - მისი სამშობლო ჩინეთია. ღერო სიმაღლით 10-18 მეტრამდე აღწევს, ტანი სწორი და მუქი-მწვანეა, მტრედისფერი შეფერილობით და კარგად განვითარებული მოწითალო მუხლებით.
ბამბუკის ეს სახეობა ვეგეტაციას მარტ-აპრილში იწყებს, სხვა ფორმებზე უფრო ყინვაგამძლეა და სიმაგრით არ ჩამოუვარდება მადაკეს.
აღნიშნული სახეობების გარდა საქართველოში მცირე მასშტაბით გავრცელებულია აგრეთვე სხვა სახეობებიც, რომელთაც მნიშვნელოვანი საწარმოო დანიშნულება არ გააჩნიათ.
დამოკიდებულება აგროკლიმატისადმი. განვითარებისათვის ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში ბამბუკი 6 კვირაში ამთავრებს ღეროს ზრდას, რის შემდეგაც მცენარე იტოტება და ნამდვილი ფოთლებით იმოსება, ხოლო ღერო ტექნიკურ სიმწიფეს აღწევს მესამე-მეოთხე წელს.
ბამბუკის მოთხოვნები აგროკლიმატური პირობებისადმი სახეობების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, მოსო და მომწვანო-მტრედისფერი ბამბუკი ვეგეტაციას იწყებენ, როცა საშუალო დღიური ტემპერატურა 10°C-ია. ბამბუკის სხვა სახეობები კი ვეგეტაციას იწყებენ მოგვიანებით, მაის-ივნისში, როდესაც საშუალო დღიური ტემპერატურა 16-18°C-ს მიაღწევს.
მცენარე ძლიერ მომთხოვნია ნიადაგის და ჰაერის ტენიანობის მიმართ. მისი ნორმალური ზრდა-განვითარება მიმდინარეობს ნიადაგის სრული ტენტევადობის 75-80%-ის და ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის 80-85%-ის პირობებში.
ბამბუკი კარგად ხარობს საშუალო მექანიკური შემადგენლობის, ღრმა სახნავი ფენის მქონე, ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე, ასევე, საშუალო-თიხნარ და ალუვიურ ნიადაგებზე. მისთვის გამოუსადეგარია სუსტად განვითარებული ხირხატიანი და წყლისა და ჰაერის ცუდად გამტარი ნიადაგები, აგრეთვე ყველა ტიპის ჭაობიანი და დაჭაობებული ნიადაგები.
ადგილის რელიეფს დიდი მნიშვნელობა აქვს ბამბუკისათვის. განსაკუთრებით კი ზღვიდან დაშორებულ ნაკვეთებზე, სადაც ჰაერში ტენის შემცველობა ბუნებრივად დაბალია და რელიეფის თავისებურება ქმნის ხელსაყრელ მიკროკლიმატს. ამიტომ ბამბუკისათვის საუკეთესოდ ითვლება მთის კალთები, ზღვის დონიდან 400-500 მეტრ სიმაღლემდე. განსაკუთრებით ხელსაყრელია ჩრრდიკლოეთი დაქანების, ტენით და ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, მეჩხერ-ტყნიანი მთის კალთები ან ტენიანი ვიწრო ხეობები, მდინარეთა და ღელეების გასწვრივ.
საქართველოში ბამბუკის წარმოებისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები არის აჭარაში. თუმცა მისი გამრავლება-წარმოება შესაძლებელია ასევე გურიის და სამეგრელოს რეგიონებშიც. შესაბამისი არეალის სწორად შერჩევის შემთხვევაში ბამბუკი შესაძლოა გაშენდეს აღმოსავლეთ საქართველოშიც.
გამრავლება - ნერგის წარმოების წესები. ბამბუკი მრავლდება თესლით, ვეგეტატიურად - ფესვურებით და 1-2 წლიანი ამონაყარით. სამეურნეო თვალსაზრისით გავრცელებულია ბამბუკის ვეგეტატიური გამრავლების წესი. თესლით გამრავლებას კი მიმართავენ სელექციური მიზნებისათვის. ამ დროს ნერგები გამოჰყავთ სპეციალურ სანერგეებში, სადაც თესლნერგები რჩება ფესვურების წარმოქმნამდე (2-3 წელი), ხოლო შემდეგ კი ბელტის დაუშლელად გადააქვთ მუდმივ ადგილზე.
ვეგეტატიური გამრავლების შემთხვევაში წინასწარ შეირჩევა და სათანოდოდ მზადდება სადედე პლანტაცია. ამ მიზნით (სადედედ) არჩევენ შედარებით ახალგაზრდა პლანტაციას საშუალო და მსუბუქ თიხნარ ნიადაგებზე გაშენებულს და ორი წლით ადრე მცენარეს უქმნიან გაძლიერებული ზრდისათვის საჭირო პირობებს. განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა ნიადაგის ორგანული სასუქით გამდიდრება. ამ დროს ნაკელი შეაქვთ წინასწარ გამზადებულ 10-15 სმ. სიღრმისა და 20-25 სმ სიგანის ორმოებში (2-3 კგ. ნაკელი თითოეულ ორმოში). სასურველია, ნაკელთან კარგად აირიოს სუპერფოსფატი და კალიუმის მარილი იმ ანგარიშით, რომ თითოეულ ორმოზე მოდიოდეს 100 გრ. სუპერფოსფატი და 50 გრ. კალიუმის 40%-იანი მარილი. ასეთი ორმოები ეწყობა ყოველ კვადრატულ მეტრზე.
ორმოში შეტანილ სასუქებს კარგად ურევენ მიწას, შემდეგ ორმოს ზედაპირს ასწორებენ და რწყავენ. ეს ოპერაცია სასურველია ჩატარდეს შემოდგომაზე, რაც ხელს შეუწყობს პლანტაციაში ტენის მარაგის დაგროვებას.
ბამბუკის სადედე პლანტაციაში აზოტიანი სასუქები შეაქვთ ორჯერ, პირველად მაის-ივნისში და მეორეჯერ ივლის-აგვისტოში 100-120 კგ. სუფთა ნივთიერებები თითოეული შეტანისას. შეტანილი სასუქი თანაბრად გაიბნევა პლანტაციაში და ჩაკეთდება 6-8 სმ-ის სიღრმეზე ნიადაგში. ასევე კარგ ეფექტს იძლევა პლანტაციის გამოკვება წუნწუხით, ყოველ კვადრატულ მეტრზე ნახევარი ვედროს ანგარიშით.
წუნწუხით გამოკვების ვადები აზოტიანი სასუქების შენატის ანალოგიურია.
აღნიშნული წესით მოწყობილი სადედე პლანტაციიდან აღებულ საუკეთესო სარგავ მასალას წარმოადგენს ერთი და ორწლიანი ამონაყარი. ამიტომ ადრე გაზაფხულზე, სანამ პლანტაცია ვეგეტაციას დაიწყებდეს, სადედე პლანტაციაში შერჩეულ მცენარეთა გარშემო ბარით აკეთებენ წრეს, რომლის დიამეტრი 30 სმ-ს უნდა უდრუდეს. წრის გარშემო იღებენ 25 სმ სიღრმის თხრილს და მცენარეს ბელტიანად ამოთხრიან. ამოღებულ მცენარეს ხერხით აცლიან ღეროს ზედა ნაწილს ისე, რომ ნერგზე დარჩეს 3-4 ტოტი, რის შემდეგაც ნერგი მზად არის მუდმივ ადგილზე დასარგავად.
ბამბუკი ფესვურებითაც მრავლდება, მაგრამ პლანტაციის გასაშენებლად ფესვურების გამოყენება ნაკლებ ეფექტურია, რადგან გახარების დაბალ პროცენტს იძლევა, პლანტაცია მეჩხერი გამოდის და მოვლაც გაცილებით მეტი ესაჭიროება. გავრცელებული და უფრო ეფექტური წესია ფესვურების სანერგეში დარგვა და მოვლა, რის შედეგადაც 1-2 წელიწადში მიიღება ხარისხიანი სარგავი მასალა.
ფესვურების დასარგავი სანერგისათვის ნაკვეთს არჩევენ სადედე პლანტაციასთან ახლოს, რაც აადვილებს ფესვურების დაუზიანებელ და სწრაფ გადატანას.
სანერგისათვის არჩევენ მცირე დაქანების მქონე, ქარებისაგან დაცულ ნაკვეთს, საკვები ნივთიარებებით მდიდარი ნიადაგით. სანერგის ნიადაგის ძირითად დამუშავებას შემოდგომაზე აწარმოებენ 20-25 სმ-ის სიღრმეზე. ადრე გაზაფხულზე, ტენის დაზოგვის მიზნით, ხნულის ზედაპირი უნდა მოსწორდეს, ხოლო თუ ნიადაგი ნალექების გამო დატკეპნილია, მაშინ გადახნავენ 12-15 სმ-ის სიღრმეზე. გადახვნის წინ შეაქვთ:
- გადამწვარი ნაკელი: 34-40 ტ/ჰა-ზე;
- სუპერფოსფატი: 700-800 კგ/ჰა-ზე;
- კალიუმის მარილი: 300-350 კგ/ჰა-ზე.
სანერგეში დასარგავად ირჩევენ მექანიკურად დაუზიანებელ 25-30 სმ სიგრძის 3-4 კარგად განვითარებული კვირტის მქონე ფესვურებს, რომალთაც რგავენ ერთმანეთისაგან 70 სმ-ით დაშორებულ, 8-10 სმ სიღრმის მქონე კვლებში. ფესვურები კვლებში ეწყობა ერთმანეთისაგან 30 სმ-ის დაშორებით, რის შემდეგაც მათ ფხვუერ მიწას, ტკეპნიან და რწყავენ.
ფესვურების სანერგეში დარგვის ოპტიმალურ პერიოდად ითვლება აპრილის მეორე-მესამე დეკადა. დარგვის შემდეგ სანერგეში პერიოდულად ტარდება ნიადაგის გაფხვიერება და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.
სანერგეში გატარებული ფესვურები მოვლის პირობების მიხედვით 1-2 წლის შემდეგ აღწევენ სტანდარტს, რის შემდეგაც მათგან მიღებული ნერგები ბელტიანად გადაიტანება მუდმივ ადგილზე დასარგავად. სტანდარტულად ითვლება ნერგი, რომელსაც აქვს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა და 3-4 ცალი ამონაყარი.
პლანტაციის გაშენება და მოვლა
ნაკვეთის შერჩევა. დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლში და ბამბუკის პლანტაციის გასაშენებლად ნაკვეთის შერჩევისას მთავარია ბამბუკისათვის გამოიყოს ქარებისაგან დაცული, ორგანული ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგები. ზღვიდან დაშორებული არეალზებზე კი გარდა მოცემული პარამეტრებისა, ნაკვეთის შერჩევისას ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ჰაერის და ნიადაგის ტენს. ამ შემთხვევაში ბამბუკისათვის უნდა შეირჩეს მხოლოდ ჩრდილოეთი, ჩრდილო-დასავლეთი ან ჩრდილო-აღმოსავლეთი მთის კალთები და მდინარეთა განაპირა ტენიანი ვიწრო ხეობები, სადაც ბუნებრივად მოსული ნალექების სიმწირე კომპენსირებული იქნება რელიეფით და ექსპოზიციით.
უფრო მეტი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო ბამბუკის პლანტაციისათვის ნაკვეთის შერჩევისას აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ტენის დეფიციტი ნიადაგსა და ჰაერში უფრო მეტია, ვიდრე დასავლეთ საქართველოში. აქ ბამბუკისათვის უნდა შეირჩეს მიკრორაიონები, მდინარეების და ღელეების ვიწრო ხეობები, მეჩხერი ტყით დაფარული. აგრეთვე, საჭირო იქნება სარწყავი სისტემის გამოყენება.
გარდა ამისა, აღმოსავლეთ საქართველოში ბამბუკის წარმოებისათვის უნდა შეირჩეს ბამბუკის ყინვაგამძლე სახეობები, მაგალითად ოქროსფერი ბამბუკი.
ნიადაგის მომზადება. ბამბუკის პლანტაციის გასაშენებლად შერჩეული ნაკვეთი თუ ტყითაა დაფარული, ნაწილობრივ ან მთლიანად უნდა ამოიძირკვოს. დამუშავების წესი იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორია ნაკვეთის დაქანება. 10°-მდე დაქანების ნაკვეთები მთლიანად მუშავდება, ხოლო უფრო მეტი დაქანების მქონე ნაკვეთებზე ბამბუკი შენდება ორმოების ამოღებით.
ნაკვეთის ძირითად დამუშავებას 25-30 სმ-ის სიღრმეზე აწარმოებენ შემოდგომით, ადრე გაზაფხულზე ხდება ხნულის ზედაპირის მოსწორება, ხოლო დარგვამდე ერთი თვით ადრე კი იღებენ 25 სმ. სიღრმის და 35 სმ სიგანის ორმოებს. თუ ბამბუკის გაშენებას აწარმოებენ მთლიანი დამუშავების გარეშე, მაშინ ორმოებს დარგვამდე 2-3 თვით ადრე იღებენ.
ბამბუკის სახეობების მიხედვით ორმოებს იღებენ ერთმანეთისაგან 2, 3 ან 4 მეტრის დაშორებით.
დარგვა. ნერგებს ბელტიანად უშვებენ ორმოებში იმ სიღრმეზე, რა სიღრმეზეც იგი იყო დარგული სანერგეში. შემდეგ გარშემო ნაკელნარევ მიწას მიუტკეპნიან და რწყავენ. თუ ნერგი მაღალტანიანია, აკრავენ ჭიგოზე.
დარგვის შემდგომი მოვლა. ბამბუკის პლანტაციის მოვლა პირველსა და შემდეგ წლებში გამოიხატება რიგთაშორისების გაფხვიერებაში, სარეველა მცენარეთა წინააღმდეგ ბრძოლაში და ნიადაგის ჩამორეცხვისაგან დამცველ ღონისძიებათა დროულ გატარებაში.
მცენარეთა ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა ორგანული და მინერალური სასუქების სისტემატური გამოყენება. განსაკუთრებით მაღალი ეფექტი მიიღება ნაკელის შეტანისას.
ორგანული და მინერალური სასუქების ზუსტი დოზების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.
ბამბუკის ღეროების აჭრა. ბამბუკი პლანტაციის გაშენებიდან მხოლოდ მეხუთე-მეექვსე წელს იძლევა ტექნიკურად მწიფე მერქანს, ხოლო მოსავლიან პლანტაციაში ღერო აღმოცენებიდან მესამე წელს სრულ სიმწიფეს აღწევს. ერთწლიანი ღერო გარეგნული ნიშნებით ადვილი გასარჩევია, მაგრამ შემდეგში განმასხვავებელი ნიშნები თანდათან ქრება, ამიტომ პლანტაციის წესიერი ექსპლოატაციის მიზნით, ყოველწლიურად ახალი გენერაციის ღეროს საღებავით აწერენ აღმოცენების წლის ბოლო ორ რიცხვს.
მომწიფებული ღეროს აჭრის საუკეთესო დროდ ითვლება მცენარეთა მოსვენების პერიოდი, როდესაც მცენარეში მაქსიმალური რაოდენობითაა მშრალი ნივთიარება და მინიმუმია წყლის შემცველობა. მოსავლის აღება წარმოებს მომწიფებულ ღეროთა ფუძის მუხლზე ზემოთ მოხერხვით. მოჭრილ ღეროს რამდენიმე დღის განმავლობაში ტოვებენ ტოტებგაუცლელად, რათა სინესტე თანაბრად აორთქლდეს. შემდეგ აცილებენ ტოტებს და ზომიერი შრობის უზრუნველსაყოფად ათავსებენ დახურულ შენობაში.
აუცილებელია, რომ პლანტაციიდან ბამბუკის ტოტები დროულად იქნას გატანილი, რადგან ის ხანძრის გამოწვევის თვალსაზრისით ძლიერ საშიშია, შედარებით წვრილი ტოტები და ფოთლები კი შესაძლებელია დაკომპოსტდეს ორგანული სასუქის მისაღებად.
-
ბატატი - ჩითილის გამოყვანის, გადარგვის და მოვლა-მოყვანის წესები 15.01.2019 11132 ნახვა
-
აღმოსავლური ხურმა - წამლობების ტაბულა 17.09.2019 1857 ნახვა
-
ატმის შენახვის რეგლამენტები 15.01.2019 2927 ნახვა