დრაცენა - გამოყენების სფერო, პლანტაციის გაშენების წესები
15 / 04 / 2019

აღწერილობა და დანიშნულება. დრაცენა (ლათ. Cordiline australis Hook და Cordiline indivisa Stenol) გამოიყენება როგორც დეკორატიული, ასევე სამეურნეო მიზნებისათვის - მისი ფოთლები შეიცავენ კომპლექსურ ბოჭკოს, რის გამოც მისგან ამზადებენ გამძლე და ელასტიურ ასაკრავ მასალას. ხოლო სპეციალური დამუშავების შემდეგ დამზადებულ „ფიბრას“ იყენებენ ტექნიკური ჯაგრისების წარმოებაში. აგრეთვე, მისი ხმელი ფოთლებით ამზადებს კალათებს, გოდრებს და სხვ.

დრაცენა შროშანისებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე მცირე ზომის 6-9 მ. ხე-მცენარეა, ღერო უმთავრესად დაუტოტავია, კენწერო შემოსილია გრძელი და ბრტყელი ფოთლებით, რაც მას პალმისმაგვარ ლამაზ ელფერს აძლევს.

მცენარე ერთლებნიანია, მაგრამ ამ კლასში შემავალი მცენარეებისაგან განსხვავებით ახასიათებს ღეროს მუდმივი ზრდა სიმსხოში, მიუხედავად იმისა, რომ ჭურჭელ-ბოჭკოვანი კონები დახურულია და კამბიუმის ფენა არ აქვს, აქ კამბიუმის როლს ასრულებს ლაფანის ძირითადი, რომელიც ქმნის ე.წ. გამსხვილების რგოლს. ის წარმოქმნის ჭურჭელ-ბოჭკოვან კონას.

დრაცენას მერქანი ფხვიერია და მსუბუქი, ის ნაკლებ გახევების გამო ადვილად ფუღუროვდება.

მცენარის ღერო იტოტება მხოლოდ ხანდაზმული, ან როდესაც ცენტრალური ზრდის კონუსი ზიანდება რაიმე მიზეზით და საასიმილაციო ზედაპირი არ აკმაყოფილიებს მცენარეს.

ფოთოლი ხაზისებრია, მჯდომარე, ღეროს ბოლოზე მჭიდრო კონებად შეკრული. თუ ახალგაზრდობის ასაკშიღეროს ზრდის კონუსი დაზიანდა, ფესვის ყელიდან ან ზემოთ ღეროზე წარმოიქმნება რამდენიმე განტოტვა, რომელიც დრაცენას ბუჩქის ფორმას აძლევს.

ფოთლების სიგრძე 0,5-1,0 მმ-მდეა, სიგანე 3-8 სმ-მდე, ფოთლის ფირფიტა ფუძიდან წვეროსკენ ვიწროვდება და რბილი ბოლოთი მთავრდება. ახალგაზრდა ფოთლებს ვერტიკალური მდგომარეობა უჭირავთ, მომწიფებასთან ერთად თანდათან იცვლიან მდგომარეობას და სიმწიფისას ძირს ეშვებიან. ფოთლის განვითარებისათვის ორი წელია საჭირო, ადრე გაზაფხულზე ფოთლის იღლიაში წარმოშობილი ახალი ფოთოლი შემდეგი წლის აგვისტო-სექტემბერში ამთავრებს განვითარებას და ქვემოთ იხრება, ოდნავ შეყვითლებული და ბოლო შემხმარია.

დრაცენა ყვავილობს თეთრი წვრილი სურნელოვანი ყვავილებით, რომლებიც საგველა ყვავილედებშია შეკრებილი.

საქართველოს პირობებში დრაცენა ყვავილობს 7-8 წლის ასაკში, მაის-ივნისში ან ცოტა მოგვიანებით.

დრაცენას ნაყოფი სამბუდიანია. კოლოფის ყოველ ბუდეში 1-3 წვრილი და შავი მარცვალა თესლია. დრაცენას თესლი ადრე კარგავს აღმოცენების უნარს, ამიტომ წინასწარი დამუშავების გარეშე აღმოცენება ჭიანურდება და მიიღება არათანაბარი აღმონაცენი. შემოდგომაზე დამზადებული თესლის გაღივების უნარი 50-70%-მდე აღწევს, ხოლო მომდევნო გაზაფხულისათვის გაღივების უნარი 30-20%-მდე ეცემა. ორწლიანი თესლის აღმოცენების უნარი უფრო დაბალია და 3-5%-მდე ჩამოდის.

დამოკიდებულება აგროკლიმატისადმი. დრაცენა, როგორც თბილი და ტენიანი ჰავის პირობებში წარმოშობილი მცენარე, რომელსაც საზამთრო შესვენების სუსტად აქვს გამოხატული, ნაკლებად ყინვაგამძლეა და მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე შეიძლება გადაიტანოს -8°C-მდე ტემპერატურა. ამ მხრივ საქართველოში მისი გავრცელება შესაძლებელია შავი ზღვის განაპირა ზოლში, სადაც აბსოლუტური მინიმუმი პერიოდულად არ ეცემა -10°C-ზე ქვემოთ. ასეთ პირობებში ზიანდება ახალგაზრდა ცენტრალური ფოთლების ჯგუფი და ზრდის კონუსი, მაგრამ მცენარე იძლევა ახალ ამონაყარს,

გამრავლების და მოვლის წესები. დრაცენა მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად  - ამონაყარის ჰაერში დაფესვიანებით, მაგრამ ამ უკანასკნელს სამეურნეო მნიშვნელობა არ აქვს. თესლნერგების გამოსაყვანად თესლს თესავენ სათბურებში - სათეს ყუთებში, ან ცივ (პრიმიტიულ) კვალსათბურებში ან უშუალოდ გრუნტში - სათეს კვლებზე. ჩამოთვლილი ხერხებიდან თუ რომელს ავირჩევთ, დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე.

დრაცენას თესლნერგების გამოყვანა უმჯობესია დახურულ გრუნტში ვაწარმოოთ, ხოლო შემდეგ პიკირება კი ღია კვლებში. ეს საშუალებას მოგვცემს თესლნერგები ნაადრევად გამოვიყვანოთ და უფრო სრულად გამოვიყენოთ წლის სავეგეტაციო პერიოდი. დრაცენას ნერგის გამოსაყვანად აწყობენ ერთქანობიან სათბურსიმ ვარაუდით, რომ მარტის პირველ ნახევარში შესაძლებელი იყოს დათესვა. მომზადებული ნაკვეთი იტკეპნება მსუბუქად, შემდეგ თანაბარი გამოთესვის მიზნით, ერთ წილ თესლს ვურევთ 10 წლილ მშრალ სილაში და ვთესავთ იმ ვარაუდით, რომ ერთ კვადრატულ მეტრზე ითესებოდეს 20 გრ. დრაცენას თესლი. თესვის შემდეგ მმთელ ზედაპირზე თანაბრად მივაყრით გაცრილ, გადამწვარ ნაკელს ისე, რომ მისი სისქე 1 სმ-მდე იყოს, შემდეგ მსუბუქად ვტკეპნით და ვრწყავთ თბილი წყლით. სათბურში უნდა დავიცვათ აღმოცენებისათვის საჭირო ტემპერატურული პირობები (18-20°C) და პერიოდული რწყვით შევქმნათ საჭირო ტენის პირობები. მორწყვა უნდა ხდებოდეს წვრილი ნახვრეტების მქონე სარწყავით, რათა თესლის გადარეცხვა თავიდან ავიცილოთ. თუ საჭირო პირობები დაცული იქნა, დრაცენას თესლის აღმოცენება 15-20 დღეში დამთავრდება. ნათესარი ორი-სამი წყვილი ფოთლის განვითარების შემდეგ ზრდის დასაჩქარებლად საჭიროა გამოვკვებოთ აზოტით, ამისათვის 20 გრ. ამონიუმის გვარჯილას ვხსნით 10 ლიტრ წყალში და ყოველ კვადრატულ მეტრზე ვრწყავთ. ამას ვიმეორებთ ყოველ 15-20 დღეში ერთხელ. სასუქით ყოველი მორწყვის შემდეგ მცენარე უნდა გაირეცხოს სუფთა წყლით, დაწვის თავიდან აცილების მიზნით.

სათანადო მოვლის პირობებში, აღმოცენებიდან 2 თვის შემდეგ უკვე შესაძლებელია მცენარის გადარგვა ღია კვლებზე, 10X10 კვების არეზე.

ღია გრუნტში გადარგვის შემდეგ, მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ნაკვეთზე პერიოდულად უნდა ჩატარდეს ნიადაგის გაფხვიერება, სარეველებისაგან გაწმენდა და მორწყვა. მეორე წლის გაზაფხულზე დრაცენის ნერგები ხელმეორედ გადაირგვება 40X40 კვების არეზე და ჩატარდება ისეთივე აგროტექნიკური ღონისძიებები, რაც პირველ წელს.

დათესვიდან მესამე წელს უკვე სტანდარტული ნერგები გვექნება, რომლებიც ბელტიანად ამოითხრება, დახარისხდება და მუდმივ ადგილზე დაირგვება.

პლანტაციის გაშენება. დრაცენის პლანტაციის გასაშენებლად ვირჩევთ გაბატონებული ქარებისაგან დაცულ საშუალო მექანიკური შედგენილობის, კარგად დრენირებულ ღრმა ნიადაგებს. ნეკვეთის ძირითადი დამუშავება ტარდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში 30-35 სმ. სიღრმეზე, გაზაფხულზე ხნულის ზედაპირი სწორდება და საჭიროების მიხედვით წარმოებენ გადახვნას 16-18 სმ-ის სიღრმეზე ან კულტივაციას, შემდეგ გაჰყავთ საჭირო რაოდენობის წყალსაწრეტი არხები, ან აწყობენ ნახევრად-სფერულ კვლებს.

დრაცენის პლანტაციისათვის მიღებულია კვების არე 1X1 მეტრზე. ნაკვეთს გეგმავენ და ნერგის დარგვის ადგილზე იღებენ 30 სმ. სიღრმის და 30 სმ. სიგანის ორმოებს, სადაც მიწას აერევა 2-3 კგ. ნაკელი. ბელტიანად ამოღებული ნერგი ჩაიშვება ორმოს ცენტრში და დაირგვება იმ სიღრნმეზე, რა სიღრმეზედაც მცენარე იყო დარგული სანერგეში. დარგვისთანავე ნერგი კარგად მოირწყვება და ფოთლების ერთი მესამედი შეეჭრება. დარგვის საუკეთესო დროა ადრე გაზაფხული, სანამ მცენარე ჯერ კიდევ მოსვენების პერიოდშია.

სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ნაკვეთი უნდა შევინარჩუნოთ ფხვიერ და სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში, რისთვისაც საჭიროა რიგთაშორისების პერიოდული გაფხვიერება.

შემოდგომაზე, ვეგეტაციის შეწყვეტის შემდეგ, მცენარეთა ზამთრის სუსხისაგან დაცვის მიზნით, საჭიროა ფოთლების აკვრა და საწრეტი სისტემის მუშა მდგომარეობაში მოყვანა, რათა წყლის ზედაპირული დატბორება ან არხებში ხანგრძლივი დაგუბება იქნას თავიდან აცილებული.

ნიადაგის მოვლა-განოყიერება. დრაცენის პლანტაციაში ყოველწლიურად ადრე გაზაფხულზე, საჭიროა ნიადაგის ღრმა გაფხვიერება, რომელსაც უნდა უსწრებდეს ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შეტანა (P2O5 – 90 კგ. და K2O – 50 კგ. სუფთა ნივთიერებები), ხოლო ვეგეტაციის დაწყებისას და ივნისის პირველ დეკადაში  - ნიადაგის ზერელე გაფხვიერების წინ საჭიროა აზოტის შეტანა, პლანტაციის ხნოვანებისა და მდგომარეობის მიხედვით 40-50 კგ. (სუფთა ნივთიერება) ყოველი შეტანის დროს.

რაც უფრო ხანში შედის მცენარე, მით უფრო ძლიერ იზრდება ფოთლები და რიგთაშორისები ერთდება, რის გამო საჭირო იქნება მისი გამეჩხერება ლუწი ან კენტი რიგების ამოღებით.

მოსავლის აღება. დრაცენას მოსავალს იღებენ ყოველწლიურად ხელით, ტექნიკურად მომწიფებული ფოთლების შეჭრით. ფოთლების მოჭრა უმჯობესია ადრე გაზაფხულზე. რაც უფრო მეტია აკრული ფოთლების რიცხვი, მით უკეთ არის დაცული მოუმწიფებელი ფოთლები და ზრდის კონუსი ყინვების მავნე ზეგავლენისაგან.

ფოთლები იჭრება დანით ან ბაღის მაკრატლით - რაც შეიძლება ფუძესთან ახლოს. დაუშვებელია ფოთლების ჩამოგლეჯა მიმაგრების ადგილიდან, რადგან შედეგად ღეროს კანი შიშვლდება და მცენარე ზიანდება.

მსგავსი სიახლეები