
ბოტანიკური აწერილობა. უნაბი ეკუთვნის ხეჭრელისებრთა ბოტანიკურ ოჯახს და ზიზიფუსის გვარს. გვარში მრავალი სახეობა ითვლება, მათ შორის ჩვენში ფართოდ ცნობილი უნაბი წარმოადგენს წვრილნაყოფა ფორმას (Ziziphus vulgaris). ხოლო მსხვილნაყოფა უნაბს - ჩინურ უნაბს „იუბას“ ( Z. jujuba) უწოდებენ.
უნაბის მსხვილნაყოფა ფორმა ანუ ჩინური ფინიკი წარმოადგენს 5-8 მეტრამდე სიმაღლის ხეს. ახალგაზრდა ხე ეკლიანია, ხნოვანებასთან ერთად ეკლები ქრებიან. ფოთლები ყოველწლიურად ცვივა, ყვავილები წვრილი და სურნელოვანია, ორსქესიანია, რამდენიმე ერთადაა შეგროვილი.
ნაყოფი კურკიანია, ოდნავ ფქვილისებრი, სასიამოვნო გემოსი. იგი ფორმისა და სიდიდის მიხედვით მეტად ცვალებადია: მომრგვალო ოვალური, მსხლისებური და მრგვალი. სიდიდით 51 მმ-ს აღწევს.
კურკა სხვადასხვა ფორმისა და სიდიდისაა. კულტურული ფორმების მეტ წილ ჯიშებზე ის წაგრძელებულია და ორივე ბოლოზე წვეტი აქვთ. რბილობი კარგად სცილდება.
მცენარე ყვავილობას იწყებს გვიან - 5-20 მაისიდან და ამთავრებს 15 ივლისამდე. ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.
ნაყოფი გემოთი და გარეგნობით მოგვაგონებს ფინიკს, რის გამო მას ჩინურ ფინიკსაც უწოდებენ. მის შედგენილობაში 20 – 22 % - მდე შაქარია, ხმელი ნაყოფი კი 60 – 70 % შაქარს შეიცავს.
დამოკიდებულება აგროკლიმატისადმი. უნაბი გამოირჩევა დიდი გვალვაგამძლეობით და ყინვაგამძლეობითაც. იგი დაუზიანებლად იტანს -30 ℃-მდე ყინვას. კარგ მოსავალს იძლევა იმ არეალებზე, სადაც ზაფხული ცხელი, მშრალი და ხანგრძლივია.
უნაბი კარგად ვითარდება ყოველნაირ ნიადაგზე, გარდა მძიმე თიხნარ და მლაშე ნიადაგებისა. მისი წარმოებისათვის ოპტიმალური ნიადაგის მჟავიანობის არეს (pH) მაჩვენებელი 7,0-დან 8,0-მდეა.
გამრავლება და მოვლა. უნაბს ამრავლებენ თესლით და ფესვის ამონაყარით. მსხვილნაყოფა უნაბის თესლს უმეტეს შემთხვევაში არ აქვს აღმოცენების უნარი. საძირეების მისაღებად იყენებენ მხოლოდ ველური სახეობების კურკებს.
თესლით გამრავლების შემთხვევაში დასათესად ამზადებენ მწიფე ნაყოფებისაგან მიღებულ თესლებს, რომელთაც თავდაპირველად შესაბამისი წესით ამუშავებენ - ახდენენ მათ სტრატიფიკაციას, რისთვისაც შემოდგომით, უნაბის თესლს ურევენ მას შესაბამისი ტენიანობის მქონე სუბსტრატში - სველ ქვიშაში 1/3 შეფარდებით. სტრატიფიკაციის პროცესი გრძელდება 2-3 თვის განმავლობაში და ამ პერიოდში საჭიროა სუბსტრატის მუდმივად ტენიან პირობებში შენარჩუნება ტემპერატურული რეჟიმის დაცვა 2-8℃-ის ფარგლებში.
სტრატიფიცირებული თესლი ითესება ადრე გაზაფხულზე, 2-4 სმ-ის სიღრმეზე. თესავენ რიგებს შორის 80 სმ და მცენარეთა შორის 4 – 5 სმ მანძილით. ნათესები უნდა მოირწყოს აღმოცენების შემდეგ. მცენარეები უნდა გამოიხშიროს ყოველ 25 სმ -ზე თითო მცენარის დატოვებით.
მიუხდავად იმისა, რომ უნაბი გვალვისადმი გამძლეა, მორწყვის სწორი რეჟიმი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ნერგის ხარისხს სანერგეში. ამიტომ საჭიროა ნიადაგის ტენიანობის 80%-ის ფარგლებში შენარჩუნება.
ნერგების სასუქებით გამოკვება უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც ნერგი სიმაღლეში მიაღწევს 7-10 სმ-ს.
საძირეების გამოყვანის შემდეგ ამყნიან კვირტით -აგვისტოში, ხოლო კალმით ამყნობენ გაზაფხულზე წვენის ძლიერი მოძრაობის დროს - მაისში .
კალმით მყნობის ჩასატარებლად კალმები უნდა აიჭრას ადრე - კვირტების გაშლამდე - და შენახული იქნას გრილ ადგილზე ტენიან სილაში.
უნაბის ნერგი ირგვება ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით, ნაკელით განოყიერებულ ორმოებში. დარგვისას მნიშვნელოვანია, რომ ნამყენი ადგილი ნიადაგის ზემოთ მოექცეს. დარგვის შემდეგ აუცილებელია მორწყვა. დარგვის გავრცელებული სქემებია: მცენარეთა შორის 4-5 მეტრი და რიგებს შორის მინიმუმ 6 მეტრი.
კულტურის შემდგომი მოვლა გამოიხატება სასუქებით ნორმირებულ გამოკვებასა და მორწყვაში.
სხვლა-ფორმირება. დარგვიდან ერთი წლის შემდეგ შტამბის დიამეტრის ზრდის დასაჩქარებლად ატარებენ წვეროს პინცირებას და ტოვებენ რამდენიმე ჩონჩხის ტოტს (4-5). განვითარების შემდგომ წლებში უნარის გასხვლას გააჩნია მხოლოდ სანიტარული დანიშნულება (ვარჯისთვის განვითარების ხელსაყრელი ფორმის მიცემა და ძველი ან დაზიანებული ტოტების ჩამოცილება).
უნაბის ხის პროდუქტიულ პერიოდად ითვლება 5 წლიდან 40 წლამდე, რის შემდეგ მოსავლიანობა თანდათან ეცემა.
მოსავლის აღება. ნაყოფს კრეფენ სიმწიფის სხვადასხვა სტადიაში. ნედლი სახით მოხმარებისათვის ნაყოფი იკრიფება, როდესაც მისი ზედაპირი მთლიანად მიიღებს მოწითალო მიხაკისფერს ან წაბლისფერ შეფერილობას. ხმობისათვის განკუთვნილ ნაყოფებს ტოვებენ ხეებზე სრულ შეჭკნობამდე.
-
ბალი - ბლის წამლობების ტაბულა 17.09.2019 2883 ნახვა
-
ჟოლოს ყვითელი ჟანგა - სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები 15.01.2019 4029 ნახვა
-
ოხრახუშის ჯიშები - შაქრის ჯიში 18.01.2019 2103 ნახვა