
ბოტანიკური აღწერილობა. ავოკადო (ლათ.(Persea americana)) ეკუთვნის დაფნისებრთა ოჯახს. მის სამშობლოდ ითვლება ცენტრალური ტროპიკული ამერიკა და მექსიკა, სადაც ავოკადო გხვდება ტყეებში, ველურ მდგომარეობაში.
ავოკადოს ნაყოფი განსაკუთრებით ფასეულია დიდი რაოდენობის (30%-მდე) ცხიმების შემცველობის გამო. ცხიმის შემცველობა დამოკიდებულია ნაყოფის ჯიშზე და სიმწიფეზე. ჩვენში გავრცელებული ავოკადოს ჯიშები - პუებლა და ფუერტე - 20% ცხიმს შეიცავენ, პროტეინის შემადგენლობა 2% აღწევს. შაქრებს სრულებით არ შეიცავს ან შეიცავს მცირე რაოდენობით (0,5 – 1 % მდე). კვებითი ღირებულებით ავოკადოს ზეთი უტოლდება კარაქს და საქონლის ცხიმს. ავოკადოს საჭმელად იყენებენ ნედლი სახით ხახვთან ერთად.
ბრაზილიაში მისგან ნაყინსაც ამზადებენ. ავოკადოს ნაყოფი საჭმელად გამოიყენება მაშინ, როდესაც ის კარგად დარბილდება.
ავოკადო მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარეა. წარმოშობის ადგილის მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად:
- მექსიკური;
- გვატემალური;
- ანტილიური.
საქართველოს პირობებისათვის ყველაზე საინტერესოა მექსიკური წარმოშობის ავოკადო, როგორც ყინვის შედარებით კარგი ამტანი სახეობა.
თავის სამშობლოში ავოკადო ძლიერ დიდი ზრდით ხასიათდება და სიმაღლით აღწევს 15 – 20 მეტრამდე.
ავოკადოს ფოთლის ფირფიტა ოვალური ან ლანცეტისებრია, სიგრძით 15 -20 სმ , სიგანე 8 -10 სმ
ყლორტები მწვანეა. ნაყოფი მსხვილია და შეიცავს ერთ დიდ თესლს, რომელსაც გარშემო შემოკრული აქვს საკმაოდ სქელი რბილობი. ნაყოფის კანი თხელია. ნაყოფს ხშირად მსხლისებრი ფორმა აქვს. თითოეული ნაყოფი იწონის საშუალოდ 150 -300 გრამამდე. ნაყოფის რბილობი თეთრი ან მოყვითალოა და დარბილების შემდეგ უმად იჭმევა.
ავოკადო მსხომიარობას იწყებს დარგვის დარგვიდან 4-5 წელიწადში. მის ყვავილებზე მტვრიანები და ბუტკო ერთდროულად არ მწრიფდებიან, რის გამოც გაძნელებულია დამტვერვა. ის ჯვარედინად დამმტვერავი მცენარეა. ყვავილობას იწყებს აპრილში და გრძელდება მაისის ბოლომდე. მსხმოიარობის გაუმჯობესებისათვის ერთ მასივზე რგავენ რამდენიმე სახეობას.
კლიმატი და ნიადაგი. დადასტურებულია, რომ ავოკადოს სახეობათა შორის მეტი ყინვაგამძლეობა ახასიათებს მექსიკურ სახეობებს. მათი ყინვაგამძლეობის უნარი ფორთოხლის ყინვაგამძლეობის უნარის ანალოგიურია. ამიტომ მისი გაშენება შეიძლება ყველა იმ არეალზე, სადაც აშენებენ ლიმონსა და ფორთოხალს. ავოკადოს 5-6 წლიანი ხეები უძლებენ -9°C - მდე ყინვებს.
ავოკადო ტენის მოყვარულთა მცენარეა, ამიტომ ის უკეთესად ვითარდება ტენიანი სუბტროპიკების პირობებში. მისი ნარგავებისათვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ნიადაგი. იგი კარგად ეგუება კირიან ნიადაგებსაც.
ავოკადო ვერ ეგუება ნიადაგის ჭარბტენიანობას და გრუნტის წყლების სიახლოვეს. ამასთანავე, ზედმეტად გამომშრალ ნიადაგებზე სუსტად იზრდება, საუკეთესოა ღრმა და ნოყიერი ნიადაგები.
ავოკადოს ჯიშები. საქართველოს პირობებში აპრობირებული და პერსპექტიული ჯიშებია:
მექსიკოლა - ჩვენს პირობებში იზრდება 5 მეტრამდე. ყინვაგამძლეა: დაუზიანებლად იტანს ტემპერატურის დაცემას -9°C - მდე. ნაყოფს იძლევა დარგვიდან მეორე წელს (3-4 წლის მცენარე). ნაყოფი მსხლისებრი ფორმისაა, სიგრძით 6-7,5 სმ. მისი კანი მოშავოა, ხოლო რბილობი მკრთალი მოყვითალო მწვანეა. ერთი ნაყოფის წონა საშუალოდ 50 – 100 გრამამდეა, მწიფდება სხვადასხვა დროს - აგვისტოდან სექტემბრამდე, მწიფე ნაყოფი შეიცავს 22% - მდე ცხიმს.
მისი ნათესარები გამოიყენება კულტურული ჯიშების საძირეებად.
პუებლა - მექსიკურ სახეობას ეკუთვნის. საქართველოში იგი მწიფდება ნოემბერ-დეკემბერში. ისეთივე ყინვაგამძლეა, როგორც მექსიკოლა, მაგრამ მისი ტოტები ქარებისა და თოვლისაგან ადვილად იმტვრევა. საშუალო მსხმოიარობის ჯიშია, თითოეულ ხეზე იკრიფება 300 – 400 ცალი მოგრძო ნაყოფი, რომელიც მომწვანო ფერისაა და აქვს მოყვითალო რბილობი. თითოეული ნაყოფის საშუალო წონა შეადგენს 100 – 200 გრამს.
ნაყოფი შეიცავს 25 – 28 % ცხიმს.
ფუერტე წარმოადგენს მექსიკურ და გვატემალურ სახეობებს შორის ჰიბრიდს. მისი ნაყოფი იწონის საშუალოდ 200-400 გრამს. ნაყოფს კანი უფრო სქელი აქვს, ვიდრე ზემოთ აღწერილ ჯიშებს. კანის ზედაპირი მწვანე და ხორკლიანია. პატარა თესლი აქვს, იწონის, 30 – 35 გრამამდე, რაც ნაყოფის წონის 10-12%-ს შეადგენს. მწიფდება გვიან, თებერვალ - აპრილში. მსხმოიარობს არარეგულარულად.
ავოკადოს გამრავლება. ავოკადო მრავლდება თესლით და ვეგეტაციურად - მყნობით. მისი თესლები კარგი აღმოცენებით ხასიათდებიან. თესვა ტარდება ნაყოფიდან თესლების გამოღებისთანავე.
ტენიან სილაში შენახული თესლი აღმოცენების უნარს არ კარგავს 2 -3 თვის განმავლობაში. თესვა წარმოებს სათბურებში ან კარგად მომზადებულ კვლებში.
თესლი მიწაში თავსდება ფუძით და ნაწილობრივ იფარება მიწით. თესვისას ნიადაგი უნდა იყოს ტენიან მდგომარეობაში. თესლის აღმოცენება ნელა მიმდინარეობს. როდესაც ნათესარები მიაღწევენ 10 – 12 სმ სიმაღლეს, საჭიროა მოხდეს მათი გადარგვა.
ავოკადო ცუდად იტანს უმიწოდ გადარგვას, რისთვისაც სათბურებში თესვის დროს უკეთესია თითოეული თესლი დაითესოს ქაღალდის პატარა ქოთნებში და შემდგომ მიწიანად მოხდეს მათი გადარგვა.
სანერგეში გამოყვანილი ნერგები ირგვება მწკრივში ერთიმეორისაგან 40 – 80 სმ მანძილით. სტანდარტული ნერგების გამოყვანისათვის საჭიროა 1- 2 წელი.
თესლიდან გამოყვანილი მცენარეები გამოყენება ახალი ჯიშების მისაღებად, ან საძირედ კულტურული ჯიშებისათვის.
ვეგეტატიური გამრავლების შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ავოკადო არ მრავლდება კალმის დაფესვიანებით. მის მყნობას ატარებენ მაისში ან აგვისტო-სექტემბერში 0, 5 – 1, 5 სმ სიმსხოს საძირეებზე, როდესაც მათში ინტენსიური წვენის მოძრაობაა.
სანამყენე კვირტებს იღებენ ერთწლიანი ტოტებიდან. მყნობას ატარებენ იმავე წესით, როგორც ციტრუსოვან კულტურებზე.
დარგვა და ბაღის მოვლა. ავოკადოს გასაშენებლად უნდა შეირჩეს თბილი და ქარებისაგან დაცული ნაკვეთი. ფერდობების შერჩევისას უმჯობესია დასავლეთი, სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთ -აღმოსავლეთი დაქანებები.
დარგვამდე ნიადაგი იხვნება 18 – 20 სმ სიღრმეზე და ასევე დარგვამდე ერთი თვით ადრე მზადდება ერთი მეტრის სიგანისა და 40 სმ. სიღრმის ორმოები.
მცენარეები უნდა დაირგოს ერთიმეორისაგან შემდეგი მანძილების დაცილებით: რიგებს შორის 6- 8 მეტრი და მცენარეთა შორის რიგებში 5 -6 მეტრი.
დარგვისას მცენარეთა შორის, განსაზღვრული სქემებით აუცილებლად უნდა დაირგვოს დამამტვერიანებელი ჯიშებიც. დარგვის პერიოდია გაზაფხული - აპრილი, სანამ მცენარე ახალი ნაზარდების გამოღებას დაიწყებდეს.
ავოკადოს ნერგების დარგვა აუცილებად უნდა მოხდეს ბელტის შენარჩუნებით. სანერგიდან ნერგების ამოთხრამდე, მათი დარგვის წინ, მცენარეებს საჭიროა შეუმცირდეს ფოთლები. სიცხეების დროს გადარგული მცენარეები უნდა დაიჩრდილოს, ხოლო ბუდნები მორწყვის შემდეგ დაიმულჩოს მცენარეული მასალით.
ნარგავების მოვლა დარგვის შემდეგ ისეთივე წესით ტარდება, როგორიც საჭიროა სხვა სუბტროპიკული ხეხილოვანი მცენარეებისათვის.
-
ატმის ფოთლის სიხუჭუჭე - სიმპტომები და ბრძოლის ზომები 02.05.2019 3758 ნახვა
-
კიტრის წარმოების აგრო-ტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 2578 ნახვა
-
კურკოვნების ბოყი - დაავადების სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები 02.05.2019 2670 ნახვა