მუშმულა - აღწერილობა, მოვლა-გამრავლების წესები
23 / 04 / 2019

ბოტანიკური აღწერილობა. მუშმულა (ლათ. Eriobotrya japonica), ანუ იაპონური ზღმარტლი, მარადმწვანე მცენარეა, რომელიც სიმაღლით 6- 8 მ აღწევს. მას ასევე უწოდებენ სუბტროპიკულ მუშმულას და ლოქვას. იგი ეკუთვნის ვაშლების ქვეოჯახს. მუშმულას სამშობლოა ჩინეთი, სადაც ის გავრცელებულია ველურ მდგომარეობაში. მუშმულის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მისი გამაგრილებელი მომჟავო ტკბილი ნაყოფი მწიფდება ადრე - მაის- ივნისში, როდესაც სუბტროპიკულ ზონებში შემოსული არ არის სხვა კულტურის ნაყოფი.

ქიმიური შედგენილობით მუშმულა უფრო უახლოვდება ვაშლს. ნაყოფის წვენი შეიცავს 85%- მდე წყალს, 8-12 %-მდე შაქარს და 0,2-3,0% მდე ვაშლმჟავას. მუშმულას ნაყოფის დაწნეხვით იღებენ წვენს, რომელიც დუღილის შემდეგ იძლევა საუცხოო ტკბილ და არომატულ სასმელს. ეს სასმელი მოგვაგონებს ბურახს და შეიცავს 4% - მდე სპირტს.

მუშმულას ყლორტები, ფოთლები და ყვავილები სქლად შებუსულია. ფოთლები დიდი და მაგარკანიანია. სიგრძით 20-25 სმ და სიგანით 7-8 სმ. ფოთლის ზედაპირი გლუვია, ქვედა მხარე კი შებუსული.

მცენარე ყვავილობს მტევნისებრად, სანაყოფე ტოტების ბოლოებზე. თითოეული ყვავილი შეიცავს 20 მტვრიანას და ბუტკოს.

ნაყოფის სიგრძე 5 სმ და სიგანე 4 სმ უდრის. იგი ფორმით ,რგვალი ან მსხლისებურია, შეიცავს 1 - 3 - მდე მსხვილ თესლს. ნაყოფი იწონის 20 – 70 გამამდე, ზოგიერთი სელექციური ჯიშის ნაყოფი იწონის 80-100 გრამს.

დამოკიდებულება კლიმატისადმი. მუშმულა ყვავილობს ზამთრის თვეებში. საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში მუშმულა ნაყოფს იძლევა მხოლოდ თბილი ზამთრის პირობებში, როდესაც ყინვები -5°C -ზე დაბლა არ იწევს. მისი ყვავილები ზიანდება -6° C ტემპერატურის დროს. ხოლო თავად მცენარე უფრო ყინვაგამძლეა და უძლებს -14°C-მდე ყინვას.

საქართველოში მუშმულას გაშენება შეიძლება შავიზღვისპირა ვიწრო თბილ ზოლში ციტრუსოვან კულტურებთან ერთად.

ნიადაგის მიმართ მუშმულა არ არის დიდი მომთხოვნი. ის უკეთესად ვითარდება სტრუქტურულ, საკმაოდ ტენიან ნიადაგებზე. მძიმე და ღარიბ ნიადაგებზე მუშმულა ვითარდება შედარებით ცუდად, ასეთ ადგილებში გაშენებისას საჭიროა სასუქების შეტანა და ნიადაგის ძირითადი თვისებების გაუმჯობესება.

ჯიშები. საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილია შემდეგი ჯიშები: ტანაკა, პრემიერა, ფალესი, შამპანი, ედვანსი, საადრეო წითელი, კომუნე და გროსდისიცილია.

აღნიშნული ჯიშებს შორის ყველაზე მსხვილ და სასიამოვნო გემოს ნაყოფს იძლევა ტანაკა. ნაყოფი იწონის 50-70 გრამამდე, ფორმა მსხლისებურია, თესლი მცირე აქვს და საშუალოდ ნაყოფის წონის 13,7% შეადგენს. ამის შემდეგ მოდის პრემიერა, რომლის თესლი შედგენს ნაყოფის წონის 18,6%, ხოლო საადრეო წითელი გამოირჩევა ადრე დამწიფებით.

გამრავლების მეთოდები. მუშმულა მრავლდება თესლით და მყნობით. მუშმულის ნათესარები უმრავლეს შემთხვევებში იმეორებენ მშობლების თვისებებს ან მცირედით განსხვავდებიან მათგან. ამიტომ მის გასამრავლებლად თესლების აღების დროს არჩევენ ისეთ ხეებს, რომლებიც საუკეთესო ხარისხის ნაყოფს იძლევიან.

თესვა წარმოებს მწიფე ნაყოფიდან თესლის გამორჩევისთანავე - ივნისში. ერთ კილოგრამ თესლში 500 – 800 ცალამდე მარცვალია. თესავენ კვლებში, რომლებიც 25 სმ-ით დაცილებულია ერთიმეორისაგან.

თესლი მიწაში თავსდება 4-5 სმ სიღრმეზე, ერთმანეთისაგან 7-8 სმ დაცილებით. დათესვის შემდეგ კვლებზე ეყრება მიწა. დათესვიდან 10-15 დღის შემდეგ თესლ-ნერგები იძლევიან აღმონაცენებს და შემოდგომისათვის ისინი აღწევენ 20-30 სმ. სიმაღლეს. კარგი მოვლის პირობებში ნერგების სიმაღლემ შეიძლება მიაღწიოს 40 -45 სმ-ს, რაც ითვლება სტანდარტად. შემდეგ წელს ნათესარი უნდა გადაირგოს (40 X 60 მ. კვების არეზე)

ნათესარები მსხმოიარობას იწყებენ მეხუთე-მეექვსე წლიდან.

მუშმულის ვეგეტაციურ გამრავლებას ატარებენ კვირტით ან კალმით მყნობით. უკეთეს შედეგს კალმით მყნობა იძლევა. კვირტით მყნობა ჩვეულებრივი წესით ტარდება - აგვისტოში. საძირედ იყენებენ იმავე იაპონურ ზღმარტლს, ჩვეულებრივ ტყის ზღმარტლსა და კომშს. ჩვენი პირობებისათვის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს იაპონური ზღმარტლის საძირეზე ნამყენებს. კომშზე ნამყენები იძლევიან დაბალტანიან ხეებს ან ბუჩქებს.

პლანტაციის გაშენება და მოვლა. მუშმულის დასარგავად უნდა შეირჩეს თბილი და ქარისაგან დაცული ნაკვეთი. რგავენ გასაფხულზე - მარტსა და აპრილის დასაწყისში.

მუშმულის დასარგავად ნიადაგი ისევე იგეგმება და მზადდება, როგორც ლეღვისათვის; დარგვა წარმოებს 1მ. სიგანის და 40 სმ. სიღრმის ორმოებში 6X6 მეტრის მანძილზე, ხოლო შემჭიდროებული ნარგავის სახით 6X3 და 7X3,5 მეტრის დაცილებით.

ახლად დარგული ხეების მოვლა მდგომარეობს ღეროს ირგვლივ ბუდნების გაფხვიერებაში. თუ გვალვებია, ნარგავები უნდა მოირწყოს.

მომდევნო წლებში მუშმულის ნარგავებში ნიადაგის მოვლისათვის საჭიროა გაზაფხულზე ნიადაგის გადაბარვა და ზაფხულის განმავლობაში ნიადაგის 3-4 - ჯერ გაფხვიერება.

საგაზაფხულო გადაბარვის წინ ნიადაგში შეაქვთ ნაკელი შემდეგი რაოდენობით:

5 წლამდე ნარგავებზე 12 კგ./ძირზე.

 5 წლიდან 10 წლამდე - 16 კგ./ძირზე.

10 წელზე უფრო ხნიერ ნარგავებზე  -18 კგ./ძირზე.

ფორმირება. მუშმულისათვის სპეციალური გასხვლის ჩატარება არ არის საჭირო. საკმარისია მხოლოდ ხმელი, მოტეხილი და გადახლართული ტოტებისმოჭრა, გადაბერებულ ხეებს აცლიან სუსტ ტოტებს, რომელთა ადგილზე ჩნდებიან შემცვლელი ახალი ტოტები.

მოსავლის აღება. ნაყოფებს კრეფენ ერთჯერადად, ან არათანაბარი მომწიფების შემთხვევაში - რამდენჯერმე - შერჩევით. ინახავენ ბნელ და გრილ სათავსოში ერთმანეთისაგან განცალკევებით.

მსგავსი სიახლეები