მარცვლეული და პარკოსანი კულტურების ატლასი
24 / 04 / 2019

გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის განვითარების ოფისის სამხრეთ კავკასიაში დაკვეთით, საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ შედგენილი იქნა მარცლეული და პარკოსანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ატლასი.

ატლასი მოიცავს მარცვლეული და პარკოსანი კულტურების წარმოებასთან დაკავშირებულ პროფესიულ მასალებს და ინფორმაციას შემდეგი ძირითადი საკითხების მიმართულებით:

  • მარცვლეული და პარკოსანი კულტურების აგროკალენდრები, რეგიონების მიხედვით და დამხმარე მასალა მინერალური სასუქების გამოყენების მიმართულებით.
  • სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების იდენტიფიცირება და მათთან ბრძოლის ღონისძიებები.
  • კულტურათა არაპარაზიტული დაზიანებების იდენტიფიკაცია.
  • მავნებელი მწერები, ტკიპები და მღრღნელები: იდენტიფიკაცია და ბრძოლა მათ წინააღმდეგ.

მარცვლეული და პარკოსანი კულტურების მოვლა-მოყვანის მიმართულებით ატლასში მოცემულია მინერალური სასუქების დოზების გამოანგარიშების სქემები და
აგროკალენდრები საქართველოს რეგიონების მიხედვით, სადაც წარმოდგენილია თითოეული კულტურის მოვლა-მოყვანისათვის საჭირო ღონისძიებები და მათი
განხორციელების პერიოდები.

ატლასში წარმოდგენილია მარცვლეული და პარკოსანი მცენარეების წარმომადგენელი 12 სხვადასხვა სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურის 126-მდე სოკოვანი,
ბაქტერიული და ვირუსული დაავადება, მოცემულია მათი სიმპტომები ცხრილების ფორმატით, რაც ამარტივებს კონკრეტული დაავადების პირველად იდენტიფიცირებას,
განსაკუთრებით საველე პირობებში. ასევე ატლასი მოიცავს დაავადებათა წინააღმდეგ კომპლექსური ბრძოლის რეკომენდაციებს და დაავადებების სიმპტომატიკის
ამსახველ ილუსტრაციებს, რომელთაც თან ერთვის დამატებითი ინფორმაცია და შესაბამისი განმარტებები.
ინფექციური დაავადებების გარდა, მარცვლეული და პარკოსანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარების პროცესს ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს არაინფექციური დაზიანებები: საკვები ელემენტების დეფიციტი ან სიჭარბე, არახელსაყრელი კლიმატური პირობები და გარემოს დაბინძურება, სხვადასხვა გამომწვევი ფაქტორების შედეგად. ამ მიმართულებით ატლასში მოცემულია ინფორმაცია და ილუსტრაციები როგორც არაინფექციური დაზიანებების გამომწვევი ფაქტორების, ასევე მათი მოქმედების შედეგად მცენარეზე გამოვლენილი სიმპტომატიკის შესახებ.
ატლასი ასევე მოიცავს მავნებელი მწერების, ტკიპების და მღრღნელების ილუსტრაციებს. გამარტივებული ფორმატით მოცემულია 43 სხვადასხვა სახეობის მავნებელი მწერის და 7 სახეობის მღრღნელის პირველადი იდენტიფიკაციისათვის საჭირო საბაზისო ინფორმაცია. გარდა ამისა, ატლასი მოიცავს აღნიშნული მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვისათვის საჭირო მასალებს.
აღსანიშნავია რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანის წესების შესახებ ატლასში მოცემული ფორმატით ინფორმაციის წარმოება მნიშვნელოვნად ამარტივებს როგორც კულტურათა წარმოების, ასევე მავნებელ-დაავადებათა პირველადი დიაგნოსტიკის და მათ წინააღმდეგ განსახორციელებელი სტრატეგიის დაგეგმვის პროცესს.
მოცემული ატლასის მიზანს წარმოადგენს მარცვლეული და პარკოსანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების წესების შესახებ ინფორმაციის განახლება და მავნებელ-დაავადებების პირველადი დიაგნოსტიკის გამარტივება სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების კონსულტანტებისა და ფერმერებისათვის. ასევე აღსანიშნავია რომ ატლასში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან სასწავლო და დამხმარე-საცნობარო მასალას, აგრარული პროფილის სპეციალისტების და სტუდენტებისათვის.

მსგავსი სიახლეები