აგრო-ბიბლიოთეკის ინოვაციური მოდელი ქედაში
24 / 04 / 2019

ქედაში, ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში აგროპედიას პირველი კიოსკი დამონტაჟდა.

აგროპედია წარმოადგენს კოლოსალური რაოდენობის ინფორმაციის ბანკს, აგრო-ბიბლიოთეკას, რომელიც მოთავსებულია კომპიუტერის მსგავს მოწყობილობაში.

საჭირო ინფორმაციის მოძიება მომხმარებელს შეუძლია ეკრანზე ხელის შეხებით.
აგროპედია ამ ეტაპზე საპილოტე-სადემოსტრაციო პროექტია.

პროექტის მიზნებია:

  • სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკონსულტაციო სერვისების წარმოება.
  • ფერმერებისა და სპეციალისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გავრცელება.

მეთოდი ინოვაციურია და აგრო-საკონსულტაციო სფეროში იგი არ გამოუყენებია არც ერთ სხვა ქვეყანას

სამომავლოდ, იგეგმება აგროპედიას კიოსკების რიცხვის გაზრდა და ისეთი ახალი ფუნქციების დამატება, როგორიცაა ვიდეო-კითხვების დასმის ფუნქცია, დივერსიფიცირებული მართვა და ა.შ.

აგროპედიაში ინფორმაციის განახლება ხდება მუდმივად. ამ ეტაპზე იგი მოიცავს 1000-ზე მეტ სტატიას სოფლის მეურნეობის შესახებ, თუმცა ახლო მომავალში სტატიების და მასალების მინიმალური ოდენობა 2000-ს გადააჭარბებს.

ამჟამად აგროპედიას კიოსკში მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ შემდეგი სახის მასალებს და პროფესიულ რეკომენდაციებს:

  • სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე სიახლეები.
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანის წესები.
  • ბრძოლა კულტურათა მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ – წამლობათა სქემები.
  • მოსავლის აღება-შენახვა: წესები და რეკომენდაციები.
  • ახალი და პერსპექტიული კულტურების წარმოების წესები და რეკომენდაციები.
  • ვეტერინარია – შინაური პირუტყვის დაავადებები და მკურნალობის მეთოდები.
  • მეცხოველეობა – შინაური პირუტყვის მოვლა და საკვებწარმოება.
  • მეფუტკრეობა – ფუტკრის მოვლა და დაცვა მავნებელ-დაავადებებისაგან.

აგროპედიას კიოსკით სარგებლობა უფასოა

პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, ევროკავშირის ფინასური მხარდაჭერით „სოფლის განვითარების ხელშეწყობა“ პროექტის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები