
ბოტანიკური აღწერილობა. ენდრო (ლათ. Rubia tinctorum) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. იგი მიეკუთვნება ენდროსებრთა ბოტანიკურ ოჯახს. მისი მიწისზედა ნაწილი, მწვანე მასა გართხმულად ვითარდება მიწაზე და სიგრძეში აღწევს 1,5-დან 2 მეტრამდე. ფესვი დაფარულია მუქი-წითელი ქერქით, რომელიც ადვილად სცილდება მას. მთავარი ფესვი გახევებულია და მთელი ფესვთა სისტემა ვითარდება ჰორიზონტალურად ნიადაგში.
მწვანე ფერის ძლიერ დატოტვილი ოთხწახნაგოვანი ღეროები დაფარულია წვრილი მსუსხავი ბუსუსებით.
ფოთოლი სქელია, ღია-მწვანე ფერის. ქვედა მხარეს აქვს ეკლები. ფორმით ლანცეტისებრი ან ელიფსურია. მისი სიგრძე 10 სმ-მდეა, ხოლო სიგანე კი 3 სმ-ს აღწევს.
ყვავილი მცირე ზომისაა, მოყვითალო შეფერილობის.
ნაყოფი შავი ფერის კურკაა, 5-9 მმ სიგრძის. თითოეულ ნაყოფში 1-2 ც. თესლია, მწიფდება აგვისტო-ნოემბერში, ვეგეტაციის პირველ წელს.
ენდრო ბუნებაში მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად - მწვანე ორგანოების დაფესვიანებით. ხოლო კულტურაში კი მას ამრავლებენ თესლით ან ფესვურების დაყოფით.
სასარგებლო თვისებები. ენდროს შემცველ პრეპარატებს იყენებენ თირკმელში კენჭების დასაშლელად, ორგანიზმიდან ფოსფატების ოქსალატების და ურატების გამოსადევნად. გარდა ამისა, ენდროს გააჩნია სპაზმოლიტური, შარდმდენი, და ბაქტერიციდული მოქმედების უნარი.
ენდროს ფესვებს იყენებენ პიელიტის (თირკმლის მენჯის ანთება), ცისტიტის და პოდაგრის სამკურნალოდ.
უკუჩვენებები. ენდროს შემცველ პრეპარატებს გააჩნიათ უკუჩვენებები გლომერულონეფრიტის, თირკმლის უკმარისობის, კუჭის წყლულოვანი დაავადებების, მაღალი მჟავიანობის და გასტრიტის დროს.
შენახვის წესი. ენდრო ფესვებს შესანახად იღებენ ადრე გაზაფხულზე მარტ-აპრილში, ან ვეგეტაციის დასრულებისას - აგვისტოდან ყინვების დაწყებამდე პერიოდში. აღებულ ფესვებს აქსუფთავებენ მიწისაგან და აშრობენ 45–50°С ტემპერატურაზე.
რეცეპტები:
- შარდმდენი საშუალების დასამზადებლად 10 გრ. დაქუცმაცებულ ენდროს ფესვს ურევენ ერთ ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში, ხსნარს ადუღებენ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ 45 წუთი აჩერებენ. იღებენ 1 ჩაის კოვზ ნახარშს დღეში სამჯერ.
- თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს ათავსებენ ჭიქაში, ასხამენ ცივ წყალს და აჩერებენ 8 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურავენ. ფესვებს ხელმეორედ ასხამენ ამჯერად მდუღარე წყალს და 15 წუთის შემდეგ ხელახლა წურავენ, რის შემდეგაც ორივე ნაყენს ერთმანეთში ურევენ და იღებენ რამდენიმეჯერ დღის განმავლობაში.
-
ვაშლის ჟანგა – სიმპტომები და პროფილაქტიკა 17.01.2019 3529 ნახვა
-
წიწაკის შენახვის პირობები 15.11.2018 3088 ნახვა
-
ჩაი - პლანტაციის გაშენება, სხვლა-ფორმირება, ნიადაგის განოყიერება 15.01.2019 2876 ნახვა