ვაშლის ქეცი - სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები
11 / 01 / 2019

ამომწვევი სოკო – Venturia inaequalis (Cooke) Winter.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები. დაავადება შესაძლებელია გაჩნდეს როგორც გაზაფხულზე, ასევე ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში. მისი განვითარებისათვის ოპტიმალური აგროკლიმატური პირობებია: ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 60-90%-ის ფარგლებში და 20-25°C ტემპერატურა. ამ პირობებში აქვს დაავადებას ყველაზე მოკლე საინკუბაციო პერიოდი (8-12 დღე). თუმცა დაავადება შესაძლებელია განვითარდეს უფრო დაბალი ტემპერატურის პირობებში – ქეცის გამომწვევი სოკოს ასკოსპორების მომწიფება იწყება 7-8°C-დან. დაბალი ტემპერატურის და ტენიანობის პირობებში დაავადების საინკუბაციო პერიოდი იზრდება 17 დღემდე.

დაავადების გამომწვევი იზამთრებს ჩამოცვენილ ფოთლებში ტოტებსა და სხვა სახის მცენარეულ ნარჩენებში. გაზაფხულზე კი იგი ვრცელდება ძირითადად ქარის, წყლის წვეთების და სხვადასხვა სახეობის მწერების საშუალებით.

დაავადების სიმპტომები. ფოთოლზე ჩნდება მოყვითალი-წენგოსფერი ლაქები შავი ხავერდოვანი ფიფქით. დროთა განმავლობაში ლაქას ფიფქი სცილდება, ლაქის ადგილი კი იქერცლება და იფლითება.
დაავადებული ყვავილი იფარება შავი ხავერდოვანი ფიფქით და ცვივა. ყლორტზე მოწითალო-ყავისფერი ლაქებია ფიფქით, რომლის გადასვლის შემდეგ აქაც აქერცლილი ადგილები წარმოიქნება. იგივე სიმპტომები აღინიშნება სიმპტომია ნაყოფზეც. მკვახე ნაყოფის დაინფიცირების შემთხვევაში, იგი განიცდის დეფორმაციას.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • შემოდგომის პერიოდში მცენარეული ნარჩენების სისტემატური მოგროვება და გატანა ფართობიდან.
  • ნიადაგის და მცენარეთა მოვლითი ღონისძიებების (სარეველებისაგან გაწმენდა, გასხვლა) დროული და ხარისხიანი განხორციელება.
  • კულტურის დაავადებული ნაწილების მოცილება და განადგურება (დაწვა).

ქიმიური ბრძოლა დაავადების წინააღმდეგ. ქეცის წინააღმდეგ საქართველოში კულტურის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე გამოიყენება ტრიფლოქსისტრობინის, დიფენოკონაზოლის, პროპინების და სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე დამზადებული ფუნგიციდები.

მსგავსი სიახლეები