თხის ნეკრობაქტერიოზი - აღწერილობა, სიმპტომები და მკურნალობა
04 / 05 / 2019

ნეკრობაქტერიოზი შინაური და გარეული ცხოველების გადამდები დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის, კანქვეშა ქსოვილების, ლორწოვანი გარსების და შინაგანი ორგანოების დაზიანებით. უმთავრესად ზიანდება კიდურების ქვედა ნაწილი. ავადდება ადამიანიც.

ეპიზოოტოლოგია. ინფექციის წყაროა კლინიკურად ავადმყოფი ცხოველი. აღმძვრელი ნეკროტიზებულ ქსოვილთან ერთად ხვდება გარემოში. გარდა ამისა ის იმყოფება პირის და ცხვირის ღრუს გამონადენში, ფეკალში. ჯანმრთელი ცხოველების კუჭ - ნაწლავიც ხშირად შეიცავს აღმძვრელს.

ცხოველის ორგანიზმში აღმძვრელი ხვდება ალიმენტური გზით ( საკვებთან და წყალთან ერთად) , აგრეთვე იბუდებს კანზე და ლორწოვან გარსებზე.

ნეკრობაქტერიოზი უმთავრესად ჭრილობის შემდგომი ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს კიდურების კანის დაზიანება, გართულებული მშობიარობა და სხვა. სინესტე ხელს უწყობს კანის მაცერაციას, რომელიც იწვევს დაზიანებას და აღმძვრელის ჩაბუდებას, როგორც ადგილზე ასევე შინაგან ორგანოებში.

ნეკრობაქტერიოზით ავადდება ცხოველი წელიწადის ნებისმიერ დროს.

პათოგენოზი. დაინფიცირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებულ კანზე ან ლორწოვან გარსზე მოხვედრილი აღმძვრელი ჰპოვებს შესაფერის პირობებს - ანაერობული გარემო, pH 7, 4 -7,6 საკვების სიუხვე (დაზიანებულ ქსოვილებში ჰემატომა), ეს კი ხელს უწყობს აღმძვრელის გამრავლებას და ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებას, რაც ერთობლივი მოქმედებით, თავის მხრივ იწვევს, ქსოვილების ნეკროზს, ხოლო ამ დროს  გამონთავისუფლებული ფერმეტები იწვევენ აუტოლიზს (ქსოვილების დაშლა).

დააბადების სიმპტომები. დაავადება ხასიათდება კანის, კანქვეშა ქსოვილების, ლორწოვანი გარსების და შინაგანი ორგანოების დაზიანებით. უმთავრესად ზიანდება კიდურების ქვედა ნაწილი.

ზრდასულ ცხოველებში ნეკრობაქტერიოზის მიმდინარეობა ქვემწვავეა ან ქრონიკული, მოზარდში - მწავე. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-3 დღე. კლინიკური გამოვლენა დამოკიდებულია აღმძვრელის ლოკალიზებაზე და შესაბამისად, პათოლოგიურ პროცესზე ამა თუ იმ ადგილზე.

ზიანდება კანი ტუჩების გარშემო, შემდეგ ვრცელდება მთელს სახეზე და პირის ღრუში. პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ენის და ტუჩების კუნთებზე ჩნდება წყლულები. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ცხოველის სიკვდილი.

ცნობილია სასქესო ორგანოების ნეკრობაქტერიოზი. გარეგანი  სასქესო ორგანოები შეშუპებულია, საშოდან გამოედინება ჩირქოვანნეკროზული სითხე. თუ მკურნალობა არ იქნა ჩატარებული, ცხოველი იღუპება.

დიაგნოზი. ითვალისწინებენ ეპიზოოტოლოგიურ მონაცემებს და ტიპიური კლინიკური ნიშნების

მკურნალობა. აუცილებელია დაზიანებული ადგილების ქირურგიული დამუშავება. ნეკროტოზირებული ქსოვილი უნდა ამოიკვეთოს მთლიანად, გასუფთავებული ადგილი დამუშავდეს ანტისეპტიკური საშუალებებით: 3%-იანი მანგანუმჟავა კალიუმით, 5% - იანი ფორმალინით, იოდზეფის 2% - იანი ხსნარით. იმავდროულად დიბიომიცინი შეყავთ ბარძაყის კუნთში გლიცერინის 30% - იანი სუსპენზიის სახით, რომელიც დამზადებულია 0, 5% - იან ნოვოკაინის ხსნარში; დოზამ უნდა შეადგინოს 2 000 მე ( მოქმედების ერთეული) 1 კგ ცოცხალ მასაზე. ანტიბიოტიკებიდან გამოიყენება პენბექსი, ოქსიტეტრაციკლინ 200, პრიმაფული.

პირის ღრუს დაზიანებისას ადილობრივი მკურნალობისათვის იყენებენ 3%-იან წყალბადის სეჟანგის ხსნარს, იოდის ნაყენს, 1 % - იან  იოდზეფის ხსნარს, 3% - იან კარბოლმჟავას ხსნარს. კარგ შედეგს იძლევა სულფანილამიდური პრეპარატების მიცემა ( სულფადიმეზინი და ნორსულფაზოილი).

პროფილაქტიკა. საჭიროა ცხოველებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნა -  სადგომი უნდა იყოს მშრალი. დაავადების შემთხვევაში ცხადდება შეზღუდვები. შეზღუდვები იხსნება დაავადების ბოლო შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ.

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მსგავსი სიახლეები