ქერი – თესვა, მოვლა-მოყვანის აგროწესები
04 / 05 / 2019

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევაქერი მომთხოვნია ფხვიერი, სტრუქტურიანი, საკვები ელემენტებით მდიდარი ნიადაგის, ქერი კარგ მოსავალს იძლევა შავმიწა, ალუვიურ და ყომრალ ნიადაგებზე.
ქერი ცუდად იტანს როგორც მჟავე ისე დამლაშებულ ნიადაგებს. იგი კარგად ვითარდება გაკულტურებულ ნაყოფიერ ნიადაგებზე.

ქერის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 5,5-დან 7,5-მდეა.

იმ შემთხვევაში, თუ ქერის წარმოებისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის ქერის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის დარგვამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH -ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი pH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.

მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფომის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით!

ნიადაგის ძირითადი დამუშავება. ნიადაგის დამუშავება წარმოებს წინამორბედის ხასიათისა და მდგომარეობის მიხედვით. წინამორბედი კულტურისგან განთავისუფლებული მინდორი უნდა აიჩეჩოს და მოიხნას. საგაზაფხულოს შემთხვევაში მზრალად. შემდეგ ჩატარდეს თესვისწინა კულტივაცია და დაიფარცხოს. თესვისწინა დაფარცხვასა და კულტივაციას შორის დიდი პერიოდის დაშვება არ არის რეკომენდირებული, რადგან შესაძლოა სარეველებმა მოასწროს ქერის ამოსვლას და დაჩაგროს.

თესლის მომზადება დასათესად და თესვამაღალხარისხოვანი თესლით თესვა მაღალი მოსავლის მიღების უმნიშვნელოვანესი პირობაა. დასათესად და განსაკუთრებით ინტენსიური ტექნოლოგიის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სათესლე ნაკვეთებიდან მიღებული, გასავრცელებლად დაშვებული ჯიშის ქერის თესლი უნდა აკმაყოფილებდეს სერთიფიცირების დაწესებულ მოთხოვნებს თესლის სისუფთავესა და გაღივების უნარზე. ასეთი თესლიდან მიღებული მცენარეები უფრო ძლიერი და პროდუქტიულია, უფრო ღრმად და უკეთესად ივითარებს ბარტყობის ნასკვს და ფესვთა სისტემას.
ქერის თესლის თესვისწინა დამუშავებას სოკოვანი დაავადებებისა (გუდაფშუტა, ჟანგა, ნაცარა) და ფესვის სიდამპლის საწინააღმდეგოდ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საშემოდგომო ქერის თესვის ვადები ქართლსა და კახეთში ემთხვევა ხორბლის თესვის ვადებს. საგაზაფხულო ქერის თესვის ვადები კახეთში და ქართლში 25 მარტამდეა, სამხრეთ საქართველოში 10 მაისამდე.
ქერი ითესება ხორბლის სათესი სპეციალური მანქანებით. ვიწრო 15 სმ-იან მწკრივებად. მიმართავენ ჯვარედინ დათესვასაც.

ნიადაგურ-კლიმატური პირობების მიხედვით ერთ ჰა-ზე დაითესება 160-200 კგ. თესლი.
ჩათესვის სიღრმე მსუბუქ ნიადაგებზე 7-8, ტენით უზრუნველყოფილ ნიადაგებზე 4-5 სმ-ით განისაზღვრება. ქარიან ადგილებში ქერი ურფო ღრმად, 8-9 სმ-ზე დაითესება.
მაღალეფექტურია ნათესების მოტკეპვნა. იგი ხელს შეუწყობს ნათესის თანაბარზომიერ განვითარებას. ნათესებს დაიცავს ქარისმიერი ეროზიისგან.

დათესვა უნდა ემთხვეოდეს პერიოდს, როცა დღე-ღამური ტემპერატურა 12-15°С –ია.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვებაქერის ნაკვეთში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით.
საორიენტაციოდ, 1 ჰა-ზე 5 ტონა მოსავლის მისაღებად საჭიროა ნაკვეთში შეტანილი იქნას:

• აზოტი N – 186 კგ. (სუფთა ნივთიერება).

• ფოსფორი P – 113 კგ.(სუფთა ნივთიერება).

• კალიუმი K – 216 კგ. (სუფთა ნივთიერება).

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

• აზოტი N — ვეგეტაციის პერიოდში რამდენიმეჯერ შეტანა, გამოკვების სახით;

• ფოსფორი P — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.

• კალიუმი K — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.

მზრალად მოხვნის წინ თუ 1 ჰა-ზე 20 ტონა გადამწვარი ნაკელს შევიტანთ, მინერალური სასუქებიდან საჭირო იქნება: აზოტი 86კგ, ფოსფორი 63კგ, კალიუმი 96 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე

მორწყვა. ქერი წყლისადმი ყველაზე მომთხოვნია თესლის გაღივების, ბარტყობის და ტანის აყრის ფაზებში. მისი მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე.

ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში ქერი საშუალოდ 2-ჯერ უნდა მოირწყას.

მორწყვის ერთიანი, ანუ სეზონის განმავლობაში დასახარჯი წყლის საორიენტაციო რაოდენობა ერთ ჰა-ზე არის 1800-2100 კუბ./მ.

მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე დაწვიმებით.

მოსავლის აღება-შენახვაქერის მოსავლის აღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში სრული სიმწიფის პერიოდში, 16-18% ტენიანობის დროს. ქერი ცვილისებური სიმწიფის პერიოდის შემდეგ ხუთ დღეში შედის სრულ სომწიფეში და მარცვალსა და მცენარეს შორის წყდება. ამ დროს ის გადადის ინტენსიურ სუნთქვაზე, რომლის დროსაც იხარჯება დიდი რაოდენობით ნახშირწყლები, რაც მოქმედებს მოსავლის ხარისხზე.

აღება ხდება კომბაინით და მარცვალი ინახება მშრალ და ადვილად განიავებად საწყობში.

მსგავსი სიახლეები