
ბოტანიკური აღწერილობა. ევგენოლის რეჰანი (ლათ. Ocimum gratissimum) ეკუთვნის ტუჩოსანთა ბოტანიკურ ოჯახს. მისი ღერო სწორმდგომია, ოთხწახნაგოვანი, ახალგაზრდობისას მწვანე, უხვწვნიანი და სუსტად შებუსული, ხნოვანებასთან ერთად ძლიერდება გახევება და მწვანე შეფერვა იცვლება რუხი, ან ღია მომწვანო შეფერვით. ღერო საკმაოდ იტოტება, წარმოქმნის პირველი, მეორე და შემდეგი რიგის ტოტებს, რომელნიც თავდებიან თავთავის მაგვარი ყვავილედით და შედგება 10 -20 სმ. სიგრძის 3 – 9 ცალი თავთუნებისაგან. ღერო მწვანე მასის დაახლოებით 1/3-ს შეადგენს და მასში ზეთის შემცველობა უმნიშვნელოა.
ფოთოლი საშუალო ზომისაა, ელიფსური ფორმის, ღეროზე ღონიერი ყუნწით მოპირდაპირედ განწყობილი, ფირფიტა ზედა მხარეზე მუქი მწვანეა, ქვედა მხარეზე უფრო ღია,კიდე ძლიერ დაკბილული. შებუსვა ძლიერი, განსაკუთრებით ქვედა მხარეზე, მდიდარია ეთეროვანი ზეთით.
ყვავილი მცირე ზომის, შეკრებილია გრძელ თავთავისებრ ყვავილედში, ჯამის ფოთლები მწვანე, ძლიერ შებუსული და მდიდარია ეთეროვანი ზეთით. ყვავილი ორსქესიანია, იმტვერება მწერით და ქარით, თაფლის კარგი მომცემია.
ფესვი მთავარღერძაა, საამისოდ ღონივრად განვითარებული, ხელსაყრელ პირობებში ვითარდება სიღრმით 70 - სმ- მდე.
გამოყენების სფერო. ევგენოლის რეჰანის მწვანე მასა შეიცავს 0, 33 % ეთეროვან ზეთს, რომელშიც ევგენოლი 22 % - მდეა. ევგენოლის რეჰანის ნაკლი ის არის, რომ მრავლდება მხოლოდ ვეგეტატიურად - კალმების დაფესვიანებით, რაც დაკავშირებულია გარკვეულს სიძნელეებთან, გარდა ამისა ევგენოლის შედგენილობა ეთეროვან ზეთში მცირეა.
დამოკიდებულება აგროკლიმატისადმი. რეჰანი ზრდა-განვითარებისათვის შედარებით მაღალ საშუალო დღიურ ტემპერატურას მოითხოვს და ძლიერ მგრძნობიარეა დილის ყინვებისადმი. მაგალითად, ის 15 °- ის ქვემოთ წყვეტს ვეგეტაციას და 4°C- ზე ფოთლები შავდება, ხოლო 0C°- ზე მთლიანად იღუპება ნერგები, ამიტომ დარგვის ოპტიმალური ვადა წლების მიხედვით შეიძლება არ იყოს ერთგვარი და ის იცვლებოდეს. დარგვის ოპტლიმალურ ვადად ითვლება 20 აპრილიდან 20 მაისი. მაგრამ, როდესაც თბილი და ნაადრევი გაზაფხულია, მაშინ მის რგვის დაწყება უკეთესია 10 აპრილიდან, ამით მეორე დამატებითი მოსავლის მიღებაც გაადვილებულია.
რეჰანისათვის უნდა შეირჩეს მსუბუქი მექანიკური შედგენილობის საკვები ნივთიერებით მდიდარი ნიადაგი.
მშრალ სუბტროპიკებში რეჰანი კარგად იზრდება მძიმე და საშუალო მექანიკური შედგენილობის ღრმა სახნავი ფენის მქონე სტრუქტურულ ნიადაგებზე. ის ვერ ეგუება ნიადაგში ჭარბ ტენს, რისთვისაც გამოყოფილ ნაკვეთზე არ უნდა გუბდებოდეს ზედაპირული წყალი და 70 სმ-ზე უფრო ახლოს ნიადაგის ზედაპირს არ უნდა უახლოვდებოდეს ნიადაგის წყალი.
რეჰანი დიდ მოთხოვნილებას უყენებს ნიადაგის ნორმალურ ტენიანობას და მისი ზრდის ინტენსივობა დიდად არის დამოკიდებული მცენარის ამ ფაქტორით უზრუნველყოფაზე. ნიადაგში რეჰანისათვის საჭირო ტენის სიმცირე იწვევს ზრდის შენელებას და მწვანე მასის მცირე მოსავალს. რეჰანი არ არის გვალვის ამტანი მცენარე. მართალია, გვალვის დროს ის ფესვთა სისტემას უფრო ღრმად ავითარებს და ცდილობს ნიადაგს ზედა ფენაში არსებული ტენის დანაკლისი შეავსოს უფრო ღრმა ფენიდან შეთვისებული ტენით, მაგრამ ამით მწვანე მასის მოსავალი და ერთეულ ფართობიდან მიღებული ეთეროვანი ზეთის გამოსავალი საგრძნობლად მცირდება. ამიტომ საჭიროა რეგულარული მორწყვა.
გამრავლება. ევგენოლის რეჰანი ჩვენში მოჰყავთ როგორც ერთწლიანი კულტურა და ამრავლებენ თესლით. მისი თესლი საკმაოდ წვრილია და ჩითილების გამოსაყვანად მას თესავენ დახურულ გრუნტში ან ღია კვლებზე.
თესვის წინ საჭიროა თესლი დამუშავდეს-გაღივდეს, რათა აღმოცენება დაჩქარდეა, გაღივებული თესლი მეორე-მესამე დღეს იძლევა თანაბარ აღმონაცენს, ხოლო მშრალი თესლი 8 – 9 დღის შემდეგ იძლევა არათანაბარ აღმონაცენს.
თესლის გაღივებას აწარმოებენ ტენიან სილაში, სილა უნდა იყოს სუფთა და წვრილი. თესლის ყოველ წონით ერთეულზე იღებენ სილის ორ ერთეულს და წყლის ერთ ერთეულს. თესლი და სილა ერევა ერთმანეთში და ირწყვება წყლით. თესლი და სილის ნარევი თავსდება სათეს ყუთში 10 სმ-ის სისქით, რომელსაც ხურავენ მინით და ათავსებენ 30 – 35 ტემპერატურის პირობებში, ყოველ 3 -4 საათში ერთხელ საჭიროა თესლის არევა და საჭიროების მიხედვით მორწყვა 37°C ტემპერატურის წყლით. 2 – 3 დღის შემდეგ თესლი ღივდება. როდესაც საერთო რაოდენობის 2 -3% გაღივდება, თესლი მზად არის სათბურში დასათესად. მას უმატებენ წვრილად დაფშვნილ გადამწვარ ნაკელს და თესავენ დახურულ გრუნტში.
რეჰანის თესლის აღმოცენების დასაჩქარებლად აგრეთვე იყენებენ თესლის ამონუმის გვარჯილის 0,3 % - იანი ხსნარით დამუშავების მეთოდსაც. ეს უკანასკნელი მდგომარეობს შემდეგში: ყოველ ლიტრ წყალზე იღებენ 3 გ ამონიუმის გვარჯილას და ხსნარში 18 საათის განმავლობაში ჩაკიდებენ დოლბანდის პარკით რეჰანის თესლს, იმისათვის, რომ თესლი თანაბრად დასველდეს ხსნარში, საჭიროა მისი არევა. ხსნარიდან პარკის ამოღების შემდეგ თესლი წყლით კარგად უნდა გაირეცხოს და ყოველი წონითი ერთეული აირიოს ხუთ წილ სილაში, გაშრეს ჩრდილში, შემდეგ კი შეიძლება დაითესოს როგორც თბილ, ისე ცივ კვალსათბურებში.
მაღალი მოსავლის საფუძველია დროულად გამოყვანილი ჯანსაღი ნერგი, ამიტომ თბილ სათბურში თესვა 10 - მარტისათვის უნდა დამთავრდეს. თითოეული ჩარჩოს ქვეშ ითესება 5 გრ. თესლი, რაც ნორმალური მოვლის პირობებში 1500 - მდე კარგი ხარისხის ნერგის გამოსავალს უზრუნველყოფს.
დათესილი თესლი უნდა დაიფაროს 3 -4 სმ სისქეზე გადამწვარი ნაკელით ან ხელოვნური საკვების ნარევით, რომელიც მსუბუქად უნდა დაიტკეპნოს. დათესვის მომენტიდან აღმოცენებამდე სისტემატურად ირწყვება თბილი (20-30°C) წყლით.
თესლი რომ არ გადაირეცხოს, რწყვას აწარმოებენ სასხურებელი მანქანით. თესვისა და მორწყვის დამთავრებისთანავე სათბურის კოლოფებს ეხურება ჩარჩოები და იფარება ჭილობით. აღმოცენების შემდეგ კი ხშირ რწყვას ვერიდებით.
რეჰანის აღმონაცენი მგრძნობიარეა მზის პირდაპირი სხივების მიმართ და ნაწილობრივ დაჩრდილვის მიზნით ჩარჩოთა მინას წაუცხებენ თხელ ფაფისებრ განზავებულ თიხას. ერთი წყვილი ფოთლის განვითარების შემდეგ თანდათან აძლიერებენ განათებას, თიხის ნაცხისაგან მინის გასუფთავებით და ნერგები ეგუება მზით პირდაპირ განათებას.
სათბურში საჭიროა დავიცვათ სისუფთავე, არ დავუშვათ სარეველა მცენარეთა განვითარება და რეჰანის ნერგებს შევუქმნათ კვების ნორმალური პირობები. ამ მიზნით აწარმოებენ ნერგების გამოკვებას ამონიუმის გვარჯილის ხსნარით. ათ ლიტრ წყალში ხსნიან 20 გ სასუქს და რწყავენ. ყოველ ჩარჩოზე 5 ლიტრის ანგარიშით. სასუქის ხსნარით მორწყვის შემდეგ ფოთლები სუფთა წყლით უნდა გაირეცხოს. დამატებით გამოკვება საჭიროებისამებრ ტარდება ორ - სამჯერ.
გადასარგავად ვარგისი სტანდარტული ნერგი უნდაიყოს ჯანსაღი, სიმაღლით 10 -12 სმ, ჰქონდეს 5 - 6 წყვილი ფოთოლი და კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა. ნერგების ამოთხრა წარმოებს დარგვის წინ.
ნერგების ამოთხრის წინა საღამოს კვალსათბური კარგად უნდა მოირწყოს, ადრე დილით შერჩევით სტანდარტული ნერგები მიწიანად ამოითხრება, ღერძა ფესვები შეეკვეცება და ფესვების წუნწუხში ამოვლების შემდეგ დასარგავად სპეციალური ყუთებით ნაკვეთზე იგზავნება.
პლანტაციის გაშენება და მოვლა. გამოყოფილი ნაკვეთი სუფთავდება მცენარეული საფარისაგან და მზრალად იხვნება 25 -30 სმ სიღრმეზე. ადრე გაზაფხულზე ხნული იფარცხება ან ტარდება კულტივაცია 5 -7 სმ სიღრმით, ხოლო დარგვის წინ - 8 -10 დღით ადრე ნაკვეთი გადაიხვნება ბელტის გადაუბრუნებლად და იფარცხება.
ადგილობრივი პირობების მიხედვით ნიადაგის ძირითადი დამუშავების შემდეგ გაჰყავთ წყლის საწრეტი ან სარწყავი სისტემა და შემდეგ აწარმოებენ რგვას.
რეჰანის სასურველი კვების არე ორ გარემოებაზე დამოკიდებული, თვით მცენარის ჰაბიტუსზე და სამუშაო პროცესების მექანიზაციის შესაძლებლობაზე. გასათვალისწინებელია, რომ მცენარე რაც უფრო უხვად იქნება განათებული, მოსავლის მწვანე მასაში მით უფრო მეტია ფოთლის და ყვავილედის პროცენტული შეფარდება, ე.ი ზეთის მეტი გამოსავალი მიიღება სხვა თანაბარ პირობებში.
დარგვის წინ და დარგვის შემდეგ რეჰანი აუცილებლად უნდა ირწყვებოდეს, თითოეულ მცენარეზე 0, 5 ლიტრი წყლის დასხმით. დარგვიდან 3 – 4 დღის შემდეგ პლანტაცია მოწმდება და მოცდენილი ადგილები შეივსება ნორმალური სიხშირის მისაღებად. ეს ოპერაცია მეორდება თუ საჭიროებამ მოითხოვა.
დარგული ნერგი პირველი 30 -35 დღე ნელა იზრდება. მთელ სავეგეტაციო პერიოდში პლანტაცია სარეველებისაგან უნდა იყოს სუფთა და ფხვიერ მდგომარეობაში.
ევგენოლის რეჰანის ნორმალური ზრდა - განვითარებისათვის საჭიროა ნიადაგის პირობების მიხედვით მინერალური სასუქების შეტანა. ნოყიერ ნიადაგებზე შეაქვთ სუფთა ელემენტზე გადაყვანით: აზოტი 100 კგ, ფოსფორი 120 კგ, კალიუმი 100კგ ; საშუალო სინოყივრის ნიადაგში აზოტი 120 კგ, ფოსფორი 120 კგ, კლიუმი 110 კგ, გამოფიტულ ნიადაგში - აზოტი 150 კგ, ფოსფორი 150 კგ, კალიუმი 120 კგ .
ფოსფოროვანი და კალიუმის სასუქების შესატანი ნორმის ორი მესამედი უნდა შევიტანოთ ორგანული სასუქის შეტანასთან ერთად გადახვნის დროს. ფოსფოროვანი და აზოტოვანი სასუქების შესატანი დოზის ერთი მესამედი კი უნდა შევიტანოთ დარგვისას ბუდნაში.
აზოტოვანი სასუქის შესატანი ნორმის მეორე მესამედი უნდა შევიტანოთ რიგთშორისების მეორე გაფხვიერების დროს, დარგვიდან 20 -25 დღის შემდეგ ინტენსიური ზრდის დაწყების წინ. სასუქების შეტანას ვაწარმოებთ მცენარის გარშემო ფესვის ყელიდან 12 -15 სმ დაშორებით და 12 – 15 სმ წრიულ არეში, რომელიც ჩაკეთდება 7 -8 სიღრმეზე.
აზოტოვანი და კალიუმოვანი სასუქების შესატანი დოზის ერთი მესამედი შეიტანება დარგვიდან 55 – 60 დღის შემდეგ ინტენსიური ზრდის პერიოდში ზემო აღწერილის ანალოგიურად.
მოსავლის აღება. რეჰანის პლანტაციის ტექნიკური სიმწიფე განისაზღვრება ბუჩქის ფიზიოლოგიური მდგომარეობით.
მოსავლის აღების საუკეთესო დროდ მიჩნეულია ბუჩქების ისეთი მდგომარეობა, როდესაც ცენტრალური ღეროს ყვავილედის ქვედა თავთუნებში თესლი მასიურად მწიფდება, ხოლო გვერდითი ტოტები კი მასიური დაყვავილების ფაზაშია.
თუ პლანტაციაში ბუჩქების 70 % - ზე მეტი ასეთ მდგომარეობაშია, მაშინ მისი აღება ზემოაღნიშნულ ფაზაზე უფრო ადრე ან გვიან დაკავშირებულია ზეთის მოსავლის დანაკარგთან. დროზე დარგული რეჰანი ტექნიკურ სიმწიფეში შედის აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის პირველ ნახევარში.
აგვისტოში აღებული რეჰანის პლანტაცია ასწრებს მეორე არასრული მოსავლის მოცემას.
აჭრას აწარმოებენ კარგ ამინდში, ნამის შეშრობის შემდეგ. თუ მხოლოდ ერთ მოსავალს ვიღებთ, მაშინ ღერო იჭრება ფესვის ყელიდან 10-15 სმ-ის სიმაღლეზე ბაღის მაკრატლით, წალდით ან სათიბი მანქანით, ხოლო თუ მეორე მოსავლის აღება ნავარაუდევია, მაშინ იჭრება რეჰანი 12 – 18 სმ-ის სიმაღლეზე.
მეორე მოსავალი უნდა აიჭრას, სანამ აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დაეცემოდეს 8°C ქვემოთ.
სათესლე პლანტაციის გაშენება. სათესლე პლანტაციას აშენებენ ქარებისაგან კარგად დაცულ ნოყიერ და კარგად განათებულ ნაკვეთზე.
უკეთესი განათებისა და თესლის კარგად განვითარების მიზნით კვების არე დიდდება. რიგთაშორისი მანძილი უნდა იყოს 70 სმ.
თესლის აღება წარმოებს ყვავილედის მომწიფებს მიხედვით. პირველ რიგში მწიფდება ცენტრალური თავთავი, სიმწიფე იწყება თავთავის ფუძიდან, ამიტომ როდესაც თავთავის ფუძის თესლი მომწიფებულია, მაშინ მის წვერზე თესლი მომწიფების ცვილისებრ მდგომარეობაშია, ამ დროს თავთავი ღეროს ნაწილით იჭრება, კონებად და იკვრება და შრება. ასე მეორდება გვერდითი ტოტების თავთავების მომწიფების მიხედვით. თავთავების გაშრობის შედეგად ტარდება ლეწვა და თესლი სპეციალურ პარკებში ინახება, მშრალ და გრილ შენობაში.
-
ბლის წარმოების აგროტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 2256 ნახვა
-
ლიმონისებრი რეჰანის ჯიშების დახასიათება 18.01.2019 2082 ნახვა
-
მრპ-ის ჯილეხი ანუ ციმბირის წყლული - სიმპტომები და მკურნალობა 17.01.2019 3966 ნახვა