რეჰანის სასარგებლო თვისებები
07 / 05 / 2019

რეჰანი (Ocimum), ბუჩქბალახოვანი ან ბუჩქოვან მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახს მიეკუთვნება. ცნობილია 150-მდე სახეობა.იგი ველურად იზრდება სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში. ზომიერი ჰავის პირობებში ზოგი სახეობა ერთწლოვანია. ჩვენთან რეჰანის ორი  სახეობაა: ბოსტნის რეჰანი (Ocimum basilicum), რომელსაც იყენებდნენ სანელებლად, საკონდიტრო წარმოებაში და ლიქიორის დასამზადებლად; ევგენოლის რეჰანი (Ocimum manthaefolium, Ocimum gratissimum) 70-100 სმ სიმაღლის მრავალწლოვანი, ტროპიკული ბუჩქბალახია. აქვს თავთავისებრი ყვავილედებით დაბოლოებული გვერდითი ტოტები, დატოტვილი ფუნჯა ფესვი, მსხვილი კვერცხისებრ-ლანცეტისებრი ფოთოლი. ჰა-ზე მოდის 400-800 კგ. მწვანე მასა, რომელიც შეიცავს 0,3% ეთერზეთს, ხოლო ეს უკანასკნელი 70%-მდე ევგენოლს.

რეჰანს იყენებენ კვების მრეწველობაში, პარფიუმერიასა და მედიცინაში - სამკურნალო საშუალებად.

ქიმიური შემადგენლობა. მიწისზედა ნაწილი (ყვავილები, ფოთლები და მცენარის ზედა გაუმერქნებელი ორგანოები) შეიცავს ეთერზეთებს, ტანინებს, მწარე ნივთიერებებს, მინერალური ნივთიერებებს, ვიტამინი C-ს, კაროტინის, რუტინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: მატონიზირებელი, მადისმომგვრელი, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტიკური, ანტიმიკრობული.

გამოყენება მედიცინაში:

შარდსასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების, შარდვის დროს წვის შეგრძნების, ხველების, ძნელადშეხორცებადი ჭრილობების, ეგზემის, მეტეორიზმის, სპასტიკური კოლიტის, ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის, სტომატიტების, პირის ღრუში ანთებითი პროცესების დროს.

თავისი ანტისეპტიკური თვისებების გამო, რეჰანის ნაყენი ეფექტურია გაციების, მაღალი სიცხის, ძლიერი ხველების, თვალების ანთებითი პროცესების (მათ შორის კონიუნკტივიტის) და ღრძილების ანთების და კბილის ტკივილის დროს: 1 ს.კ. გამხმარ რეჰანის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30-40 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. ძლიერი გაციების და ხველების დროს მიიღეთ ½ ჭიქა თბილი ნაყენი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ხოლო თვალებისა და ღრძილების ანთების დროს გამოიყენეთ სავლების სახით.

დეპრესიებისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც მუდმივად იმყოფება სტრესის ქვეშ რეკომენდებულია რეჰანის ფოთლების დამატება ჩვეულებრივ ჩაიში, ვინაიდან ეს მცენარე ბუნებრივი ანტიდეპრესანტია და აქედან გამომდინარე არა მხოლოდ ხსნის დაღლილობას, არამედ აუმჯობესებს განწყობას. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ თავისი ეფექტურობით ამ სასწაული მცენარის ერთი ფინჯანი ჩაი უდრის შავი შოკოლადის რამდენიმე ფილას.

გამოყენებული წყარო: ვიკიპედია, „საქართველოს სამკურნალო მცენარეები“ ავტორები - ოდიშარია, საბახტარიშვილი.

მსგავსი სიახლეები