ვაშლი - ბაღის გაშენება, ძირითადი აგროწესები
11 / 01 / 2019

ნიადაგის მომზადება გასაშენებლად. ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე, საბაღე ნაკვეთზე ტარდება საპლანტაჟო მოხვნა 60-80 სმ-სიღრმეზე, ან ნახევრად საპლანტაჟო ხვნა 40-60 სმ. სიღრმეზე, გვიან შემოდგომით ან გაზაფხულზე მოხდება გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით, შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერება, ბოლოს - როტაციული კულტივატორით ნაკვეთის “ფრეზირება”.

დასარგავი ორმო. ნერგის დასარგავად, საჭიროა მომზადდეს ორმოები, რომელთაც ექნებათ 40 სმ. სიგანე, 30 სმ. სიგრძე და 40 სმ სიღრმე. ასევე, შესაძლებელია დარგვისათვის გაკეთდეს 25-დან 35 სმ-მდე სიღრმის ტრანშეები.

ნერგის ხარისხი. ნერგი უნდა იყოს ჯანსაღი, დაუზიანებელი ფესვთა სისტემით და კარგად შეხორცებული ნამყენი ადგილით.

დარგვის სქემები:

  • ძლიერ საძირეებზე დამყნილი ნერგები –  რიგთაშორის 8 მეტრი, მცენარეებს შორის – 6-8 მეტრი.
  • ნახევრად ნაგალა საძირეებზე (M7,MM106) — 4,5-5,0X2,5-3,0 რიგთაშორის 4,5 მეტრი, მცენარეებს შორის – 2,5-3 მეტრი.
  • ნაგალა საძირეზე (M9 EMLA, Pაჯამ1, Pაჯამ2, Nაკბ) – რიგთაშორის 3-4 მეტრი. ხოლო რიგში მცენარეებს შორის – 1-1,5 მეტრი. (ნაგალა საძირისათვის აუცილებელია საყრდენი სისტემა)

დარგვის წესი. დარგვისას ნერგის ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე, (ნაგალა ნერგების ნამყენი ადგილი უფრო მაღლა: 15-20 სმ. სიმაღლეზე).

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნაგალა საძირეებზე დამყნობილი ვაშლის ნერგების ნამყენი ადგილი, რაც უფრო ზევით იქნება განთავსებული ნიადაგის ზედაპირიდან მცენარე ზრდაში შეიზღუდება და მალე შევა მსხმოიარობაში. დარგვამდე უნდა შეიკვეცოს ფესვები და დარჩენილ ფესვთა სისტემა, ორმოში თანაბრად უნდა გაიშალოს, მიეყაროს ფხვიერი მიწა, კარგად მოიტკეპნოს, მოირწყას და აიკვრას ჭიგოზე.

დარგვის დრო. თებერვალი-მარტი ან ნოემბერი-დეკემბერი.

ნიადაგის განოყიერება დარგვისას. სასუქები შეაქვთ ორმოებში. ამ დროს ორმოს ფსკერზე იყრება აზოტის, კალიუმის და ფოსფორის შემცველი სასუქები, თითოეული მათგანი საშუალოდ 30-50 გრამის ოდენობით. ორმოში სასუქის ჩაყრის შემდეგ, აუცილებელია სასუქის 5-10 სმ. სისქის მიწით დაფარვა.

გარდა ამისა, დარგვისას ნერგისათვის შემოსაყრელ მიწას უნდა შეერიოს 10-15 კგ. გადამწვარი ნაკელი. ეს ოპერაცია (ნაკელის შეტანა) საჭიროა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პლანტაჟის დროს არ იქნა ნაკელი შეტანილი. პლანტაჟის დროს კი საჭიროა 30-40 ტონა ნაკელის შეტანა ერთ ჰექტარზე.

ნიადაგის ამ სახით განოყიერების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდა ბაღში არ არის საჭირო ნაკელის და მინერალური (ფოსფორიანი და კალიუმიანი) სასუქების გამოყენება.

გამოიყენება მხოლოდ აზოტიანი სასუქები ყოველწლიურად ადრე გაზაფხულზე. 

მსგავსი სიახლეები