სამკურნალო მცენარეები - აბზინდა
20 / 05 / 2019

წარმოშობა და ბოტანიკური აღწერილობა.  აბზინდა (Artemisia absinthium L.) - მცენარე, მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს (Asteraceae (Compositae)). იგი მრავალწლოვანი 2 მ–მდე სიმაღლის მცენარეა, ნაცრისფერ - ქეჩისებრი შებუსვით, ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია, ფირფიტა ფართო კვერცხისებრი ფორმის, ორმაგ–სამმაგად ფრთისებრგანკვეთილი ლანცეტა ფორმის სეგმენტებად.

ყვავილები მცირე ზომისაა, ნახევრადსფეროსებრი, შეკრებილია გრძელ საგველასებრ ყვავილედებად. მცენარე ყვავილობს ივლის-სექტემბერში.

მწარე აბზინდა იზრდება რიყეზე და გზის პირებზე, თითქმის მთელ საქართველოში.

ქიმიური შემადგენლობა. შეიცავს მწარე გლოკოზიდებს (აბზინტინი და ანაბზიტინი), ეთერზეთებს, ტერპენოიდების, ქამაზულენს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ალკალოიდებს, ფიტონციდებს, ორგანულ მჟავებს და კაროტინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება. კუჭის წვენის, ნაღვლისა და პანკრეასის წვენის სეკრეციის გამაძლიერებელი, საწმლის მონელების ფუნქციის მასტიმულირებელი. მსხვილი ნაწლავების სპაზმის მომხსნელი, ანთების და ჭიის საწინააღმდეგო, ნაღვლმდენი, შარდმდენი, ჭრილობის შემახორცებელი, ცენტრალური ნერვული სისტემის აღმგზნები, სუსტი საფაღარათო და ორგანიზმში სისხლწარმოქმნის ფუნქციის გამაძლიერებელი.

გამოყენება მედიცინაში. გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევის, სისხლდენის, მსხვილი ნაწლავების სპაზმის, შარდვის გაძნელების, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების, ქოლეცისტიტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადების, მეტეორიზმის, თირკმლის დაავადებების, ასკარიდოზის, ასთენიის, უძილობის, ანემიის, ეპილეფსიის და ჭრილობების დროს.

აბზინდას პრეპარატები აძლიერებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების ფუნქციას, აძლიერებენ მადას და აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას - აძლიერებენ საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას და ნაღვლის და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის გამოყოფას.

აბზინდას იყენებენ საჭმლის მონელების დარღვევის, მაღალი მჟავიანობის, გასტრიტის, მეტეორიზმის, ღვიძლის  და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ანემიის დროს. აბზინდას ნაყენი ან ფხვნილი აძლიერებს კუჭის წვენს, აქრობს უსიამოვნო სუნს პირიდან.

 აბზინდა ტკივილგამაყუჩებელია, მას იყენებენ ძარღვების დაჭიმვის, ამოვარდნილობის, მსხვილი ნაწლავის სპაზმის და ანთების დროს. ხალხურ მედიცინაში აბზინდას იყენებენ ჭიების დასაყრელად; მის ნაყენს ხმარობენ კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, ხოლო მის წვენს ბრონქიალური ასთმის, ეგზემის, რევმატიზმის, ნაღველკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ და უძილობისას. ნიკრისის ქარის და რევმატიზმებისას აბზინდას იყენებენ აბაზანებში.

წინააღმდეგჩვენება. ორსულობა, ენტეროკოლიტი, დიდი დოზებით მიღება იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებას.

დიდი ხნის განმავლობაში მიღება, თუნდაც უმცირესი დოზებით, იწვევს გულისრებას და პირღებინებას, ხელს უწყობს ანემიის განვითარებას.

დამზადების წესი - ჩაის მომზადება: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხავენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს, ჭურჭელს ფარავენ მკვრივი ქსოვილით 20 წუთი და წურავენ.

მიღება. 1/4 ჭიქა ს -ჯერ დღეში, 30 წუთით ადრე ჭამამდე.

პრეპარატები. არსებობს აბზინდას სპირტიანი ხსნარი (Tinctura Absintini) მზადდება 70% იან სპირტზე(1 : 5 ) .

წყარო: ვიკიპედია, სამკურნალო მცენარეები - საბახტარიშვილი

მსგავსი სიახლეები