ვაზის მავნებლები – ყურძნის ჭია
04 / 07 / 2019

ლათინური სახელწოდება: Lobesia (Polychrosis) botrana Schiff.

გავრცელება და აგებულება. საქართველოს ტერიტორიაზე ყურძნის ჭია გავრცელებულია მევენახეობის რაიონებში ძირითადად კახეთში. გვხვდება ასევე ქართლსა და იმერეთშიც. ყურძნის ჭიის პეპელა პატარა ზომის მწერია. მისი სიგანე შეადგენს 10-13 მმ-ს, სიგრძე კი_4-5 მმ-ს. მისი წინა ფრთები ღია ნაცრისფერია. ხოლო ფრთების უკანა მხარეს განვითარებული აქვს ჯინჯილები. ზედა მხრიდან მურა-ნაცრისფერია, ქვედა მხრიდან და გვერდებიდან კი ღია ნაცრისფერი. მას აგრეთვე გააჩნია ტანთან შედარებით მსხვილი, ძაფისებრი, უბეწვო ულვაშები.

ბიოლოგია და მისი დამოკიდებულება გარემო ფაქტორებთან. ყურძნის ჭია საქართველოს პირობებში იძლევა სამ გენერაციას ერთი წლის განმავლობაში. იზამთრებს თეთრი აბლაბუდის თხელ პარკში. მისი ჭუპრები გვხვდებიან ძირითადად ვაზის შტამბზე, მცენარის კოკრებში, ღეროს ქერქის ქვეშ და ნაპრალებში. ჭუპრდება აგრეთვე ასახვევ მასალასა და დახვეულ ფოთლებში. მცირე ნაწილი ჭუპრებისა გვხვდება ჩამოცვენილ ფოთლებსა და ჭიგოებში. ზამთრის ყინვების შედეგად მათი გარკვეული ნაწილი იღუპება. დადგენილია, რომ -15°C ყინვების პირობებში, თუ ეს ტემპერატურა გაგრძელდა 15 დღის განმავლობაში, ჭუპრების 75% იღუპება. გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 15-16°C, იწყება პეპლის გამოფრენა ჭუპრიდან. ჭუპრიდან პეპლის გამოფრენის ვადები შესაძლებელია დადგინდეს აქტიურ ტემპერატურათა ჯამის მიხედვითაც (განვითარების ქვედა თერმული ზღვარის 10°C-ის ზემოთ), რომელიც 115°C და 130°C-ს შორის მერყეობს. პეპლის ფრენა დაახლოებით ერთ თვეს გრძელდება. ჭუპრიდან გამოსული პეპელა დაახლოებით 2-5 დღეში იწყებს კვერცხების დებას. ერთი დედალი პეპელა 100-160-მდე კვერცხს დებს. პირველი გენერაციის პეპელა კვერცხს დებს კოკორზე, მეორე გენერაციისა - მწვანე მარცვალზე. ამ მავნებლის ხელშემწყობ ბუნებრივ ფაქტორად კვერცხდების პერიოდში გვევლინება მაღალი ტენიანობა, რომელიც საერთოდ, დადებითად მოქმედებს მის ცხოველმყოფელობაზე. მაღალი ტემპერატურისა და დაბალი ფარდობითი ტენიანობის პირობებში კი მავნებელს უქვეითდება კვერცხდების უნარი, ან საერთოდ უნაყოფო რჩება.
თითოეული გენერაციის მატლის განვითარება რამდენადმე ემთხვევა ვაზის ვეგეტაციის გარკვეულ სტადიებს: პირველი გენერაციის მატლები იჩეკება ყვავილობის წინ, მეორე გენერაციისა - შეთვალებისას. მესამე გენერაციისა კი ნაწილობრივ ვერ ამთავრებს კვებასა და განვითარებას, კრეფის დროს ყურძენს მიყვება და მასთან ერთად იჭყლიტება. ტემპერატურული პირობების მიხედვით, მატლის კვება და განვითარება 17-15 დღეში მთავრდება.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოში ყურძნის ჭია ვენახის ერთ-ერთი ძირითადი მავნებელი მწერია. მისი პირველი გენერაციის მატლი   აზიანებს ვაზის ყვავილედებს (დაზიანების ხარისხი ვაზის ჯიშის მიხედვით 30-50% შორის მერყეობს. განსაკუთრებით ძლიერად კუმსმტევნიანი და თხელკანიანი მარცვლის მქონე ჯიშები ზიანდება). ყვავილებს მატლი აბლაბუდის თხელ ქსელში ახვევს, შიგ ექცევა და ისე იკვებება. ყვავილობის დამთავრებითანავე მატლი აზიანებს ახლადგამონასკვულ ნაყოფს და კლერტს, რის გამოც მტევანი მთლიანად ან ნაწილობრივ ხმება. დაყვავილების შემდეგ კი მატლი ახადლგამონასკვულ ნაყოფს ახვევს აბლაბუდის ქსელში და შიგ მოქცეული მარცვლით იკვებება. რიგ შემთხვევებში მტევანი მთლიანად აბლაბუდის ქსელშია გახვეული. მეორე გენერაციის მატლი ვითარდება ივლისის დასაწყისში და იწყებს კვებას მწვანე მარცვლით. ერთი მარცვლის შიგთავსის შეჭმის შემდეგ მავნებელი გადადის მეორეზე და ამავდროულად მარცვლებს ერთმანეთზე აწებებს თხელი აბლაბუდით. ყურძნის ჭიის ერთი მატლი საშუალოდ 8-10 - მდე ყურძნის მარცვალს ანადგურებს. დაზიანებული მარცვლები ძირს ცვივა ან აღწევს სიმწიფემდე, მაგრამ მათი უმრავლესობა სიდამპლის გამომწვევი სოკოვანი დაავადებით ავადდება და იღუპება.

რძოლის ღონისძიებები:

  • ვაზის დროული გაფურჩვნა;
  • მცენარეული ნარჩენების შეგროვება და განადგურება;
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
მსგავსი სიახლეები