ატამი - ბაღის გაშენება, მოვლა, სხვლა-ფორმირება, მოსავლის აღება
11 / 01 / 2019

ნიადაგის მომზადება გასაშენებლად. ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე, საბაღე ნაკვეთზე ტარდება საპლანტაჟო მოხვნა 60-80 სმ-სიღრმეზე, ან ნახევრად საპლანტაჟო ხვნა 40-60 სმ. სიღრმეზე, გვიან შემოდგომით ან გაზაფხულზე მოხდება გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით, შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერება და ბოლოს როტაციული კულტივატორით ნაკვეთის “ფრეზირება”.

არგვის წესები და ნორმები. ირგვება 40 X30-40 სმ სიდიდის ორმოებში, ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ სიმაღლეზე. დარგვის სქემები ძლიერ საძირეებზე (ატამი, ტყემალი, ნუში) 5,0-5,5 X5,0-4,0 მეტრი საშუალო საძირეზე (რუტპაკ 40) — 4,0-5,0X1,5-3,0 მეტრი (მოითხოვს საყრდენ სისტემას).

მორწყვა. ატამს ტენით უზრუნველყოფა განსაკუთრებით სჭირდება ნაყოფების დამსხვილების ეტაპზე და სიმწიფის დასაწყისში.

მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე. ამ ფაქტორების და ნაყოფის განვითარების ფაზების გათვალისწინებით, საშუალოდ: წვეთოვანი მორწყვის სისტემის პირობებში საჭიროა ატმის ბაღი სავეგეტაციო წლის განმავლობაში 16-24-ჯერ მოირწყას. ხოლო მოღვარვით მორწყვის შემთხვევაში ატმის ბაღის მორწყვა საჭიროა საშუალოდ 5-6-ჯერ სეზონის განმავლობაში. წვეთოვანი მორწყვისას, თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა არის 60-80 კუბ./მ 1 ჰა-ზე, ხოლო მოღვარვით მორწყვის შემთხვევაში  – 500-700კუბ./მ 1 ჰა-ზე.

ნიადაგის განოყიერებაატმის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით.

ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:

  • აზოტი N—2,8-3,4%/მშრალ ნივთიერებაზე.
  • ფოსფორი P—0,13-0,20%/მშრალ ნივთიერებაზე..
  • კალიუმი K—1,3-1,8%/მშრალ ნივთიერებაზე..
  • მაგნიუმი Mg—0,30-0,70%/მშრალ ნივთიერებაზე..
  • კალციუმი Ca—1,6-2,6%/მშრალ ნივთიერებაზე.

 საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა ატმის ბაღში შეტანილი იქნას 100-120 კგ. აზოტი, 80-100 კგ. ფოსფორი და 80-100 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები). გარდა ამისა, ორგანული სასუქების სახით საჭიროა 20-30 ტ. კომპოსტის შეტანა შემოდგომაზე, ან ადრე გაზაფხულზე.

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდებია:

  • აზოტი— ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შეტანა ხდება კვირტების დაბერვის პერიოდში. ხოლო მეორე შეტანა კი მოსავლის აღების შემდეგ.
  • ფოსფორი— ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში.
  • კალიუმი— ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში.

სხვლა-ფორმირება. არსებობს ატმის გასხვლის სხვადასხვა მეთოდები. მაგალითად, ძლიერ და საშუალო საძირეებზე გამოიყენება ცენტრალურ-ლიდერული ფორმირება, ნაგალა საძირეებზე – ცენტრალურ-ლიდერული და შპინდელი.

ცენტრალურ-ლიდერული წესით გასხვლის არსი მდგომარეობს იმაში,, რომ ასეთ დროს კვეცავენ და ამოკლებენ გვერდით ტოტებს, რათა მეტად განვითარდეს ცენტრალური (ანუ ლიდერი) ტოტი. თუმცა იგი ზედმეტად რომ არ გაიზარდოს, მასაც ამოკლებენ 1/3-ით.

ყოველ მომდევნო გასხვლისას ტოვებენ ისეთ ახლად წარმოქმნილ გვერდით ტოტებს, რომლებიც მავთულის გასწვრივ ვითარდებიან და საბოლოო ჯამში მცენარე კონუსურ ფორმას იღებს.
შპინდელის ფორმით სხვლის დროს კი დაუტოტავი ნერგი იკვეცება 70-80 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო დატოტვილი ზედა ტოტიდან 30-40 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო ვეგეტაციის პერიოდში (ზაფხულში) ამოიჭრება ლიდერის კონკურენტი ტოტები, ხოლო ქვედა ტოტები მაგრდება მავთულზე. მეორე წელს, თუ მცენარეს ძლიერი ზრდა შეუნარჩუნდება, ლიდერი არ იჭრება, მოიჭრება მხოლოდ კონკურენტი და ქვედა ტოტები მაგრდება მავთულზე. ასეთნაირად გრძელდება 4-5 წლის განმავლობაში. შემდეგში ხდება მობერებული ვერტიკალურად მოზარდი, ჩახშირებული და ნაკლებად პროდუქტიული ტოტების გამოხშირვა.
გარდა ამისა, ატმის მოვლის მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება ე.წ. “მწვანე გასხვლა”, რომელიც ტარდება მოსავლის აღების შემდეგ. მისი უმთავრების მიზანია დაზიანებული-დამტვრეული ტოტების ჩამოცილება და ხე-მცენარეების ვარჯისათვის ზრდის სასურველი ინტენსივობის უზრუნველყოფა – ამ მიზნით მწვანე გასხვლისას მიმართავენ ორ მეთოდს:

1. ერთწლიანი ტოტების დამოკლებას მისი სიგრძის 1/3-ით ან 2/3-ით.
2. ტოტების ამოჭრას.

ატმის გასხვლის მეთოდის შერჩევისას, ასევე მხედველობაშია მისაღები ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ქარისაგან დაცულობის თვალსაზრისით.

მოსავლის აღება-შენახვა. ატმის მოსავლის აღება ჯიშების მიხედვით ხდება, კონკრეტული ჯიშისათვის დამახასიათებელი ფერის, ზომის და გემოს მიღწევის შემდეგ.

შენახვის პირობები:

შენახვის ოპტიმალური ტენიანობა: 90-95%.
შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა: 0-დან -1°С-მდე.
შენახვის ვადა მოცემულ პირობებში: 20-30 დღე.

მსგავსი სიახლეები