ატამი - ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
11 / 01 / 2019

ატმის სამშობლოდ ჩრდილო და ცენტრალური ჩინეთი ითვლება. ატმის ხე სხვა ხეხილთან შედარებით ყველაზე ადრე შედის მსხმოიარობაში, დარგვიდან მეორე წელს იწყებს მოსავლიანობას. 3-4 წლის ასაკში ატმის ნარგაობა იძლევა სრული მოსავლის 25%-ს, 5-6 წლიანი – 75%-ს, მეშვიდე წლიდან კი შედის სრულ მსხმოიარობაში.

დამოკიდებულება აგროკლიმატურ პირობებთან. ატამი კარგად ხარობს ღრმა ალუვიურ კარბონატულ ნიადაგებზე. ნიადაგისადმი ატმის შემგუებლობა ასევე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საძირეზე – ჭარბტენიანი ნიადაგებისათვის ატამს ამყნიან ტყემლის საძირეზე, რომელიც უკეთესად იტანს გრუნტის წყლის სიახლოვეს და დროებით დაჭაობებას. ატმის ხე საკმაოდ გვალვაგამძლე მცენარეა. მისი ფოთოლი ხანგრძლივ გვალვას უძლებს, მაგრამ მოსავლის შენარჩუნებისა და ნაყოფის ხარისხისათვის ატამს სჭირდება წყლის საკმარისი რაოდენობა. ასევე ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია კარგი განათება. კულტურის ყინვაგამძლეობა დამოკიდებულია კონკრეტული ჯიშის თვისებებზე. მოსვენების პერიოდში იგი უძლებს ტემპერატურის -22°С-მდე დაცემას. ნიადაგის მჟავიანობის ოპტიმალური არე (pH) ატმისათვის 6,0-7,0-ის ფარგლებშია, განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 15-30°C, ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა 60-65% -ის ხოლო ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა კი 70-დან 80%-მდე.
ატმის ნაყოფის ქიმიური შედგენილობა. ატმის ნაყოფის რბილობი შეიცავს (%-ით) 7-12 შაქარს, 0,08-1,02 მჟავებს, 0,5-1,2 პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.

მსგავსი სიახლეები