
კულტურის ზოგადი დახასიათება
ლათინური დასახელება |
Citrus limon (L.) Buzm. |
ბოტანიკური ოჯახი |
Rutaceae - ტეგანისებრთა |
სიცოცხლის ხანგრძლივობა |
75 წელი |
განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა |
25-30°C |
ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა |
75-85% |
ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა |
70-80% |
ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია, pH |
5.5-6,0 |
გავრცელების არეალი ზღვის დონიდან |
150-350 მ. ზღვის დონიდან |
საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი |
4600°C |
კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი |
-7-8°C |
კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი |
20-35°C |
სასურველი წინამორბედი კულტურები |
პარკოსნები, მარცვლოვნები |
არასასურველი წინამორბედი კულტურები |
ჭარხალი, კარტოფილი სტაფილო |
ლიმონი მიეკუთვნება ციტრუსების გვარის მარადმწვანე მცენარეთა ჯგუფს, ტეგანისებრთა ოჯახს. ძირითადად დაბალმზარდი მარადმწვანე ხე ან ბუჩქია. მცენარისათვის დამახასითებელია მძლავრი განტოტვა და ეკლიანობა, ფოთოლი დიდი ზომისაა, ელიფსური ან ფართო ოვალური ფორმის, წვეტიანი, ყუნწი თითქმის უფრთო ან ვიწროფრთიანი, ღია მწვანე ფერის, სიგრძე - 9-16 სმ, სიგანე 4-9 სმ, ფოთლის გასრესისას იგრძნობა ლიმონისათვის დამახასიათებელი სუნი.
ლიმონის ყვავილი ძლიერ სურნელოვანია, ორსქესიანი. ნაყოფის სიდიდე და ფორმა ცვალებადობს ჯიშის, მცენარეზე ადგილმდებარეობის და მსხმოიარობის მიხედვით.
ლიმონი ვეგეტაციას და ყვავილობას იწყებს გაზაფხულზე და ამთავრებს გვიან შემოდგომაზე.
დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. ვეგეტაციის დაწყებიდან მოსავლის აღებამდე ლიმონს ესაჭიროება 200-220 დღე. ლიმონთა უმეტესობა, რემონტატულობის თვისებიდან გამომდინარე, ოპტიმალური ტემპერატურის პირობებში ყვავილობს და მსხმოიარობს მთელი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ლიმონი სინათლის მოყვარულია, მზის პირდაპირი სხივები და ჰაერის მაღალი ტემპერატურა მასზე უარყოფითად მოქმედებს.
ლიმონისათვის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება: ნასკვების ფორმირების პერიოდში 20°С, მომწიფების პერიოდში 25°С, ნაყოფის განვითარების დასაწყისში კრიტიკული მაქსიმალური ტემპერატურაა 28-30°С. მეორე პერიოდში - 35-36°С, უფრო მაღალი ტემპერატურა იწვევს ნაყოფის ჩამოცვენას.
ტენისადმი მოთხოვნილების მიხედვით ლიმონი მეზოფიტ მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება. ნორმალური ზრდისა და მსხმოიარობისათვის ტენის ბალანსის კოეფიციენტი ნიადაგში 1,4-1,6-ს უნდა აღწევდეს. ტენი უფრო მეტად მცენარეს აქტიური ზრდისა და ყვავილობა-გამონასკვის დროს სჭირდება. ამ დროს ტენის უკმარისობა ყვავილებისა და ნასკვების გაძლიერებულ ცვენას იწვევს, რაც ცხადია, საგრძნობლად ამცირებს მოსავლიანობას.
ლიმონისათვის საუკეთესოა ჰუმუსით მდიდარი წითელმიწები, ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი ყვითელმიწა, სუსტი გაეწრებული და ალუვიური ნიადაგები.
ქიმიური შემადგენლობა. ლიმონის ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს ლიმონის მჟავას - 6-7%, შაქარს - 1,7%, C ვიტამინს - 75,5 მგ/%.
ლიმონის პლანტაციის გაშენება
ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა. ლიმონისათვის საუკეთესოა ჰუმუსით მდიდარი წითელმიწები, ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი, ყვითელმიწა, სუსტი გაეწრებული და ალუვიური ნიადაგები. მელიორაციისა და წინასწარი გაკულტურების შემდეგ ლიმონისათვის ასევე გამოსადეგია ისეთი ნიადაგები, სადაც გრუნტის წყლის დონე 75 სმ-ზე დაბალია. ამ მიზნით ტენიან ნიადაგებზე ლიმონის გასაშენებლად ფართობების მომზადებისათვის საჭიროა მათი წინასწარ დაშრობა სადრენაჟო ქსელის მოწყობით, რამაც გრუნტის წყლის დონე უნდა დასწიოს ნიადაგის ზედაპირიდან 75 სმ. სიღრმეზე და უზრუნველყოს ზედაპირული წყლების გატარება 24 საათის განმავლობაში.
ლიმონის დარგვის წინ ვაკე და ფერდობ ადგილებზე (15°-მდე დაქანებისას) ეწყობა ნიადაგის მთლიანი დამუშავება 45-50 სმ-ის სიღრმეზე, ხოლო 15-დან 30°-მდე დაქანებულ ფერდობებზე კი ტერასები ეწყობა.
ლიმონის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 5,5-დან 6,0-მდეა.
იმ შემთხვევაში, თუ ლიმონის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის ლიმონის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.
ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი pH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.
მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.
ნიადაგის მომზადება პლანტაციის გასაშენებლად. ლიმონის კულტურის გასაშენებელი ნაკვეთი უნდა გათავისუფლდეს ხეებისა და ბუჩქებისაგან და მათი ფესვები 50 სმ-ზე ამოიძირკვოს. ნიადაგი მზადდება დარგვამდე ერთი-ორი წლით ადრე. ნიადაგის მომზადებისას უნდა შევიტანოთ ფოსფოროვანი სასუქი ერთ ჰექტარზე 500 კგ, რომლის შერევა ხდება დამუშავების მთელ სიღრმეზე. ამის შემდეგ ითესება სათოხნი კულტურები უმეტესად ცერცვოვანები. ლიმონის გასაშენებლად გამოყოფილ ნაკვეთში არ შეაქვთ ფოსფორი, თუ იგი ამ ნაკვეთზე წინა წლებში სისტემატურად შეჰქონდათ.
ლიმონის პლანტაციის გასაშენებლად, დარგვის წინ ვაკე ადგილებსა და ფერდობებზე (150-მდე დაქანების) ხდება ნიადაგის მთლიანი დამუშავება, 15-30 გრადუსამდე დაქანებულ ფერდობებზე ტერასები ეწყობა. ვაკე ადგილებსა და იმ ფერდობებზე, რომელთა დაქანება 15 გრადუსამდეა, ნიადაგი მუშავდება მთლიანად 45 სმ სიღრმეზე.
ნიადაგის მთლიანი დამუშავებისთანავე ფერდობებზე ეწყობა წყალამრიდი ტერასები, წყალამრიდი ტერასები გაყავთ ერთმანეთისაგან 30-45 მ დაშორებით, რაც უფრო ციცაბოა ფერდობი, მით უფრო მეტი რაოდენობით უნდა მოეწყოს წყალამრიდი ტერასები.
წყალამრიდ ტერასებს ერთსა და იმავე დროს იყენებენ, როგორც საცალფეხო, ისე ვიწროგაბარიტიანი სატრანსპორტო მანქანების გზად. პირველ შემთხვევაში ტერასის სიგანე უნდა იყოს 1,5 მეტრი, ხოლო მეორე შემთხვევაში 2,5 მ. წყალამრიდი ტერასის ზედაპირს უნდა ჰქონდეს 5-6 გრადუსი დაქანება საერთო დაქანების მოპირდაპირე მხარისაკენ. წყალამრიდი ტერასიდან წყლის ვარდნის ადგილზე ეწყობა ვერტიკალური წყალშემკრები თხრილი, რომლის სიღრმე 15-20 სმ, ხოლო სიგანე 35-50- სმ იქნება. წყალშემკრები თხრილების დაღარვის თავიდან ასაცილებლად თხრილების ძირი ქვით უნდა ამოიფინოს. წყალამრიდი ტერასების ზედა და ქვედა კოდმეები თანდათანობით ყამირდება.
თუ ლიმონის პლანტაციის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა ლიმონი, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა ლიმონის ახალი ბაღის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკები.
ნერგის მომზადება. ნერგები გამოყავთ 20х30სმ ზომის 3კგ. ტევადობის, პოლიეთილენის პარკებში. სუბსტრატი: ალუვიალური ნიადაგი +ტორფკომპოსტი (1:2). მარტ-აპრილში პარკებში რგავენ ტრიფოლიატის არანაკლებ 3მმ დიამეტრიან თესლნერგებს. ლიმონის ნერგებს ამყნობენ ადრე შემოდგომაზე, ტრიფოლიატის 5-6 სმ. დიამეტრის მქონე საძირეებზე.
დასარგავად გამზადებულ ლიმონის ხარისხიან ნერგებს უნდა ჰქონდეთ 10-15 სმ სიმაღლის შტამბი, 2-3 ძირითადი ტოტი და კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა.
დასარგავი ორმო. დარგვის წინ მონიშნულ ადგილებში ამოიღებენ 30 სმ. სიგრძის და 40 სმ. სიგანის ორმოს და მასში შეაქვთ 10 კგ. გადამწვარი ნაკელი ან ტორფნაკელიანი კომპოსტი და სუპერფოსფატი 50 გრ. მჟავე ნიადაგებში სასურველია დამატებით შეტანილი იქნას 1 კგ. დეფეკაციური ტალახი.
დარგვის წესი. დარგვა წარმოებს 1–2 წლიანი, კარგი ფესვთა სისტემის მქონე სტანდარტული ნერგებით. დარგვის წინ ნერგზე უნდა მოიჭრას დაზიანებული ფესვები და ტოტები. დარგვა შეიძლება შემოდგომაზე და გაზაფხულზე. დარგვამდე ფესვებს ამოავლებენ წუნწუხში, ათავსებენ ორმოში, აყრიან მიწას და ტკეპნიან. აუცილებლად გასათვალისწინებელია რომ, დარგული ნერგის ფესვის ყელი იყოს ნიადაგის ზედაპირიდან 3–4 სმ სიმაღლეზე. მცენარე უნდა მოირწყოს, თითოეულ მცენარეზე 1 ვედრო წყლის ანგარიშით და აიკრას ჭიგოზე. მორწყვის შემდეგ ხდება ნიადაგის ზედაპირის დამულჩვა 1 მ დიამეტრით, 10-12 სმ სისქის ორგანული მულჩით. ნერგი ირგვება შემოდგომაზე 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე, გაზაფხულზე 25 მარტიდან აპრილის ბოლომდე. კონტეინერული წესით გამოყვანილი ნერგი შეიძლება დაირგოს წლის ნებისმიერ დროს.
დარგვის სქემები. გავრცელებული დარგის სქემაა მცენარეთა შორის 2-2.5 მ-ის, მწკრივთაშორის კი 4-5 მ-ის დაშორება.
კვების არე. ვაკე ადგილებსა და ფერდობებზე 15 გრადუსამდე დაქანების ნიადაგის მთლიანი დამუშავებისას მცენარეები ირგვება სწორკუთხოვნად, ლიმონისათვის მცენარეთაშორის მანძილი, როგორც ვაკე ადგილებზე, ისე ტერასებზე უნდა იყოს 2 მეტრი, ხოლო რიგთაშორის 4 მეტრი. ასეთი განლაგებით ერთ ჰექტარზე დაეტევა 1250 ძირი ლიმონი.
ლიმონის მსხმოიარე პლანტაციის მოვლა
ნიადაგის ძირითადი დამუშავება. ლიმონის ნარგაობის ორმეტრიანი ზოლი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში მუშავდება 3-4-ჯერ და იმულჩება მცენარეული მასით.
რიგთაშორის 2-3 მ-იან ზოლებში თესავენ სიდერატებს ან ტოვებენ ბალახს.
ახალგაზრდა ბაღში რიგთაშორისებს ბარავენ 10-15სმ. სიღრმეზე.
ზრდასრულ პლანტაციაში რეკომენდებულია 4-5 წელიწადში ერთხელ ნიადაგის მსუბუქი დამუშავება.
ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება
ლიმონის პლანტაციაში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით.
საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა ლიმონის პლანტაციაში, თითოეულ ძირზე შეტანილი იქნას მინერალური და ორგანული საკვები ელემენტები შემდეგი რაოდენობებით:
1-დან 5 წლამდე ასაკის პლანტაციაში:
- აზოტი N: 30-40 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- ფოსფორი P: 150 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- კალიუმი K: 50 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- ორგანული სასუქი: 15-25კგ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
6-დან 10 წლამდე პლანტაციაში:
- აზოტი N: 100-150 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- ფოსფორი P: 300 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- კალიუმი K: 100-120 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- ორგანული სასუქი: 30 კგ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
10 წლის და მეტი ასაკის მქონე პლანტაციაში:
- აზოტი N: 200-250 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- ფოსფორი P: 300 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- კალიუმი K: 100-120 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- ორგანული სასუქი: 30-40 კგ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით
სხვლა-ფორმირება. ლიმონის მცენარისათვის ფორმის მიცემას იწყებენ სანერგეში და განაგრძობენ პლანტაციაში დარგვის შემდეგაც 4-5 წელს. სწორად გაფორმებულ ლიმონის ხეს უნდა ჰქონდეს ნახევრადბუჩქის ფორმა, 10-12 სმ სიმაღლის შტამბით 3-4 მთავარი, თანაბრად განვითარებული სხვადასხვა მხარისაკენ მიმართული ტოტი.
ფორმის მიცემის დროს, ყურადღება უნდა მიექცეს ვარჯის თანაბრად განვითარებას. ძლიერ მოზარდი ტოტები უნდა წაიჩქმიტოს ან წაიჭრას. ლიმონი მოითხოვს ტოტების ზრდის მუდმივ რეგულირებას. ლიმონის ზრდის რეგულირება ხდება ძირითადად ყლორტების წვეროების წაჩქმეტით (პინცირებით), როცა ისინი 15-20 სმ სიგრძეს მიაღწევენ (წვეროს კვირტისა და ერთი-ორი ფოთლის მოცილების გზით). პინცირება ხდება სისტემატურად სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში 1 სექტემბრამდე, რომ შევინარჩუნოთ მესამე, უკანასკნელი ნაზარდი. ნოემბერში საჭიროა პინცირებული იქნას მხოლოდ ცალკეული ვერტიკალური ტოტები (2-3 ფოთოლ-კვირტით), რომლებიც ზრდას განაგრძობენ. გვერდითი სუსტი ტოტები ხშირად წყვეტენ ზრდას, პირველი ან მეორე ზრდის შემდეგ 20-25 სმ სიგრძეს აღწევენ. თითქმის ყველა ასეთი ტოტი შემდეგი წლის გაზაფხულიდან მსხმოიარობს. ლიმონის ხის სიმაღლე განისაზღვრება ადგილმდებარეობის მიხედვით:
ა) შედარებით თბილ მიკრონაკვეთებზე, სადაც 5 წლის ასაკის შემდეგ წყდება საფარის გამოყენება ყინვებისაგან დასაცავად, ხის სიმაღლე განსაზღვრული არ არის.
ბ) ნაკლებად თბილ ადგილებში, ასაკში შესული ხის სიმაღლე 2-2,5 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს. თუ წლების განმავლობაში ზამთარი თბილი იყო და მცენარეები დაზიანებას არ განიცდიდნენ - ლიმონის ხის სიმაღლის რეგულირება ხდებოდა ვერტიკალური ტოტების დამოკლებით.
გასხვლა არეგულირებს მეწლეულობას. როგორც წესი, უხვი მსხმოიარეობის დროს მცენარეზე ახალგაზრდა ყლორტები არ წარმოიქმნება, ან უმნიშვნელო რაოდენობით ვითარდება, რის გამოც მომდევნო წელს ვღებულობთ მცირე რაოდენობის მოსავალს და ადგილი აქვს დიდი რაოდენობის ნაზარდების წარმოქმნას, სამაგიეროდ შემდგომში უხვმსხმოიარობის საფუძველია. სწორმა გასხვლამ შესაძლოა 30–35%–ით გაზარდოს მსხმოიარობა და შეამციროს მეწლეულობა, რისთვისაც ლიმონის ხეს უნდა შეუმცირდეს გასული წლის ნაზარდების გარკვეული რაოდენობა დაბალი მოსავლიანობის წლის შემდეგ.
ლიმონის ხე უნდა გაისხლას ფრთხილად, რადგან მას გააჩნია ნაზი კანი. ტოტების მოჭრის დროს სასხლავი მაკრატელის მჭრელი ნაწილი მიმართული უნდა იყოს ხისკენ, რათა არ დაზიანდეს ტოტის ნაწილი, ტოტი უნდა მოიჭრას ტოტის ყელიდან ერთი სანტიმეტრის დაცილებით ისე, რომ არ დაზიანდეს გამსხვილებული ნაწილი ტოტის დასაწყისში. ყელს აქვს უჯრედების ვიწრო სალტე, რომელიც ააქტიურებს გამამკრივებელი ქსოვილების წარმოქმნას ნასხლავის ირგვლივ და აწარმოებს შეხორცებას. ასევე ის წარმოშობს ანტისეპტიკურ ნივთიერებას, რომელიც იცავს ჭრილობას ლპობისაგან. ასეთი წესით გასხვლის დროს მალამოს წასმა ჭრილობაზე საჭირო არ არის. როდესაც ტოტი აჭრილია ღეროსთან ზედმეტად ახლოს, ის მოიცავს მცენარის ღეროსაც და მოჭრის ადგილზე შემდგომში ჩნდება ფუღურო, ხოლო გრძლად მოჭრისას ძნელად ხდება შეხორცება, ლპება და ვრცელდება ღეროსკენ, მსხვილი ტოტების გასხვლის დროს, ჩამოტყდომების და დარჩენილი ნაწილის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ტარდება სამჯერადი ჭრა: – პირველი ჭრა – განტოტვის ადგილიდან 25–30 სმ იჭრება ტოტის ქვემოდან 1/3 – 1/2 ნაწილი;
– მეორე ჭრა – პირველი ჭრის ადგილიდან 3–4 სანტიმეტრის დაშორებით ტოტის ზემოდან მოჭრით ტოტის მოცილება;
– მესამე ჭრა – საბოლოო ჭრა, რომლითაც ტოტი მოშორდება ღეროსთან შეერთების ადგილს.
მორწყვა. ლიმონის მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ლიმონი ვერ ეგუება ტენის ნაკლებობას, მისთვის აუცილებელია რომ ნიადაგში შენარჩუნებული იქნას 60%-მდე ტენიანობა. ამიტომ აუცილებელია შეფარდებითი ტენიანობის ამაღლება, რისთვისაც ზაფხულში, ყვავილების წარმოქმნისას და ნასკვების განვითარებისას აუცილებელია და მაღალეფექტურია დაწვიმებითი, გამაგრილებელი და წვეთობრივი მორწყვა. იქ, სადაც მორწყვის გამოყენებისათვის პირობები არ არსებობს, გვალვების პერიოდში ციტრუსოვანთა ბაღებში რეკომენდირებულია ორგანული და მცენარეული მულჩის გამოყენება და ნიადაგის ფხვიერ მდგომარეობაში ყოფნა.
მოსავლის აღება-შენახვა. ლიმონის მოსავლის აღების დროს დაცული უნდა იქნას კრეფის წესები, რათა არ მოხდეს ხარისხიანი ნაყოფის დაზიანება. სარეალიზაციოდ არ უნდა მოიკრიფოს ისეთი ნაყოფი, რომელსაც გააჩნია ვიზუალური დაზიანებები. ნაყოფის ხარისხის განმსაზღვრელია სიმწიფე, შაქრიანობა, წვენის შემცველობა, სიმკრივე, ნაყოფის ზომა და მჟავიანობა. ნაყოფი მოსაკრეფად მზადაა, როცა მისი ზედაპირის 75% გაყვითლებულია. არ არის ქვასავით მაგარი, თითის დაჭერით იგრძნობა მცირე სირბილე. უნდა მოიკრიფოს მშრალი ნაყოფი, სველი ხილი ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების განვითარებას. უნდა მოიკრიფოს რაც შეიძლება ფრთხილად, არ უნდა დაუზიანდეს კანი. მკრეფავი ნაყოფის დაუზიანებლად კრეფისთვის იყენებს ხელთათმანებს. მოკრეფილი ნაყოფი ფრთხილად უნდა ჩაეწყოს ყუთში ან კალათში. ნაყოფი იკრიფება მჭრელი სეკატორით, რაც შეიძლება მოკლე ყუნწზე. ნაკვეთში, კრეფის წინ პირველ რიგში უნდა მოშორდეს დაავადებული ნაყოფები, რათა არ მოხდეს სოკოვანი დაავადებების გავრცელება. მიწაზე დავარდნილი ნაყოფი არ უნდა შეურიოთ ხეზე მოკრეფილ ნაყოფებს. დაავადებულ ნაყოფზე ხელის შეხების შემდეგ საჭიროა გამოყენებული იქნას ხელსაწმენდი. არ მოხდეს ყუთების გადავსება, რომელიც შემდგომში გამოიწვევს ნაყოფის ჭყლეტას. ყუთში ნაყოფების რიგები უნდა იყოს 3 ან 4. ინახება მხოლოდ მშრალი ნაყოფი. შენახვის ოპტიმალური ტემპერატურაა 7,2 გრადუსი. ოპტიმალური ტენიანობა 85–90%. ხშირად უნდა განიავდეს საცავი ჰაერის ნაკადით. არ უნდა მოხდეს ეთილენის დაგროვება საცავში. კარგია შენობის დეზინფექციის ჩატარება კირიანი წყლით, ხის ნაწილების გათეთრებით.
-
ვაშლი - წამლობების ზოგადი სქემა 04.05.2019 4944 ნახვა
-
აგროპედია ევროპის დღეებსა და აგრო-გამოფენაზე 15.11.2018 2361 ნახვა
-
დანდური – დახასიათება, მოვლა-მოყვანის აგროწესები 15.11.2018 7722 ნახვა