
ბოტანიკური აღწერილობა. ლენცოფა – (Hyoscyamus Nigos L.) ძაღლყურძენასებრთა ოჯახის (Solanaceae) წარმომადგენელი ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მისი 30-80 სმ სიმაღლის ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი, მოფენილია ჯირკვლოვანი ბეწვით. ფოთლები ფრთის მსგავსად ამოკვეთილნაკვთიანია. ქვედა ფოთლები ყუნწიანია და როზეტს ქმნიან, ზედა ფოთლები ღერომხვევია. გვირგვინი მღვრიე ყვითელი ფერისაა. ბადისებურად განლაგებული იისფერი ძარღვებით. იზრდება ბუჩქნარებში, ქვიან და დანაგვიანებულ ადგილებში, ბოსტნებში, ბაღებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია, განსაკუთრებით, გზის პირებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
ლენცოფა – ბიბლიური მცენარე. შიქქერონი არამეულად ნიშნავს ლენცოფას. ოქროსფერი ლენცოფა წმინდა მიწის რელიქტური მცენარეა. აქ მას ვხვდებით ყველგან დაწყებული იერუსალიმის ძველი ქალაქის კედლებიდან იორდანის, სამარიის, იუდეის უდაბნოთი და დამთავრებული მკვდარი ზღვის მიდამოებით.
„და გადიოდა საზღვარი ყეკრონის ჩრდილო მხარეს, და უხვევდა საზღვარი შიქქერონისაკენ, და გადადიოდა ბაყალას მთაზე, და აღწევდა იაბნელამდე და თავდებოდა საზღვარი ზღვასთან“. (იესუ ნავეს ძე 15,11)
გვხვდება მშრალ ადგილებში, ეზოებში, ტყის ყალთაღებში, გზების პირას, ნაგვიან ადგილებში, ასარევლიანებს საძოვრებს.
გვარის დასახელება Hyoscyamus ბერძნული სიტყვებიდან წარმოდგება (Sus - ღორი და Cyamos - პარკი). ნაყოფი პარკს წააგავს და ღორი ჭამს.
მცენარე მძაფრი არასასიამოვნო სუნით ხასიათდება. იმტვერება კელას (მსხვილი, ბუსუსებით შემოსილი ფუტკრისებრი მწერია) მიერ.
მედიცინაში ერთწლიანი მცენარის როზეტულ ფოთლებს იყენებენ, მათ ზაფხულის დასასრულსა და შემოდგომის დასაწყისში (აგვისტო - სექტემბერი) , აგრეთვე აყვავებული მცენარიდანაც აგროვებენ.
ფრიად შხამიანი მცენარეა, 1% - მდე ალკალოიდებს შეიცავს. ფოთლებში ალკალოიდების მაქსიმალური შემცველობა ფიქსირებულია ყვავილობის დასაწყისში.
გამოყენება მედიცინაში: ლენცოფას პრეპარატები მედიცინაში ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიტურ საშუალებად გამოიყენება. სხვა ალკალოიდებთან ერთად ლენცოფა ატროფინსაც შეიცავს, რომლის ორგანიზმში შეყვანითაც ხდება სანერწყვე, საჭმლის მომნელებელი და ოფლის ჯირკვლების სეკრეტორიული უნარის დაქვეითება, გულის კუნთის კუმშვის რიტმის გაუმჯობესება, ნაწლავების გლუვი და ბრონქიალური კუნთების სპაზმების მოხსნა და სხვ.
ატროპინი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, აგრეთვე ბრონქიალური ასთმის, ნაწლავებისა და ნაღველსადინარების სპასტიკური მდგომარეობის დროს გამოიყენება.
ლენცოფას ფოთლები ანტისპასტიკური მოსაწევი საშუალების ერთ - ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ბრონქიალური ასთმის დროს გამოიყენება. ლენცოფას ფოთლებისაგან დამზადებული ზეთი ქლოროფორმთან შერევით რევმატული და ნევრალგიური მტკივნეული ადგილების შესაზელად გამოიყენება.
უკრაინის ხალხურ მედიცინაში ლენცოფას და სამკურნალო სალბის ხმელი ფოთლებისაგან ამზადებენ პაპიროსს და ეწევიან ასთმის შეტევისას, ბოლის რამდენჯერმე შესუნთქვით.
კბილის ტკივილის შემთხვევაში ჩაიდანში ყრიან ნაკვერცხლებს და მათზე აყრიან ლენცოფას თესლებს. თავდახურული ჩაიდნის ტუჩი მიაქვთ მტკივნეულ კბილთან და ბოლოს მსუბუქად იწოვენ პირის ღრუში, ისე რომ არ მოხდეს მისი ჩასუნთქვა - გადაყლაპვა.
საქართველოში კარიესულ კბილში ლენცოფას დანაყილ თესლს იყრიან და ზემოდან ბამბით ფარავენ. რამდენიმე წამის განმავლობაში ტკივილი ძლიერდება, შემდგომ ჩქარა წყნარდება.
ექიმთა მეფედ წოდებული ავიცენა (1982) მიუთითებს, რომ ლენცოფა შველის წითელ ქარს, აწყნარებს ნიკრისის ქარით გამოწვეულ მწვავე ტკივილებს. ხმარობენ საცხის სახით, ანდა სვამენ 0, 6 გ თაფლით დამტკბარს. მისი წვენი და ზეთიც აწყნარებს ყურის ტკივილს, ხოლო ძმარსა და ვარდის ზეთთან ერთად კბილის ტკივილს. ასევე კარგ შედეგს იძლევა ძმარსი მოხარშული ლენცოფას თესლი და ფესვები.
წინააღმდეგჩვენება:
შხამიანია! არაა რეკომენდირებული მისი ჩაის სახით მიღება. ძლიერი შხამიანობის გამო ლენცოფას პრეპარატების გამოყენება მხოლოდ ექიმის რჩევითაა დასაშვები.
დამზადების წესი: მცენარის შხამიანობის გამო, მისი დამზადება და გამოყენება ოჯახურ პირობებში არაა მიზანშეწონილი.
გამოყენებული ლიტერატურა: აბაშიძე, მაყაშვილი, ხიდაშელი.
-
მევენახეობის მიკროზონები - ხვაჭკარა 17.01.2019 2338 ნახვა
-
სამკურნალო მცენარეები - უნაბი 25.05.2019 6184 ნახვა
-
ატმის ჯიშები - ბელი 11.01.2019 2636 ნახვა