
ბოლო რამდენიმე წელია თვალში მხვდება ფერმერების და მეფუტკრეების უკმაყოფილება და ვარაუდები პესტიციდების გამოყენების შედეგად დახოცილი ფუტკრების შესახებ.
წელს თუ არ ვცდები იყო ბრალდებები სახელმწიფოს მისამართითაც – ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულმა წამლობებმა ფუტკარი გაანადგურაო.
ამ თემაზე კომპიუტერის კლავიატურიდან დასკვნების კეთება ცხადია შეუძლებელია. თანაც მე არ ვარ უშუალოდ მეფუტკრეობის სპეციალისტი და არ შემიძლია თუნდაც ვარაუდების დონეზე დავწერო, რომ კონკრეტულ შემთხვევებში ფუტკარი პესტიციდის გამო დაიღუპა თუ არა..
სამაგიეროდ, პესტიციდების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული ინფორმაცია და წესები, რაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს როგორც მეფუტკრეებისთვის, ასევე ფერმერებისთვის.
ამ პოსტში შევეცდები მაქსიმალურად წარმოვაჩინო ეს ინფორმაცია და რეგლამენტები.
დავიწყოთ ზოგადად პესტიციდებით – როგორც იცით პესტიციდები გამოიყენება სოფლის მეურნეობაში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებების, ტკიპების, სარეველების და მღრღნელების წინააღმდეგ. პესტიციდებში შედის ფუნგიციდები, ინსექტიციდები, ჰერბიციდები, როდენტიციდები, ოვიციდები, აკარიციდები და სხვ. თითოეულ ამ ჯგუფში შემავალი პესტიციდი გამოიყენება რომელიღაც კონკრეტული მავნე ორგანიზმის წინააღმდეგ. მაგალითად, ფუნგიციდები სოკოვან-ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ, ინსექტიციდები მავნებელი მწერების წინააღმდეგ, ჰერბიციდები სარეველების წინააღმდეგ და ა.შ..
ფუტკრებთან მიმართებაში ყველაზე მეტი საფრთხის შემცველი ცხადია არის ინსექტიციდები, ანუ მწერების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ქიმიკატები. თუმცა ასევე სხვა ჯგუფის პესტიციდებსაც გააჩნიათ ფუტკრებზე მავნე ზემოქმედების უნარი. შესაბამისად, არსებობს კონკრეტული წესები და თუ პესტიციდების გამოყენებისას ეს წესები იქნა დაცული, მინიმუმამდე მცირდება პრეპარატის უარყოფითი ზეგავლენა ფუტკრებზე.
აღნიშნული წესების გასაცნობად და პრაქტიკაში მათი გამოყენებისათვის დაგვჭირდება 2010 წლის პესტიციდების სახელმწიფო კატალოგი. ამ კატალოგის მომდევნო გამოცემები უკვე აღარ შეიცავს ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას და ამიტომ, ზუსტად ეს კატალოგია საჭირო.
2010 წლის კატალოგი მე მაქვს და როდესაც/თუ ეს ბლოგი დღის სინათლეს იხილავს, შეგიძლიათ მოითხოვოთ და მოგაწვდით.
კატალოგის ეს ვერსია შეიცავს 2010 წლის მდგომარეობით დასაქართველოში დარეგისტრირებული პესტიციდების ჩამონათვალს.
ქვემოთ წარმოდგენილი მაქვს კატალოგის სქრინი, სადაც წერია რაღაცა ინსექტიციდის სავაჭრო დასახელება, მოქმედი ნივთიერება, გამოყენების დოზა, ჯერადობა, ლოდინის პერიოდი და ა.შ.
ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ მარცხნიდან პირველ გრაფაში მოქმედი ნივთიერების ქვეშ არსებულ, წითლად შემოხაზულ ციფრს, (3)-ს.
(წითლად მე შემოვხაზე, კატალოგში არაა შემოხაზული, ცხადია). ეს ციფრი გამოხატავს პრეპარატის ფუტკრებისადმი საშიშროების კლასს. ანუ ეს კონკრეტული პრეპარატი (ადმირალი 10 ეკ) და მისი მოქმედი ნივთიერება მიეკუთვნება ფუტკრების მიმართ საშიშროების მესამე კლასს. კატალოგში მოცემულ ყველა პრაპარატს ამ ფორმით უწერია ფუტკრებისადმი საშიშროების კლასები. სულ, ფუტკრებისადმი საშიშროების ოთხი კლასი არსებობს. აქედან პირველი კლასი ყველაზე საშიშია, მეორე კლასი შედარებით ნაკლები საფრთხის შემცველია, მესამე – უფრო ნაკლებ საშიში და ა.შ.
აღნიშნული საშიშროების კლასების მიხედვით განსაზღვრულია თითოეული პესტიციდის ფუტკრებისადმი უსაფრთხოდ გამოყენების წესები.
ანუ:
საშიშროების პირველი კლასი. ეს ყველაზე მაღალტოქსიკურია ფუტკრების მიმართ. პირველი კლასის მქონე პესტიციდების გამოყენებისას საჭიროა დაცული იქნას შემდეგი სახის რეგლამენტები:
- შესხურება უნდა ჩატარდეს გვიან საღამოს მზის ჩასვლის შემდეგ;
- ქარის სიჩქარე უნდა იყოს არაუმეტეს 1-2 მ/წამში;
- დამცავი ზონა საფუტკრედან: არანაკლებ 4-5 კმ;
- შესხურების შემდგომ უნდა მოხდეს ფუტკრების ფრენის შეზღუდვა 4-6 დღე-ღამის განმავლობაში.
საშიშროების მეორე კლასი. ფუტკრების მიმართ საშუალოდ ტოქსიკურია. კლასის მქონე პესტიციდების გამოყენებისას საჭიროა დაცული იქნას შემდეგი სახის რეგლამენტები:
- შესხურება უნდა ჩატარდეს საღამოს საათებში მზის ჩასვლის შემდეგ;
- ქარის სიჩქარე უნდა იყოს არაუმეტეს 2-3 მ/წამში;
- დამცავი ზონა საფუტკრედან: არანაკლებ 3-4 კმ;
- შესხურების შემდგომ უნდა მოხდეს ფუტკრების ფრენის შეზღუდვა 2-3 დღე-ღამის განმავლობაში.
საშიშროების მესამე კლასი. ამ კლასში ერთიანდება ფუტკრების მიმართ ნაკლებ ტოქსიკური პესტიციდები.
საშიშროების მესამე კლასის მქონე პესტიციდების გამოყენებისას საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:
- შესხურება უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში მზის ჩასვლის შემდეგ;
- ქარის სიჩქარე უნდა იყოს არაუმეტეს 4-5 მ/წამში;
- დამცავი ზონა საფუტკრედან: არანაკლებ 2-3 კმ;
- შესხურების შემდგომ უნდა მოხდეს ფუტკრების ფრენის შეზღუდვა 3-24 საათით.
საშიშროების მეოთხე კლასი. პესტიციდები რომლებიც ამ კლასს მიეკუთვნებიან, ფუტკრების მიმართ პრაქტიკულად არატოქსიკური არიან, ასეთი პრეპარატების გამოყენებისას დაცული უნდა იქნას შემდეგი რეგლამენტები:
- მცენარეების დამუშავება ჩატარდეს, როდესაც ქარის სიჩქარე არ აღემატება 4-5 მ/წმ-ს;
- დამცავი ზონა საფუტკრედან უნდა იყოს არანაკლებ 1-2 კმ;
- ფუტკრების ფრენის შეზღუდვა უნდა მოხდეს 6-12 საათით.
როგორც ხედავთ, ტოქსიკურობის კლების პარალელურად ხდება დამცავი წესების ცვლილება-შერბილება. მაგრამ მიუხედავად ამისა, გასაგებია რომ პრაქტიკაში საკმაოდ რთულია თუნდაც ყველაზე შერბილებული წესების გამოყენება. თუმცა ჩემი აზრით, სწორი ორგანიზების პირობებში შეიძლება ამ წესების დაცვა.,
ყოველ შემთხვევაში ჩემზე არ გაბრაზდეთ ახლა, ჩემი ბრალი არაა, მე არ მომიგონია ეს წესები :))
P.S. თუ ძველი კატალოგი არ გაქვთ, წესით პესტიციდების ეტიკეტზე უნდა ეწეროს ფუტკრებისადმი საშიშროების კლასი და მისი მიხედვით შესაძლებელია ხელმძღვანელობა.
ავტორი: ანდრო ხეთერელი
-
ღორის თურქული - სიმპტომები, მკურნალობა, პროფილაქტიკა 15.01.2019 3031 ნახვა
-
ჟოლოს წამლობების ტაბულა 18.09.2019 3059 ნახვა
-
მევენახეობის მიკროზონები - მანავი 15.01.2019 3137 ნახვა