პროექტი აგროპედია: დაბადება, მიზნები და შედეგები - ბლოგი
15 / 05 / 2020

ეს ასე ვთქვათ, სერიოზული პოსტია, რომელიც წარმოაჩენს აგრარიკოსების მიერ შექმნილ მექანიზმს – აგროპედიას და მის დანიშნულებას.

ყველაფერი დაიწყო ასე: მეგობრისთვის „ფეიბოქსიდან“ უნდა ჩამერიცხა თანხა. ჩემს წინ იდგა ვიღაცა ბაბუ ფეიბოქსთან და რაღაცას ჩალიჩობდა. აღარ დაამთავრა, დამაწყვიტა ნერვები. მერე სათვალე გაიკეთა და ეკრანს აკვირდებოდა. ამასობაში ერთი შუახნის ქალბატონიც შემოგვიერთდა, რომელსაც როგორც მივხვდი, ასევე ფეიბოქსთან ჰქონდა საქმე და თან ეჩქარებოდა.

რამდენიმე წუთი კიდევ ველოდეთ ბაბუს მე და ის ქალბატონი და ამ დროს, რაღაც მომენტში ამ ქალმა ჩაილაპარაკა – ენციკლოპედია ხომ არ დევს ამ აპარატში, რას კითხულობს ამდენ ხანსო..

ენციკლოპედიაო და მორჩა.. ეგ იყო – გაჩნდა იდეაც და სახელიც: აგროპედია.

უმადური არ ვარ – ბაბუ რომ წავიდა, ქალბატონს რიგი დავუთმე ფეიბოქსთან.

დავუბრუნდეთ იდეას – რატომაც არა, საქართველოში 3600-ზე მეტი სოფელია, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. ყველას სჭირდება ინფორმაცია და კონსულტაციები.

რატომ არ შეიძლება შეიქმნას “ფეიბოქსის” მსგავსი მოწყობილობა, სადაც ჩაიტვირთება ფერმერისათვის საჭირო აგრო-ბიბლიოთეკა?

ამ ფორმით პირდაპირ სოფლებში ჩავა საჭირო ცოდნა და ინფორმაცია, რომელიც წიგნების სახით არსებობს საქართველოს რამდენიმე სასწავლებელში და ხელმიუწვდომელია ფერმერთა დიდი უმრავლესობისათვის.

ანუ საქართველოში დგას ასეთი რეალობა – ფერმერს არ შეუძლია მივიდეს ინფორმაციასთან. ამიტომ საჭიროა ისეთი მექანიზმი, რომელიც ინფორმაციას მიიყვანს ფერმერთან.

მეორე დღეს აგრარულში დაველაპარაკე პროგრამისტებს და მითხრეს რომ ასეთი მოწყობილობის შექმნა შესაძლებელია, მთავარია არსებობდეს საჭირო შიგთავსი. ამ შემთხვევაში შიგთავსთან, ანუ პროფესიულ მასალასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნალოვანი სპეციფიკა – მასალა უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე, რადგან არავინ არ ჩამოდგება აგროპედიას კიოსკთან და არ დაიწყებს ხუთასგვერდიანი წიგნის კითხვას, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც კონკრეტული ინფორმაცია სჭირდება. მეორეს მხრივ, მასალამ შემოკლების შედეგად ღირებულება არ უნდა დაკარგოს და არ უნდა იქცეს რაღაცა გამოუსადეგარ სადღეგრძელოდ.

მოკლედ, მასალის შექმნა-დახარისხება-ფორმატირება აგრარიკოსების თავსატეხი თემა იყო და ამას როგორღაც მოვაგვარებდით ფინანსური დანახარჯების გარეშე, მაგრამ კიოსკების მართვის პროგრამა და თავად კიოსკი უნდა გვეყიდა. ფასები დავითვალეთ და დადგა თანხის მოძიების საკითხი.

არასამთავრობო ორგანიზაციისთვის თანხის მობილიზების მთავარი საშუალება არის დონორთან მისვლა და თხოვნა.

მაგრამ დონორის ადგილას წარმოვიდგინე თავი: მოვიდა ადამიანი და მეუბნება – მომეცით ფული იმისათვის, რომ შევქმნა ასეთი რაღაცა ფეიბოქსის მსგავსი, სადაც ბიბლიოთეკას ჩავდებ, მერე ამ კიოსკს ხალხმრავალ ადგილზე დავამონტაჟებთ, მივლენ ფერმერები და წაიკითხავენ მათთვის საჭირო ინფორმაციას.

ამ ყველაფერს მიხსნის ხელებით და ხელებით და ფურცელზე ხატავს აგროპედიას..

ასეთ სიტუაციაში პირველი, რასაც ვკითხავ ამ ადამიანს, იქნება ის, რომ სადმე თუ არსებობს მსგავსი მოწყობილობა და ფერმერებში გავრცელების მექანიზმი ინფორმაციის ამ ფორმით?
თუ მიპასუხებს არაო, გააჩნია რა ხასიათზე ვიქნები, თუ მეტ-ნაკლებად კეთილგანწყობილი ვარ მის მიმართ, კიდევ ერთ შანსს მივცემ და ვკითხავ – ახლა რაც ამიხსენი, იმ მოწყობილობის მოდელი ხომ არ გაქვთ შექმნილითქო – ამ კითხვაზეც რომ პასუხად არას მივიღებ, მერე უკვე როგორც ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში, გავუღიმებ, ვეტყვი რომ კარგი იდეაა, ვიფიქრებთ მის დაფინანსებაზე და თუ რამეა შევეხმიანები – ამას ვუპასუხებ და საერთოდ დასრულდება ჩემს თვალში ის იდეა.

დონორთან ასეთი fail-ის (წარუმატებლობის) შემდეგ, მართლაც რომ შექმნა მოდელი და კარებთან დაუდო, უკვე ნეგატიური წარმოდგენა აქვს და დიდი შანსია რომ ამ შემთხვევაშიც თავაზიანად გაგიღიმოს და დაგემშვიდობოს. ეს იმდენად რეალისტური რისკია, რომ დონორების თემა დავივიწყეთ. მე მქონდა რაღაცა ტრენინგებში აღებული ფული, ორგანიზაციაშიც არსებობდა რეზერვი და იმ ფულით შევქმენით პირველი აგროპედია. უკვე შექმნილი პროდუქტი როდესაც ვაჩვენეთ, პირველივე დონორმა დააფინანსა. შემდეგ სხვა დონორებიც გამოჩნდნენ და ამ ეტაპზე აგროპედიას კიოსკები კიდევ უფრო მეტი რაოდენობით მარტო იმიტომ არ არის გავრცელებული, რომ ჩვენ არ ვჩქარობთ. დიდად არც ვაპიარებთ ჯერჯერობით რადგან ძირითადად კონცენტრირებული ვართ მისი შიგთავსის გაძლიერებაზე, პროგრამის უფრო მეტად ადაპტირებაზე და უკვე არსებული აგროპედიას კიოსკების მართვაზე. ეს ეტაპი საჭიროა იმისათვის, რომ კიოსკების რაოდენობის გაზრდის პარალელურად არ მოხდეს ინფორმაციული ან ტექნიკური სახის ჩავარდნა. მოკლედ ვნახოთ, საკმაოდ საინტერესო და საჭირო პროექტი გამოვიდა და სამომავლოდ უფრო განვითარდება, დარწმუნებული ვარ.

დამატებითი ინფორმაცია აგროპედიას შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ

მსგავსი სიახლეები