
ვრცელი ბლოგის დაწერას ვაპირებდი, სადაც გავაერთიანებდი ამ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ თემას, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან არ მგონია რომ საინტერესო იყოს პესტიციდების კლასიფიკაცია-მოქმედების სპექტრების შესახებ დაწერილი კილომეტრიანი სტატია.
ეს სტატიაც კილომეტრიანია, მაგრამ მას ზრდის მხოლოდ სიები.
ვისაც პროფესიული საჭიროებებიდან გამომდინარე აინტერესებს, არ გაუჭირდება შესაბამისი დეტალური ინფორმაციების მოძიება.
ამ ბლოგში ვეცდები ძალიან ძირითადი და მეტ-ნაკლებად ყველასთვის საინტერესო ინფორმაცია და მონაცემები ჩავდო პესტიციდების შესახებ.
ასეთი სტატია კი ალბათ საჭიროა, რადგან თუ დავგუგლავთ სიტყვა „პესტიციდს“ და ჩავუჯდებით გუგლის მიერ შემოთავაზებულ ქართულენოვან წყაროებს, აღმოვჩნდებით მითების და ლეგენდების ზღაპრულ სამყაროში, რომელიც ან არ დაგვაინტერესებს, ან გაგვამხიარულებს, ან შეგვაშინებს. წინასწარ რთულია თქმა – როგორც იტყვიან, ორგანიზმზეა დამოკიდებული, გააჩნია ვინ როგორ იტანს.
სანამ უშუალოდ მშრალი მონაცემების წერაზე გადავალ, მინდა ვთქვა, რომ ამ ბლოგის ფარგლებში არ ვაპირებ პესტიციდების ავ-კარგიანობასა და მათ საჭიროებებზე ჩემი პირადი მოსაზრებების დაფიქსირებას. ამასთან დაკავშირებით შემდეგ შეიძლება სხვა ვრცელი ბლოგი დავწერო.
ახლა კი გადავიდეთ მთავარზე. სულ ოთხ ძირითად საკითხზე შევეცდები დავწერო:
- როგორ შემოდის ქვეყანაში პესტიციდები;
- საიდან ხდება შემოტანა;
- შემოტანილი პესტიციდების სახეობების რაოდენობრივი გადანაწილება;
- შემოსული პროდუქტების ხარისხი;
- უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.
შემოტანის წესი. პესტიციდების შემოტანა ქვეყანაში ხდება ლეგალურად. არ შემოდის არალეგალურად, რადგან ამის საჭიროება არ დგას. რაც შეეხება შემოტანის პროცედურას: პესტიციდის შემოტანამდე საჭიროა მისი დარეგისტრირება შესაბამის ორგანოში (სურსათის ეროვნულ სააგენტოში).
რეგისტრაციის პროცესის ხანგრძლივობა და ფასი დამოკიდებულია პესტიციდის წარმოების ადგილზე, მისი მოქმედი ნივთიერების სახეობაზე, იმ ქვეყნების ჩამონათვალზე, სადაც უკვე დარეგისტრირებულია შემოსატანი პესტიციდი და მოსაკრებლის თანხის რაოდენობაზე. ამ ფაქტორების მიხედვით პესტიციდის რეგისტრაციის პერიოდი შესაძლოა გაგრძელდეს ერთი კვირიდან – 2 წლამდე. უფრო დეტალურად წერა მგონი არაა საჭირო, ეს პროცედურები სრულად არის წარმოდგენილი უვნებლობის სააგენტოს ვებ-გვერდზე. რეგისტრაციის მთავარი პრინციპი არის ის, რომ რაც უფრო ბანძია პესტიციდი, მით უფრო მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება მის შემოტანას ქვეყანაში. თუმცა საბოლოოდ, როგორც ბანძი, ასევე კარგი ხარისხის პესტიციდი შესაძლებელია დარეგისტრირდეს, თუ მისი მოქმედი ნივთიერების შემოტანა აკრძალული არ არის. თავის მხრივ, ცხადია არავის მოუვა აზრად აკრძალული პესტიციდის შემოტანაზე განაცხადის გაკეთება.
გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სამეცნიერო ცდების თუ პროექტების საჭიროებისათვის მცირე პესტიციდების შემოტანა, რაც შესაძლებელია რეგისტრაციის პროცედურების გარეშე.
საიდან ხდება შემოტანა. გავაკეთე იმ ქვეყნების სია, საიდანაც შემოდის და ასევე თითოეულ ქვეყანას მივუწერე პესტიციდების სახეობების რაოდენობები. ანუ გასაგები რომ იყოს თითოეულ ქვეყნიდან რამდენი დასახელების პესტიციდის შემოტანა არის შესაძლებელი საქართველოში 2019 წლის მდგომარეობით.
სია გამოიყურება ასე:
გერმანია – 95 დასახელების პესტიციდი
თურქეთი – 253
ავსტრია – 26
ჩინეთი – 56
ინდოეთი – 58
აშშ – 9
საქართველო 38 (ანუ ქართული კომპანიები ადგილზე აწარმოებენ)
ნიდერლანდები – 32
ესპანეთი – 25
დიდი ბრიტანეთი – 4
ბელგია – 20 დასახელების
შვეიცარია – 58
პუერტო-რიკო – 2
იაპონია – 8
უნგრეთი – 3
ავსტრალია – 4
საფრანგეთი – 3
რუსეთი – 12
მექსიკა – 22
კანადა – 8
სლოვენია – 2
შემოტანილი პესტიციდების სახეობების რაოდენობრივი გადანაწილება. პესტიციდები დანიშნულების მიხედვით იყოფა სხვადასხვა ტიპებად.
პესტიციდებში შედის:
- ფუნგიციდები – გამოიყენება სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ;
- ინსექტიციდები – გამოიყენება მავნებელი მწერების წინააღმდეგ;
- ჰერბიციდები – გამოიყენება სარეველების წინააღმდეგ;
- აკარიციდები – გამოიყენება ტკიპების წინააღმდეგ;
- ინსექტოაკარიციდები – გამოიყენება მავნებელი მწერების და ტკიპების წინააღმდეგ;
- როდენტიციდები – გამოიყენება მღრღნელების წინააღმდეგ;
- ბიოპრეპარატები – გამოიყენება ბიომეურნეობებში;
- თესლის შესაწამლი პრეპარატები – როგორც სიტყვა გვეუბნება, გამოიყენება თესლის შესაწამლად და შესაძლებელია შეიცავდეს როგორც ინსექტიციდური ასევე ფუნგიციდური მოქმედების სპექტრის მქონე მოქმედ ნივთიერებას.
არსებობს კიდევ სხვა ტიპის პესტიციდებიც (ოვიციდები, ალჰიციდები და ა.შ) მაგრამ ძირითადად ჩამოთვლილი პესტიციდების ტიპების შემოტანა ხდება და ამიტომ აღარ გადავტვირთავ ჩამონათვალს.
ჩამოთვლილი პესტიციდებიდან საქართველოში დარეგისტრირებულია შემდეგი რაოდენობები:
ფუნგიციდი – 350
ინსექტიციდი – 218
ჰერბიციდი – 197
აკარიციდი და ინსექტოაკარიციდი – 30
როდენტიციდი – 5
ბიოპრეპარატი – 20
თესლის შესაწამლი პრეპარატები – 22
შემოსული პროდუქტების ხარისხი. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ძალიან ზოგადი შეფასება გაკეთდეს: რაც უფრო განვითარებულ ქვეყანაში იწარმოება, მით უფრო მეტია შანსი, რომ პესტიციდი კარგი ხარისხის იყოს. ქვეყნების ჩამონათვალი კი მოცემული მაქვს ბლოგში.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. აქ არ ვეხები პესტიციდების უსაფრთხო გამოყენების წესებს, ეს ცალკე ბლოგის თემაა და გარდა ამისა, უსაფრთხო გამოყენების წესებთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი ქართულენოვან ინტერნეტ-სივრცეში. ამ შემთხვევაში ზოგად კონცეფციაზე – უსაფრთხოების/საფრთხის შემცველობის თვალსაზრისით პესტიციდების კლასიფიკაციაზე მინდა დავწერო.
ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველობის თვალსაზრისით პესტიციდების ყველაზე ავტორიტეტული კლასიფიკატორი ინსტიტუცია არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (HWO). ამ ორგანიზაციას მოცემულ ეტაპზე პესტიციდები ადამიანისათვის საშიშროების მიხედვით დაყოფილი აქვს შემდეგ ძირითად კლასებად:
U – არ იწვევს მწვავე მოწამვლის საშიშროებას ნორმალური ხმარებისას;
III კლასი -ნაკლებად საშიში;
II კლასი – ზომიერად საშიში;
IB კლასი – ძლიერ საშიში;
IA კლასი – განსაკუთრებულად საშიში;
ჩვენთან არსებული პესტიციდებიდან თითოეული რომელ კლასს მიეკუთვნება – ეს საინტერესო თემაა მაგრამ როგორც ნახეთ, 700-ზე მეტი პესტიციდია დარეგისტრირებული (პლიუს ზრდის რეგულატორები) და არანორმალურად დიდი სტატია გამომივიდოდა. ამიტომ მოკლედ დავწერ, რომ საქართველოში დარეგისტრირებული პესტიციდების დიდი უმრავლესობა მინიმუმ 80% მიეკუთვნება U კლასს, ხოლო დარჩენილი 20%-დან უმრავლესობა მიეკუთვნება III კლასს. ძალიან იშვიათია IB და IA კლასის პესტიციდები საქართველოში.
სულ ეს არის რაც ამჯერად მინდოდა დამეწერა პესტიციდებთან დაკავშირებით.
შეკვეთილი სტატია არ არის, თუმცა თუ ვინმე ფულს გადამიხდის, მე წინააღმდეგი არ ვარ – კარგ საქმეში დავხარჯავ.
ავტორი: ანდრო ხეთერელი
-
ბოლოკი – სასარგებლო თვისებები და რეცეპტები 18.01.2019 6844 ნახვა
-
ვაზის სასუქებით კვების სქემა 04.05.2019 10314 ნახვა
-
ლურჯი მოცვის წარმოების აგრო-ტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 2337 ნახვა