ხახვნაირები – აგრობიოლოგიური დახასიათება
15 / 01 / 2019

მცენარეთა ეს ჯგუფი აერთიანებს ხახვნაირთა ოჯახის (Alliaceae) 400-მდე წარმომადგენელს. საწარმოო მასშტაბებით ძირითადად ხდება თავიანი ხახვის, ხახვი-შალოტის, ნიორის, პრასის და ჭლაკვის წარმოება.
თავიანი ხახვი ორწლიანი მცენარეა. თესლით თესვისას პირველ წელს ივითარებს თავს (ბოლქვს), ხოლო მეორე წელს საყვავილე ღეროებს, ყვავილსა და თესლს.

ხახვი შალოტი ჩვეულებრივი ხახვისგან ძლიერი დატოტვით გამოირჩევა, იგი ორწლიანი მცენარეა, პირველ წელს თესლისგან მიიღება წვრილი ბოლქვები, მათი დარგვის შედეგად კი ფორმირდება შედარებით მსხვილი ბოლქვები, რომელთაგან ნაწილი იმავე წელს იძლევა თესლს.

ნიორი ერთწლიანი, ბოსტნეული მცენარეა. იგი ძირითადად მრავლდება ძირხვენის კბილების საშუალებით, იშვიათად საჰაერო ბოლქვუნებით, რომელსაც ინვითარებს მოყვავილე ფორმები საყვავილე ისრებზე.
ნიორის ღეროს გამსხვილებული ნაწილი გვაძლევს ნიორის ბოლქვს, რომელიც შედგება რამოდენიმე ცალ კბილებისაგან, ხოლო მიწისზედა ნაწილზე ვითარდება წვნიანი ფოთლები.
პრასი ორწლიანი მცენარეა, პირველ წელს ის ინვითარებს ფოთლებს და ცრუ ღეროს, მეორე წელს მოყვავილე ისარს, ის ძირითადში მრავლდება თესლით, ჩითილის მეთოდით.

საკვებად გამოიყენება ნიადაგში გამსხვილებული თეთრი სახეცვლილი ფოთლის გამსხვილებული მასა და მიწისზედა ორგანოები – მწვანე, ბრტყელი ფოთლები.

ჭლაკვი ივითარებს ცილინდრული ფორმის არა დიდ ბოლქვს, რომელიც ცრუ ღეროში გადადის მილაკისებური გლუვი ფოთლებით. თავდაპირველად საჭმელად იყენებენ ფოთლებს – საყვავილე ყლორტების (ისრებiს) ფორმირებამდე. ფოთლები მდიდარია C ვიტამინით.

ჭლაკვის ერთწლიანი კულტურისას მას იღებენ მეორე წელს ზაფხულში დათესვის შემდეგ. ჭლაკვი მრავლდება თესლებით.

ხახვის სახეობები სიცივის ამტანი კულტურებია. მათი თესლი აღმოცენებას იწყებს 2-3ºC -ზე, გაღივების ოპტიმალური ტემპერატურა არის18-20ºC, ასეთ პირობებში აღმონაცენი მიიღება 10-20 დღის შემდეგ. ხახვისაღმონაცენი კარგად უძლებს გაზაფხულის სიცივეს -1 დან -3ºC-მდე. ამავედროს უნდა აღინიშნოს რომ ნაკლებად იტანს -3 – დან -5 ºC-მდე წაყინვებს.მრავალწლიანი ზრდასრული ხახვი იტანს -7ºC-მდე ყინვას. თავიანი ხახვი უძლებს -1, -3ºC -მდე ტემპერატურის დაცემას. ხახვის საყვავილე ღეროების ფორმირებისასდა ბუტონიზაციის პერიოდში განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 15-18ºC.ყვავილების და თესლის ჩამოყალიბების და მომწიფებისათვის კი ოპტიმალური ტემპერატურაა 20-25ºC.
ნიორი სიცივის ამტანი მცენარეა, განსაკუთრებით კარგად უძლებს სიცივეს მისი საშემოდგომო ჯიშები. ნიორის კბილები და ბოლქვები ფესვთა ფორმირებას იწყებენ 0ºC-ის დროს, 3-5ºC-ზე ფესვები კარგად იზრდება, აღმოცენება კი 6-8ºC -ზე იწყება. კბილების ფორმირებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 20-25ºC.
ხახვნაირი მცენარეები მოთხოვნას აყენებენ ტენიანობის მიმართ, განსაკუთრებით ვეგეტაციის პირველ პერიოდში. ტენის უკმარისობის დროს ჩერდება ფოთლების ჩაწოლა და ბოლქვის მომწიფება, ამ პირობებში მიღებული ხახვი და ნიორი გამოირჩევა ნაკლები შენახვისუნარიანობით.
ხახვნაირ მცენარეთა უმეტესობა გრძელი დღის მომთხოვნია. ისინი კარგად იზრდებიან 15-18 საათიანი დღის პირობებში. მოკლე დღის შემთხვევაში ძლიერდება ხახვის ვეგეტატიური ორგანოების განვითარება, სამაგიეროდ სუსტდება მცენარის საერთო განვითარების პროცესი.

კულტურათა მონაცვლეობისას სხვადასხვა სახეობის ხახვის საუკეთესო წინამორბედებად ითვლება კიტრი, საადრეო პომიდორი, კომბოსტო და კარტოფილი. მინდორზე, სადაც მოხდა ხახვის წარმოება, არ შეიძლება მისი ხელმეორე წარმოება განხორციელდეს 4-5 წელზე ადრე.

ხახვის წარმოებისათვის საუკეთესოა საშუალო მსუბუქი, ნეშომპალით მდიდარი და ტენიანი ნიადაგები. ნიადაგის არის რეაქცია (pH) ხახვის წარმოებისათვის განკუთვნილ ნიადაგზე უნდა იყოს 6,2 – დან 6,8-მდე.
ნიორის წარმოება ხელსაყრელია იმ კულტურების შემდეგ, რომელთა აღებაც ხდება ადრე დაშესაბამისად ადრევე თავისუფლდება ფართობი. კულტურათა ბრუნვაში ნიორის საუკეთესო წინამორბედებია პარკოსნები, საადრეო და ყვავილოვანი კომბოსტო, კიტრი, ყაბაყი და საშემოდგომო ხორბალი. წარმოებულ ფართობზე ნიორის დაბრუნება რეკომენდებული არ არის3-4 წელზე ადრე.

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ნიორის ფესვთა სისტემა განლაგებულია ნიადაგის ზედა ფენებში, ამიტომ ნიორის წარმოებისათვის ოპტიმალურია ჰუმუსის დიდი რაოდენობით შემცველი ქვიშნარი და მცირედ თიხნარი ნიადაგები. მძიმე თიხნარ ნიადაგებში ნიორი ცუდად ვითარდება.

მსგავსი სიახლეები