მრპ-ის ჰიპოდერმატოზი, კანის ბორა - აღწერილობა, სიმპტომები და მკურნალობა
15 / 01 / 2019

კანის ბორა (ლათ. Hypodermatosis) ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ზურგის არეშე ამორბურცული პარკების წარმოქმნით. დაავადება დიდ ეკონომიკურ ზარალთანაა დაკავშირებული (მონაწველის შემცირება, წონამატისა და ხორცის ხარისხის დაქვეითება და ტყავის გაფუჭება).

გავრცელებულია მსხვილფეხა პირუტყვში, თუმცა შესაძლებელია ცხენის, ცხვრის, თხის და სხვა ცხოველების, ასევე, ადამიანის დაინვაზირება.

ეტიოლოგია. დაავადების აღმძვრელია კანის ბორას ჩანასახოვანი სტადია - Hipoderma bovis  და hipoderma lineatum.ორივე სახის ბუზი საქონელთან კვერცხის დასადებად მიფრინდება და ბალანზე 800-მდე კვერცხს დებს. 3-5 დღეში კვერცხებიდან იჩეკებიან ჩანასახები, ისინი შეაღწევენ კანქვეშ და იწყებენ მოძრაობას, ხვდებიან ზურგის ტვინის არხში. შემდეგ აგრძელებენ გადაადგილებას და ხვდებიან კანქვეშ ზურგისა და წელის არეშე (ბუდობის ბოლო ადგილი), სადაც ამთავრებენ ჩანასახობრივ სტადიას. პარაზიტის დამაგრების ადგილზე ვითარდება ანთებითი პროცესი, წარმოიქმნება ამორბუცული პარკი შუაში ხვრელით, საიდანაც ჩანასახი სუნთქავს; თვენახევარი- ორი თვის შემდეგ ისინი ტოვებენ მასპინძლის ორგანიზმს. გარემოში  ერთ-ორ თვეში მათგან განვითარდება ზრდასრული მწერი.

დაავადების სიმპტომები. ინვაზირებული საქონლის ზურგის არეში პოულობენ ჩანასახებს (მარტი, აპრილი). მათი დამაგრების ადგილზე ვითარდება ანთება, კანქვეშა ქსოვილის შეშუპება. შესიებები - მტკივნეულია, ხელის შეხებით ადვილად შეიგრძნობა.

დიაგნოზი. დაავადების გამოცნობა ადვილია პალპაციით (ხელით გასინჯვით), შესიების აღმოჩენით ზურგის არეში.

დაავადების მკურნალობა. რენელონი/კლოზანტელი - 1 მლ ხსნარი 10 კგ ც.წ-ზე; პრომექტინი, ბიომექტინი, ვილმექტინი, პროლენოლი და სხვა - კანქვეშ, ამობურცულ პარკში, სასუნთქი ხვრელის გაჩენამდე. კანზე დაშხურებით: ნეგუვონი - 24 მლ ერთ სულზე; ქლოროფოსი და სხვა.

დაავადების პროფილაქტიკა. შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბრის თვეში ინექციებისთვის იყენებენ იმავე საშუალებებს, რასაც მკურნალობის დროს.

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მსგავსი სიახლეები